რაშია მონა ლიზას განსაკუთრებულობის საიდუმლო?
ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან იყრის თავს პარიზის ლუვრის მუზეუმში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ დატკბეს ხელოვნების ერთი ნიმუშით, რომელიც სადა დარბაზის კედელზეა ჩამოკიდებული. დიახ, სწორად მიხვდით — ეს ნიმუში ლეონარდო და ვინჩის ქმნილება, მონა ლიზაა.
მის სანახავად მუზეუმში მისული დამთვალიერებელი ევროპული რენესანსის უამრავ შედევრს უქცევს გვერდს. რატომ? რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?
პორტრეტზე გამოსახული ქალის ვინაობის საიდუმლო
ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფის, ჯორჯო ვაზარის გადმოცემით, ზეთში შესრულებულ ამ პორტრეტზე აღბეჭდილია მდიდარი იტალიელი ვაჭრის, ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეორე ცოლი — ლიზა გერარდინი ("ჯოკონდა", ნახატის იტალიური სახელწოდება, სწორედ ვაჭრის გვარიდან მომდინარეობს).
ლეონარო და ვინჩიმ ფლორენციაში ამ ტილოზე მუშაობა, სავარაუდოდ, ადრეულ 1500-იან წლებში დაიწყო. შესაძლებელია, ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ლეონარდო მსხვილი შეკვეთის მიღების მოლოდინში გახლდათ (საუბარია უზარმაზარ კედლის ნახატზე, ანგიარის ბრძოლა).
ამ საკითხში მისი შანსების ზრდას ხელს ნამდვილად შეუწყობდა შეკვეთის მიღება ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოლიტიკურად აქტიური ფიგურისგან. ამასთან, მანუსკრიპტის კიდეზე არცთუ ისე დიდ ხნის წინ აღმოჩენილი მინაწერიდან ვიგებთ, რომ "ლიზა დელ ჯოკონდოს" ნახატზე მუშაობა ლეონარდომ 1503 წელს დაიწყო. მინაწერის ავტორი აგოსტინო ვესპუჩია — ადამიანი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში დიპლომატისა და მწერლის, ნიკოლო მაკიაველის თანაშემწე გახლდათ.
ლეონარდოს შემოქმედების დიდმა მოტრფიალემ, იტალიელმა მხატვარმა რაფაელმა კი დაგვიტოვა 1505-1506 წლებში შესრულებული ესკიზი, რომელიც ამ ნამუშევრის ასლი უნდა ყოფილიყო. ასევე ვიცით, რომ 1516 წელს და ვინჩიმ ეს ჯერაც დაუმთავრებელი პორტრეტი საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლისას თან წაიყოლა.
თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ის, რაც დღეს ლუვრის კედელს ამშვენებს, შესაძლოა, სულაც არ არის ჯორჯო ვაზარის შეკვეთით შესრულებული "ლიზა", რადგან ტექნიკა, რომლითაც ისაა დახატული, მეტად შეეფერება ლეონარდოს გვიანდელ, 1510 წლის შემდგომ დახატულ ნამუშევრებს.
გარდა ამისა, 1517 წელს და ვინჩის სახელოსნოს ერთ-ერთი სტუმრის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ მან იქ იხილა პორტრეტი "შესრულებული უცნობი ფლორენციელი ქალის ნატურიდან", ჯულიანო დე მედიჩის დაკვეთით. 1513-1516 წლებში მედიჩი რომში ლეონარდოს მფარველი იყო.
საინტერესოა, უყურებდა თუ არა ამ ჩანაწერის ავტორი იმავე პორტრეტს, რომელსაც ვაზარი და ვესპუჩი ლიზად მოიხსენიებენ, თუ ეს სრულიად სხვა ქალის სხვა პორტრეტი იყო, რომელიც ლეონარდოს გაცილებით გვიან შეუკვეთეს?
როგორც უნდა იყოს, ის, თუ რეალურად ვინ არის ქალი, რომელიც ლუვრში დაცულ პორტრეტზეა გამოსახული, ამ ტილოს გარშემო არსებულ საიდუმლოთაგან ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ გამოცანად რჩება.
განძარცვული პორტრეტი
განსხვავებით მაშინდელი ელიტის წევრთა მრავალი პორტრეტისგან, ეს ნახატი თითქმის მთლიანად დაცლილია მაღალი სტატუსის გამომსახველი ატრიბუტების ან, თუნდაც, სიმბოლური მინიშნებებისაგან, რომლებიც ნატურის წარმომავლობას გვამცნობდნენ. აქ მთელი ყურადღება მიმართულია მისი სახის ამოუცნობი გამომეტყველებისაკენ.
მეთვრამეტე საუკუნემდე ემოციებს ფერწერაში, ძირითადად, სხეულისა და ხელების ჟესტების საშუალებით გადმოსცემდნენ და არა — სახის მიმიკით. ხაზგასასმელია, რომ ადამიანების გამოსახულებას მაშინ არც ეკისრებოდა იმ ემოციების გადმოცემა, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ თანამედროვე პორტრეტულ ფოტოგრაფიაში: თუ დღეს ფოტოებზე ხშირად ვხედავთ უდარდელობისა თუ სიხარულის გამომხატველ სახეებს, აღორძინების ხანის პორტრეტებში სიმამაცის და თავმდაბლობის აღბეჭდვა უფრო ფასობდა.
მეტიც, იმ დროს ემოციების დაფარვა ელიტური სტატუსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისება იყო. დენტალური ჰიგიენის განურჩევლად, ფართო ღიმილი ხელოვნებაში, როგორც წესი, ან დაბალ წარმომავლობას უსვამდა ხაზს ან დასაცინად გამოიყენებოდა. ამის მაგალითია ლეონარდოსვე ესკიზი, ხუთი გროტესკული თავი.
აქედან გამომდინარე, განსხვავებით ლეონარდოს თანამედროვეებისაგან, ემოციების შესახებ ჩვენი ამჟამინდელი შეხედულებები გვაიძულებენ, დავსვათ შეკითხვა: რას გრძნობს მონა ლიზა?
მეოცე საუკუნის ფენომენი
აქ კი ჩნდება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა: საერთოდაც, ექცეოდა თუ არა განსაკუთრებული ყურადღება მონა ლიზას მეოცე საუკუნემდე? ისტორიკოსი დონალდ სასუნი ამტკიცებს, რომ თანამედროვეობაში ნახატისთვის გლობალური საკულტო სტატუსის მინიჭება ძირითადად განაპირობა მისმა დაუსრულებელმა ინტერპრეტაციებმა და იმან, რომ პორტრეტს დაუღალავად იყენებდნენ ყველა შესაძლო პროდუქტის რეკლამაში.
ასეთი მასშტაბის პოპულარობას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ 1911 წელს ნახატი ლუვრის ყოფილმა თანამშრომელმა, ვინჩენცო პერუჯამ მოიპარა. გასაოცარია, მაგრამ ერთ არაფრით გამორჩეულ საღამოს, მუზეუმის დაკეტვის შემდეგ, ის თითქოს არაფერიაო, ისე გამოვიდა მუზეუმიდან მოსასხამით ხელში, რომელშიც ლეონარდო და ვინჩის ეს ქმნილება ჰქონდა გახვეული. შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი ვინჩენცო მას საკუთარ სახლში მალავდა.
ნახატის დაბრუნებიდან მალევე დადაისტმა, მარსელ დიუშანმა 1919 წელს შექმნილი ნამუშევრის, LHOOQ, საფუძვლად მონა ლიზას გამოსახულებიანი საფოსტო ღია ბარათი გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტრეტის პირველი ინტერპრეტაცია არ ყოფილა, LHOOQ მონა ლიზას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაროდია ნამდვილად არის — სალვადორ დალის 1954 წლის ნამუშევართან, ავტოპორტრეტი როგორც მონა ლიზა, ერთად.
"კულტურული ავეჯი"
დიუშანისა და დალიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით მონა ლიზას მეტაფორული მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევებს. ეს ტენდენცია არც ოცდამეერთე საუკუნეში გამქრალა.
ნახატი "კულტურული ავეჯის" სახით გამოყენებულია ბიონსესა და ჯეი-ზის 2018 წლის მუსიკალურ კლიპში, Apeshit. კლიპის სიუჟეტი ვითარდება ლუვრში, სადაც მომღერლები მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად დარბაზიდან დარბაზში გადაადგილდებიან და ხელოვნების ცნობილი ნიმუშების წინ ლედი ჰამილტონის მაგვარ პოზებს იღებენ.
თავად კლიპი თვალშისაცემად ბაძავს თანამედროვე მაღალი კულტურის შედარებით ადრინდელ ნამუშევრებს — მათ შორის, ფრანგი კინორეჟისორისა და ფრანგული ახალი ტალღის თანადამფუძნებლის, ჟან-ლუკ გოდარის 1964 წლის ფილმს, აუთსაიდერების ბანდა (Bande à Part). ფილმის ერთ-ერთ სცენაში სამი მეგობარი ერთმანეთს ხვდება და ლუვრს რეკორდულ დროში შემოირბენს. ამ მსახიობებს შორისაა გოდარის ცნობილი მუზა, ანა კარინა, რომელიც თვით მონა ლიზას მოგვაგონებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ გერმანელმა ხელოვანმა, ულაიმ 1976 წელს ბერლინის ნაციონალურ გალერეიდან მოიპარა კარლ შპიცვეგის იმ დროისათვის პოპულარული და ერთგვარ კიტჩად მიჩნეული პორტრეტი, ღარიბი პოეტი. სინამდვილეში კი ეს ქმედება 1911 წელს მომხდარი მონა ლიზას ქურდობის სიმულაცია იყო.
როგორც ჩანს, მონა ლიზას საიდუმლოებანი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება ამოუხსნელ ინტრიგად. სწორედ ინტერპრეტირების უსაზღვროება განაპირობებს მის ასეთ განუმეორებლობას. მონა ლიზა ყველა ის ისტორიული პირი თუ პერსონაჟია, რომლადაც მას წარმოვიდგენთ. და, განა, ეს გარემოება არ აქცევს მას ფანტაზიის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ქალ ფიგურად?
კომენტარები