ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს ზუგდიდში აქცია "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" გაიმართება. როგორც წითლიძე ამბობს, აქცია მრავალათასიანი იქნება და ერთ-ერთი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

"საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის თავისუფლებაზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს. სწორედ ამიტომ, ხვალ, 27 ოქტომბერს საღამოს 9-ის ნახევარზე ზუგდიდში, ზუგდიდის მერიის წინ, რუსთაველის 90-ში ჩატარდება მრავალათასიანი აქცია, სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის". მე მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და სრულიად სამეგრელოს, მიუხედვად ყველა სიძნელისა, მიუხედავად ყველა უბედურებისა, რომელსაც სამეგრელოში და განსაკუთრებით ზუგდიდში ატრიალებს ქართული ოცნება, მოდით, ხვალ აქციაზე", — თქვა წითლიძემ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 27 ოქტომბერს აქციას ქართული ოცნებაც მართავს. მათ მიერ დაანონსებული "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.