განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბულინგის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისთვის და პირველად, სკოლის ფსიქოლოგებისა და მშობლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიზანია, სამიზნე ჯგუფისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მოზარდებში ძალადობის აღმოსაფხვრელად და მისი პრევენციისთვის.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა პირველ ეტაპზე კონკრეტული სკოლების დამრიგებლები გადაამზადეს, პარალელურ რეჟიმში ტრენინგების ციკლში სამიზნე ჯგუფის დანარჩენი წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

"ისინი მაქსიმალურ ინფორმაციას იღებენ ბულინგის და მისი თავიდან აცილების თემაზე" - აცხადებენ სამინისტროში.

ტრენინგები პროექტის "ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია" ფარგლებში ტარდება და მისი ძირითადი თემებია:

  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია
  • სასკოლო ასაკის ბავშვისა და მოზარდის ქცევითი და ემოციური პრობლემები და მასზე ეფექტური რეაგირების სტრატეგიები
  • ძალადობა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დესტრუქციული ქცევა, აგრესია, თვითდაზიანება, სუიციდ დამოკიდებულება

ტრენინგის მიზანია შესაძლებელი იყოს ძალადობრივი, დესტრუქციული და თვითდესტრუქციული ქცევის ნიშნების ამოცნობა, მათზე დროული და ეფექტური რეაგირება და პრევენცია.