ქართული ქსოვილი — პროექტის ისტორია, რომელიც მეამასთან თანამშრომლობით გრძელდება
ქართული ისტორიული დოკუმენტები, ფრესკები, დღემდე მოღწეული ხელოვნების ნიმუშები ქვეყნის წარსულის გასაღებია. დღემდე მოღწეული ძეგლები აზიურ და ევროპულ გავლენებს, წარსულის გამოწვევებს და თვითმყოფად ქართულ კულტურას აცოცხლებენ.
განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ქსოვილის მრავალსაუკუნოვანი გზა, რადგან ის საქართველოს ისტორიის ყველა ნაწილს აერთიანებს და წარმოდგენას საუკეთესოდ გვიქმნის სიძნელეებითა თუ თავგადასავლებით სავსე დროის შესახებ.
ქართული ქსოვილი — მოგზაურობა ისტორიაში
ქართულ ქსოვილზე დატანებული უნიკალური ორნამენტების აღმოჩენისა და შემონახვის მიზნით საქართველოს ხელოვნების სასახლე — კულტურის ისტორიის მუზეუმი და თიბისი გაერთიანდნენ. მათ 2016 წელს მკვლევრებისა და მხატვრების ჯგუფი ქართულ ეკლესია-მონასტრებში გაგზავნეს. დაიწყო ფრესკებზე შემონახული ქსოვილის დღევანდელობაში გაცოცხლების და გაციფრულების პროცესი. მან სტარტაპები და დიდი კომპანიები ერთი მიზნით გააერთიანა — გახდეს ქართული ტრადიციული ქსოვილი და ორნამენტები საყოველთაო.
პროექტს ახლახან მეამაც შეუერთდა — თუ როგორ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგითხრობთ, მანამდე კი ქართული ქსოვილის ხელახალი აღმოჩენის გზაზე გიამბობთ.
წიგნი — ქსოვილები საქართველოდან
2018 წელს გამოიცა წიგნი — "ქსოვილები საქართველოდან", სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა საშუალებას გვაძლევს თვალი გადავავლოთ მრავალფეროვან, ფერად, ქართული ხიბლით გაერთიანებულ კულტურულ ნიშნებს და უკეთ გავიგოთ, როგორ იცვალა ჩვენი ქვეყნის საერო, სასულიერო თუ სადღესასწაულო სამოსმა, ორნამენტებმა და ქსოვილმა სახე.
ქართული ქსოვილების ორტომეულმა 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო — ევროპა ნოსტრა მიიღო.
თუმცა, ტრადიციული ქართული ქსოვილის წიგნად შემონახვის ფასდაუდებელ საქმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი იმგვარად გარდაქმნაა, რომ იგი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს — ამიტომაც პროექტმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მიიღო და ქართულ ქსოვილს ახალი სიცოცხლე შთაებერა.
ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე
საქართველოს ხელოვნების სასახლე — კულტურის ისტორიის მუზეუმმა და თიბისიმ, ქართული ტრადიციული ქსოვილის ჩვენს ყოველდღიურობაში დაბრუნების მიზნით, ქართველ დიზაინერებთან და სტარტაპერებთან ერთად აღმოჩენილი ორნამენტების თანამედროვე სამოსზე, აქსესუარებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე დატანება დაიწყეს. ეს პროცესი ქსოვილის ტრადიციული ტექნიკით დამუშავებასაც მოიცავდა.
დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery და სხვა ბრენდები პროექტში ჩაერთნენ და შექმნეს უნიკალური ქართული ქსოვილით შთაგონებული თანამედროვე სამოსი და აქსესუარები, რომელთა შეძენაც საიტზე — Qsovili.ge — შეგიძლიათ. თამარ მეფის მოსასხამზე, დავით აღმაშენებლის კვართზე თუ დადიანების სამოსზე დატანებული ორნამენტები და ქსოვილები მხოლოდ ისტორიული ძეგლი კი აღარ არის, ჩვენს ყოველდღიურობაში გაცოცხლებული ისტორიაა, რითაც წარსული და აწმყო ერთიანდება.
ქართული რთველისა და ქსოვილის გაერთიანება
როგორც უკვე ვახსენეთ, პროექტს კაფსულის ყავის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი, მეამა შეუერთდა და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, მეამა ქოლექთისთვის ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული, ყავისა და ჩაის ორი კოქტეილის წამყვანი ინგრედიენტი ბადაგი იქნება და ისინი ქართული ქსოვილის ორნამენტებით გაფორმებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან.
ახალი პროდუქტის როგორც ვიზუალი, ისე შინაარსი, სრულად ქართულია და მდიდარი ისტორიის მქონე ორ ტრადიციას აერთიანებს.
მეამას მარკეტინგის დირექტორი, ნათია ჩომახაშვილი აღნიშნავს, რომ მეამაში ყოველთვის ცდილობენ, ძველი ახლებურად გაიაზრონ და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართვა მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა.
"ჩვენთვის ამ წამოწყებაში ჩართვა ძალიან სასიხარულო და საინტერესო იყო, რადგან დიდი ხანია თვალს ვადევნებთ 'ქართული ქსოვილის' კამპანიებს და პროექტის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი ჩვენში ყოველთვის მოწონებას იმსახურებს. ამჯერად, პროექტის ფარგლებში თიბისიმ და ხელოვნების სასახლემ ძველი ქართული ორნამენტები კიდევ ერთხელ გააციფრულა და გააცოცხლა, რაც მეამა ქოლექთის ახალი კოქტეილების შეფუთვებზე აისახა. ჩვენ გაერთიანებული ძალებით შევძელით, ტრადიციული სამოსის უნიკალური ორნამენტების შთაგონებით ახალი, საინტერესო პროდუქტი შეგვექმნა, რაც ქართული ქსოვილის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური რეცეპტებით დამზადებული ყავისა და ჩაის ახალი კოქტეილები და მათი მთავარი ინგრედიენტი ქართული ბადაგია", — ამბობს ნათია ჩომახაშვილი.
ფოტო: თიბისი
თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორის, ნინო ეგაძის თქმით, მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისის მთავარი პრიორიტეტებია და მეამასთან თანამშრომლობა ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისი იქნება.
პროექტი, რომელიც თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა, მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევას, ტრადიციების აღდგენასა და მათ თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებას ისახავს. თიბისისთვის, რომლის მთავარი პრიორიტეტები მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი "ქართული ქსოვილი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია.
მეამას მარკეტინგის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ქართული ბადაგის მოტივებზე დამზადებული კოქტეილები თანამშრომლობის საწყისი ეტაპია და "კოლაბორაციის ფარგლებში ბევრი არომატული და გემრიელი სიახლე იგეგმება, რომლებიც ასევე "ქართული ქსოვილის" უნიკალური პატერნებითა და ორნამენტებით იქნება გაფორმებული".
თანამშრომლობის ფარგლებში, მეამას მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენა მსურველებისთვის უკვე 26 ოქტომბრიდან მეამა ქოლექთის 15 ლოკაციაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშია შესაძლებელი. მეამა ქოლექთის ახალი კოქტეილების შექმნა არის ამ თანამშრომლობის დასაწყისი, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს მეამას სხვა პროდუქტებიც დაემატება.
კომენტარები