ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წევრებთან მთავრობის წარმომადგენლებს დაპირისპირება აქვთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არავითარი დაპირისპირება დაავადებათა კონტროლთან არ არის, არც ჩემი მხრიდან და არც პრემიერის მხრიდან", — აცხადებს ის.

იმავეს ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, არავის, მით უმეტეს, საქართველოს პოლიტიკაში წამყვან ადამიანებს არ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მედიაში შესაძლო დაპირისპირების მიზეზად სავალდებულო ვაქცინაცია სახელდება. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ სავალდებულო აცრას ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ვაქცინაციას ხელს შეუშლის.ამავე პოზიციას იზიარებს მისი მოადგილე, თამარ გაბუნიაც. მისი თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გარკვეული მოთხოვნები, შესაძლოა, დაწესდეს. რაც შეეხება NCDC-ის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს, ის პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს.