ხშირად გქონიათ მუზეუმებში უცნაური ემოციური სიცივისა და გადამეტებული პომპეზურობის განცდა? თუ კი, თქვენ მარტო არ ხართ. ამის მიზეზი მხოლოდ მუზეუმის შენობის კლასიკური სვეტები და ზედმეტად სერიოზული აურის შემქმნელი შთამბეჭდავი მარმარილოს კიბეები ვერ იქნება. ჩვენზე ისიც ზემოქმედებს, რომ ამ დიდ დარბაზებში, საუკუნოვანი ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში ყოფნისას, ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა სახეა, რომელიც გვიღიმის.

"კაცობრიობის დოკუმენტირებული ისტორიის უმეტეს მანძილზე დაუფარავი ღიმილი უკიდურესად არამოდური იყო", - წერს ნიკოლას ჯივზი თავის ნაშრომში, სერიოზული სახე და ირონიული ჩაღიმება: ღიმილი პორტრეტებში.

დღესდღეობით ჩვენთვის ღიმილი მეგობრობის, ბედნიერებისა და სიყვარულის გამომხატველია. "გაიღიმე" ფოტოს გადაღებამდე ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა, რადგან მომღიმარი სახე კარგი კადრის პრერეკვიზიტად ითვლება.

ეს კი აჩენს კითხვას: რატომ არ ხატავდნენ გასული საუკუნეების დასავლური მხატვრობის წარმომადგენლები გაღიმებულ პორტრეტებს? არსებობს მოსაზრება, რომ პორტრეტების ღიმილისგან დაცლის მიზეზი მხატვრებისთვის მოპოზიორეთა კბილების არასახარბიელო მდგომარეობა გახლდათ. თუმცა პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა ბოლო დრომდე ისეთი იშვიათობა იყო, რომ ის ადამიანის მიმზიდველად ჩათვლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი მეოცე საუკუნემდე არც არასდროს ყოფილა.

ჯუდიტ ლეისტერის კონცერტი, 1633 წელი.

ფოტო: National Museum of Women in the Arts

სინამდვილეში...


პასუხი ბევრად უფრო მარტივია: დღეს ჩვენთვის ფოტოს გადაღებისას გაღიმება მხოლოდ რამდენიმე წამს გვართმევს, პორტრეტების ხატვა კი რამდენიმესაათიანი პროცესია. შესაბამისად, პოზირება ერთობ მძიმე საქმიანობაა. პროცესი განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა მთელი ამ დროის განმავლობაში გაღიმებული უნდა იყოთ. უფრო მეტიც, რამდენიმე წამის მერე ჩვენს სახეებზე მიზანმიმართულად გამოსახული ღიმილი თვალშისაცემად ყალბი ხდება.

"ღიმილი გაწითლებასავითაა; ეს არის საპასუხო რეაქცია და არა ექსპერსია, ამიტომ არც მისი შენარჩუნებაა მარტივი და არც მისი გადმოცემა", - წერს ჯივზი.

როცა მხატვარი გაღიმებული ადამიანის დახატვას შეძლებდა, მისი ეს ნამუშევარი მაშინვე ნორმების დარღვევის ნიმუში ხდებოდა და სწორედ ღიმილი ექცეოდა ყველას ყურადღების ცენტრში. ეს კი, დიდი ალბათობით, პორტრეტზე გამოსახული ადამიანისთვის, რომელიც ხშირად ნამუშევრის დამკვეთიც იყო, დიდად სასურველი რეაქცია ვერ იქნებოდა.

მეამბოხეები

ანტონელო დე მესინას ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, დაახლოებით 1470 წელი.

ფოტო: Metropolitan Museum of Art

ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა, 1503-1506 წლები.

ფოტო: Public Domain

რენესანსის დროინდელი მხატვარი, ანტონელო დე მესინა იმ მცირერიცხოვან ხელოვანთა რიგებში იყო, რომლებიც ღიმილიან პორტრეტებს ხშირად ხატავდნენ. მესინა ნიდერლანდების იმ სამხატვრო სკოლის წარმომადგენელიც გახლდათ, რომელიც პრიორიტეტს ბუნებაზე პირდაპირი დაკვირვების მეთოდს ანიჭებდა. მან ღიმილი თავის პორტრეტებში მყოფი ადამიანების შინაგანი სამყაროს მაქსიმალური რეალიზმით გამოსახატად გამოიყენა. მისი ნახატი, ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, რამდენიმე ათწლეულით უსწრებს ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას, რომელიც ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ამოუცნობი ღიმილის პატრონია.

არავინ იცის, როგორ მოახერხა ლეონარდომ მონა ლიზას გაღიმება; თუმცა უდავოა, რომ მოკუმული ტუჩებით გაცხადებული მისი ეს ემოცია ერთობ რთულად შესანარჩუნებელი იქნებოდა.

რა იმალება ჯოკონდას ღიმილის უკან? სიკეკლუცე თუ ზიზღნარევი ირონია? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. თუმცა მონა ლიზა ლეონარდოს ერთადერთი გაღიმებული პორტრეტი არ არის; წმინდა იოანე ნათლისმცემლის ღიმილიც გამორჩეულად ორაზროვანი და დამაბნეველია.

ლეონარდო და ვინჩის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, 1513-1515 წლები.

ფოტო: Louvre Museum

მუსიკა, სიცილი და ავხორცობა


მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში არისტოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ კბილების გამოჩენა - სახალხოდ და ხელოვნებაშიც - დაბალი კლასის წარმომადგენლების, ლოთებისა და მსახიობების ავხორცობის გამომხატველი იყო. თუმცა გამონაკლისს ჰოლანდიელი ფერმწერები წარმოადგენდნენ, რომლებისთვისაც ხელოვნებაში ყოველდღიურობის ასახვა ღიმილიანი სახეების ხატვასაც მოიაზრებდა.

ჯივზი მიიჩნევს, რომ ბევრი იმ ჰოლანდიელი არტისტის დამსახურებით, რომლებიც გაღიმებულ ხალხს ხატავდნენ, ჰოლანდიელობა ნახატებსა და რეალურ ცხოვრებაშიც აღვირახსნილობასთან იქნა ასოცირებული.

ფრანს ჰალსის ახალგაზრდა კაცი და ქალი პაბში, 1623 წელი.

ფოტო: The Metropolitan Museum of Art

ჟერარ ვან ჰონთორსტის მხიარული მევიოლინე, 1623 წელი.

ფოტო: Rijksmuseum

ვან ჰონთორსტის მხიარული მევიოლინესა და ლეისტერის კონცერტში, ორივეგან გვხვდებიან გაცინებული პერსონაჟები, რაც სიმთვრალისა და პერსონაჟების სექსუალობის გამოხატვას ემსახურება. ჰონთორსტის მხიარული მევიოლინე პორტრეტის შემყურეს ჭიქას უწვდის, მისი აღაჟღაჟებული ლოყები კი შეზარხოშებულობაზე მიუთითებს. კონცერტში კი სამი მომღიმარი ახალგაზრდა მუსიკოსი იმას გვაფიქრებინებს, რომ ერთმანეთთან ინტიმური კავშირი აქვთ. ორივე ნახატში მუსიკის თემა რენესანსისეულ დატვირთვას ატარებს და სიყვარულის გამომხატველია.

ეს ხელოვანები ცალსახად იყვნენ მათი იტალიელი წინამორბედის, კარავაჯოს გავლენის ქვეშ. მის ნახატში, გამარჯვებული ეროსი (1602 წელი), მიწაზე მუსიკალური საკრავებია მიმოფანტული, რაც სიყვარულისა და ახალგაზრდული სილამაზის ალეგორიაა. ახალგაზრდა, შიშველი ეროსი გამომწვევად იღიმება. მისი ეს ავხორცული ღიმილი იმდროინდელ ფერწერაში იმდენად უჩვეულო იყო, რომ თავდაპირველად მნახველები მასში "ჰომოსექსუალური ვნების ზეიმს ხედავდნენ", - წერს ჯივზი.

მოკუმული ტუჩებით მომღიმარ პორტრეტებში ხშირად იკითხებოდა ელიტის წარმომადგენელი ქალების სიმორცხვე და სექსუალობა. რუბენსის მიერ დახატული საკუთარი ცოლის, იზაბელა ბრანტის პორტრეტი, ფრანსისკო გოიას დონა იზაბელა დე პორსელი, ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის მადამ ჟაკ ლუის ლებლა - ყველა მათგანის ღიმილში სწორედ ეს კეკლუცი მორცხვობით შენიღბული სექსუალობა შეინიშნება.

პეტერ პაულ რუბენსის იზაბელა ბრანტის პორტრეტი, 1620-1625 წლები.

ფოტო: Cleveland Museum of Art

ფრანსისკო გოიას დონა იზაბელა დე პორსელი, 1805 წლამდე.

ფოტო: National Gallery, London

თანამედროვე ხელოვნება და ღიმილი

თითქმის მაშინვე, როგორც კი ფოტოაპარატები გამოიგონეს, ღიმილი პორტრეტების ლამის განუყრელი ნაწილი გახდა. თანამედროვე მხატვრები უჩვეულო, დისკომფორტის მომგვრელ ღიმილებს სხვადასხვა სოციოპოლიტიკური მნიშვნელობით იყენებენ.

კერი ჯეიმს მარშალის არტისტის პორტრეტი - როგორც თავისი წინა ცხოვრების ჩრდილი (1980 წელი), ორგანზომილებიანი, თითქმის სულ შავ ფერში შესრულებულ ნახატია, რომელშიც ავისმომასწავებლად ყურებამდე გაცინებული პერსონაჟი ჩანს. ეს ნახატი რალფ ელისონის რომანის, უჩინარი კაცის შთაგონებითაა შექმნილი და, ამასთან, რასისტული კარიკატურების კრიტიკასაც შეიცავს.

კერი ჯეიმს მარშალის არტისტის პორტრეტი - როგორც თავისი წინა ცხოვრების ჩრდილი, 1980 წელი.

ფოტო: MCA Chicago

იუე მინჯუნის აღდგომა, 2010 წელი.

ფოტო: Opera Gallery

იუე მინჯუნმა, რომელიც ჩინეთში ცინიკური რეალიზმის მოძრაობის მიმდევარია, თავისი ძალიან წარმატებული კარიერა ავტოპორტრეტების დახატვით შექმნა. ამ ნამუშევრებში ის მანიაკალურად დაკრეჭილი კბილებით გვევლინება და დასავლურ ფერწერაში კლასიკურ ნამუშევრებად მიჩნეულ ტილოებს ამასხარავებს. სახეზე ნიღაბივით შეყინული ამ სიცილის უკან მწვავე პოლიტიკური კრიტიკა და სოციალური კომენტარი იკითხება. რას ემსახურება ეს სიცილი - ემოციის გამოხატვას თუ პირიქით - მის დაფარვას? ხელოვნების ისტორიის მანძილზე ღიმილისადმი ორაზროვანი დამოკიდებულება რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს იმაზე, თუ რამდენად გვსურს ჩვენი და ერთმანეთის რეალური სახეების დანახვა.

ქართველი მხატვრები და ღიმილი

ნიკო ფიროსმანიშვილის კინტოების ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, 1906 წელი.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქართველი მხატვრების პორტრეტებშიც ღიმილი არცთუ ისე ხშირად გვხვდება. ისეთ სცენებშიც კი, რომლებიც კარგ განწყობასთან და გართობასთანაა ასოცირებული, პერსონაჟები, ფაქტობრივად, არასოდეს იღიმიან. მაგალითად, ფიროსმანის ნახატში, კინტოების ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, გამოხატული ხუთი პერსონაჟიდან, არცერთი იღიმის. ის არგუმენტი, რომ გაღიმებული სახეების დახატვა რთული იყო, რადგან ადამიანებს ამ მიმიკით პოზირება უჭირდათ, აქაც სარწმუნო ჩანს.

ლადო გუდიაშვილის მიერ დახატული სამი ქალის შემთხვევაში კი დაახლოებით ისეთ ორაზროვან ღიმილს ვაწყდებით, როგორიც გოიასა და რუბენსის ქალებს ამშვენებთ; აქაც ეს პირმოკუმული ღიმილი სიმორცხვისა და სიკეკლუცის გამომხატველია.

შალვა ქიქოძის 1921 წლის ნახატში, რესტორანში, გამოსახული გაღიმებული ქალი კი სრულიადაა ამოვარდნილი ქართველი მხატვრების მიერ დახატულ ქალთა ტიპაჟებიდან. ჭიქა ვისკისა და თამბაქოს თანხლებით ნახატიდან მხიარულად მომზირალი ამ ქალის ღიმილი სითამამის, განსაკუთრებულობისა და ამოუხსნელი თავისუფლების ექსპრესიაა.

ლადო გუდიაშვილის მსახიობები, 1960 წელი.

ფოტო: Public Domain

შალვა ქიქოძის რესტორანში, 1921 წელი.

ფოტო: Public Domain