რა უნდა ვიცოდეთ სურსათის უვნებლობაზე — ინტერვიუ ლუკა ნაჭყებიასთან
ფერმიდან სუფრამდე საკვები გრძელ გზას გადის. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რომელშიც მრავალი რგოლია ჩაბმული. სურსათით გამოწვეული რისკებისგან ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა კი თითოეული მათგანის ამოცანაა.
ის, თუ როგორ ვიკვებებით ახლა, გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე მომავალში. ამიტომაც საუბარი სურსათის უვნებლობაზე საზოგადოებაში კიდევ უფრო აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსოფლიო სურსათის დღე, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით 16 ოქტომბერს აღინიშნება. ორგანიზაცია კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მრავალ ღონისძიებას თუ პროექტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ახორციელებს.
ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო სურსათის დღის მხარდამჭერი შეფი და კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებიაა. იგი მიმდინარე ღონისძიებებში საინფორმაციო კუთხითაა ჩართული და ჩვენც გვიამბობს, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება სურსათის უვნებლობასა და კვების უსაფრთხოებას.
რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა? რატომ არის საჭირო საზოგადოებაში სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ საკითხის მხარდაჭერა?
ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, როგორ მოქმედებს სურსათის უვნებლობის საკითხი მის კეთილდღეობაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში ყოველ წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს, ისაა, რომ მეტ ყურადღებას ვაქცევთ, რას ვიღებთ საკვების სახით, ორიენტირებულები ვართ, აღმოვაჩინოთ საფრთხეები, შევამციროთ რისკები.
საგულისხმოა, რომ დაავადებების უმეტესობა ჩნდება გარემოდან, მცირე წილი აქვს ამ საკითხში გენეტიკას, შესაბამისად, გარემოს გაუმჯობესება, მასზე ზრუნვა და მასთან მუდმივი კონტაქტის ქონა რაციონალური გადაწყვეტილებაა. როგორც რადიაციას ვერიდებით, არ გვინდა ჰაერში ტყვია იყოს თუ სხვა ნივთიერებები, ისე არ უნდა გვინდოდეს ტოქსიკანტები ჩვენს საკვებში. ტოქსიკანტები კი როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკური თუ ქიმიური სახისაა. საკვების უვნებლობის სფეროს ფუნქცია ისაა, რომ ადამიანს თავიდან აარიდოს ყველა ეს პოტენციური მავნებელი
ამ საკითხს მეორე, დადებითი მხარეც აქვს — უვნებლობის ძიებაში შესაძლებელია მიაღწიო ხარისხს, ამიტომ თანამედროვე მიდგომები გულისხმობს არა მარტო კეთილდღეობაზე ზრუნვას და გარემოში არსებული, საკვებთან დაკავშირებული უამრავი საშიშროების თავიდან არიდებას, ასევე კვების ხარისხის გაუმჯობესებას.
უვნებლობის თანამედროვე სისტემები ამარტივებენ წარმოებას, აძლიერებენ უსაფრთხოებას, ქმნიან პასუხისმგებლობის ჯაჭვებს. შესაბამისად, უფრო მარტივია მიაგნო მავნე ნივთიერებებს, მიაღწიო მაღალ ხარისხს და სხვა. ესაა სურსათთან და გარემოსთან კონტაქტის ჯანსაღი ფორმა.
ვის აკისრია მთავარი როლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით? სახელმწიფოს თუ ბიზნესებს?
უვნებლობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასურსათო ჯაჭვში არსებული ყველა ელემენტი პასუხისმგებელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მარეგულირებელი ორგანოები, როგორებიცაა სახელმწიფო სააგენტოები, დადგენილებების, რეგულაციების და კანონმდებლობის აღსრულების ვალიდატორები არიან, თუმცა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მეწარმისა და მომხმარებლის ხელშია.
მეწარმემ უნდა შექმნას ხარისხიანი პროდუქტი და ამ პროდუქტზე სრული, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, შეცდომაში არ შეიყვანოს ის. ხოლო როცა მომხმარებელს დააინტერესებს, რა შემადგენლობისაა პროდუქტი, უნდა შეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და ჯანსაღი, რაციონალური არჩევანის გაკეთება.
მომხმარებელი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რას ირჩევს. მიმწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, მისცეს ეთიკური არჩევანის საშუალება მას. ხოლო მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია, ეს პროცესები დაარეგულიროს ისე, რომ არ დამახინჯდეს ინფორმაცია და დაეხმაროს მომხმარებელს იმაში, რომ გაიგოს, რა ეძებოს, რისი უფლება აქვს და რა არ უნდა შედიოდეს მის საკვებში. ასე რომ, ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც წესი, მარეგულირებელ ორგანოებში კომპეტენცია მაღალია, ხოლო მომხმარებელში — შედარებით დაბალი, ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა.
მსოფლიოში წარმოებული საკვების თითქმის მესამედს მცირე ფერმერები უზრუნველყოფენ და საკვებს აწვდიან ხალხს. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად მოკლებულნი არიან ფინანსურ დახმარებას, საგანმანათლებლო რესურსებს და არ აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება?
ამ ჯაჭვში ფერმერებს ნამდვილად აქვთ დიდი როლი. ფაქტია, რომ ჯაჭვის საწყისი რგოლი არის ის, ვინც პირველად პროდუქტს ქმნის. რა თქმა უნდა, ფერმერის, აგრონომების, ადამიანების, რომლებიც სახნავ-სათესს უვლიან და აჯანსაღებენ, ინფორმირება და მათთვის ცოდნის მიწოდება უმნიშვნელოვანესია.
საქართველოში უმეტესად მიჩვეული ვართ ტრადიციულ მეურნეობას, რასაც თავისი ხიბლი, ესთეტიკა და ელეგანტურობა აქვს, თუმცა თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციაზე წვდომა, თანამედროვე დროში ცხოვრება არის აუცილებელი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფორმაცია გარდაქმნადი და მილევადია — 5-6 წელიწადში, ხშირ შემთხვევაში, იცვლება ცოდნა იმაზე, თუ რა არის უვნებელი და რა — მავნებელი. ხანდახან გვგონია, რომ სრულყოფილი ცოდნა გვაქვს ამა თუ იმ ელემენტზე, თუმცა მეორე დღეს შესაძლოა იგი აიკრძალოს ან მიღებული პრაქტიკა დაუშვებელი გახდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციაზე თუ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერების მხარდაჭერას, სწავლებას, ტრენინგებს, ინფორმაციის მიწოდებას — ისინი არიან ჯაჭვის პირველი რგოლი და თუ არ დავიწყებთ ჯანსაღ პროცესებს თავიდანვე, ჯაჭვის ბოლო რგოლამდე ვერ მივა უვნებელი პროდუქტი.
რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, როგორ მივაწოდოთ ეს ცოდნა ფერმერებს — მათი ნაწილი ისეთ ასაკობრივ ჯგუფშია, რომ არ აქვთ აქტიური კავშირი ტექნოლოგიებთან, ხშირად არ იციან, როგორ მოიხმარონ თანამედროვე პროგრამები, აპლიკაციები, ამიტომ ამის გაანალიზება და გათვალისწინება აუცილებელია, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.
ვის შეუძლია მხარი დაუჭიროს ფერმერებს ან მცირე მეწარმეებს ამ მიმართულებით?
არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები ცდილობენ მხარი დაუჭირონ მათ სურსათის უვნებლობის საკითხებში. როცა საქმე გვაქვს ორგანიზებულ სისტემასთან და ბიზნესი მასშტაბურია, მათივე ინტერესებში შედის ხარისხის შენარჩუნება, ამიტომ მასშტაბური წარმოება, როგორც წესი, ნაკლებად პრობლემურია. უფრო ხშირად პრობლემები თავს იჩენს მცირე ზომის საწარმოებში, რომელთაც შესაძლოა, არ უღირდეთ თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ამიტომაც, ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ და არასამთავრობო სექტორმა უნდა დაუჭირონ მათ მხარი, რათა შექმნან უსაფრთხო გარემო
ჩვენი საკვები რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს ხორცი შეადგენს. რა ეტაპებს გადის ის იქამდე, სანამ სუფრაზე მოხვდება? რა უნდა ვიცოდეთ ხორცის უსაფრთხოებაზე და როგორ შევარჩიოთ სანდო მომწოდებელი?
ხორცზე საქართველოში ამ კუთხით დიდი აქცენტი კეთდება, რადგან კვებითი დაბინძურებისა და დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ მისგან ვრცელდება. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ფერმის გამართულობა ან გარემო, სადაც ცხოველი იკვებება, იქვე ყურადსაღებია ვეტერინარის ჩართულობაც. იგი ამოწმებს ცხოველს, ნახულობს დაავადებების ისტორიას და სხვა. ცხოველს დაკვლამდე მრავალი პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ ვეტერინარის დასკვნის გარეშე ხორცის რეალიზაცია კანონით აკრძალულია. თუმცა კანონი საკმარისი არაა, ცნობიერებაშიც უნდა ჩავიბეჭდოთ, რომ მაგალითად ცხოველი, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ვეტერინარის გარეშე დამუშავდა,, არ უნდა გამოვიყენოთ საკვებად, რადგან საშიშია მომხმარებლისთვის და მეწარმისთვის.
ცხოველის მოვლა, გაზრდა, ვეტერინარული ჩართულობა, დაკვლა უნდა იყოს სტანდარტიზებული. აუცილებელია ცხოველი დაიკლას სასაკლაოზე; ვეტერინარმა ნახოს და შეამოწმოს ის დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ; ხორცის ტრანსპორტირებისას უნდა იყოს სპეციალური პირობები დაცული — უნდა გადაიტანონ ის მანქანა-მაცივრით და არა, პირობითად, საბარგულით. თუ ფერმერი და ვეტერინარი, კეთილსინდისიერად მუშაობენ, დავუფასოთ მათ ეს შრომა და ბოლომდე შევინარჩუნოთ მათი საქმე:
-
არ ვიყიდოთ ქუჩაში დაკიდებული ხორცი;
-
არ ვიყიდოთ ხორცი, რომელსაც არ აქვს ვეტერინარის დასკვნა;
-
არ შევეხოთ ხორცს, რომლის წარმომავლობა არ ვიცით.
ბევრი ნიუანსი და დეტალია, სადაც მომხმარებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი, შესაბამისად, სანამ იგი არ ეცდება თავი აარიდოს პოტენციურად სარისკო პროდუქტებს, იქამდე ვერ დავაჯილდოებთ ჩვენ იმ ხალხს, რომლებიც კეთილსინდისიერად ქმნიან პროდუქტს. ეს ადამიანები იხარჯებიან, ინდომებენ, მეტს ცდილობენ, იცავენ სტანდარტებს, შესაბამისად, მათი შრომის დაფასებაა ის, რომ არჩევანი გავაკეთოთ მათ და არა საეჭვო წარმოშობის პროდუქტის სასარგებლოდ.
უნდა გვახსოვდეს, რომ საკვების დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების დიდი ნაწილი არა უეცარი, არამედ გრძელვადიანია. შეიძლება დღეს მოიხმარო რაღაც მავნე პროდუქტი და მას ათ წელიწადში ჰქონდეს საზიანო შედეგი. არსებობს რიგი დაავადებებისა, რომლებიც ღრმა სიბერემდე არ ვლინდება. ყველა დაავადება 6 და 12 საათში არ იჩენს თავს (თანაც ამ ტიპის დაავადებების კონტროლი ადვილია — ექიმის ჩარევით მალევე მოაგვარებ), შესაბამისად, საშიშია ის, რომელიც არ იცი რომ გჭირს და ნელა მოქმედებს, ამიტომაცაა სასურსათო ჯაჭვის დაცვა აუცილებელი.
რა დოკუმენტები მოვითხოვოთ ხორცის არჩევისას?
ეტიკეტირება გავრცელებული პრაქტიკაა. ესაა საინფორმაციო ბარათი, რომელიც ხორცის შემთხვევაში გვაჩვენებს, თუ საიდან შემოვიდა ის, აქ გაიზარდა ცხოველი თუ იმპორტირებულია, რა ვეტერინარული პრაქტიკები ჩაუტარდა, როდის დაიკლა, დამუშავდა, როდემდე აქვს შენახვის ვადავინ იყო მეწარმე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველის ყურზე არსებულ სამაგრზე მითითებული კოდით შესაძლებელია ცხოველის ისტორიის მიკვლევა. FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი, ელექტრონული სისტემის (NAITS) დახმარებით, ყურზე არსებული კოდით შეგიძლია ნახო სრული პროცესები, მაგალითად: რა ჯიშისაა, ვინ უვლიდა, როგორ დაიკლა.
რაც მნიშვნელოვანია, ახლა დამუშავების პროცესშია და მალე ჩაეშვება NAITS-ის (FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის) აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად მომხმარებლებისთვის იქმნება: ეს მყიდველს დაეხმარება ხორცის ყიდვისას, პროუდქტის ეტიკეტზე დატანილი კოდის შეყვანით პირდაპირ ელექტრონულ სისტემაში, რამდენიმე წამში იპოვოს ინფორმაცია ცხოველზე, მაგალითად: მისი ასაკი, წარმომავლობა, დაკვლის ადგილი და თარიღი. მალე ამ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ QR კოდის დასკანერებითაც იქნება შესაძლებელი.
თუ ხორცი არ არის ეტიკეტირებული და მას არ აქვს ვეტერინარის დასკვნა, მისი რეალიზაცია არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არ არის უვნებლობის აბსოლუტური გარანტია, რადგან შესაძლოა ხორცის შენახვის პირობები იყოს დარღვეული — დამუშავებული, დანაწევრებული ხორცი რეალიზაციისას დააინფიცირონ ან დააზიანონ, ამიტომაც მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს საყასბოს სისუფთავესაც. მაგალითად, იქ არ უნდა იყოს გაურკვეველი ხის მორი, არ უნდა გამოიყენონ ერთი და იგივე დანა ყველაფერზე, ხორცის მანქანა არ უნდა იყოს გაურეცხავი.
რატომ არის ხორცის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანი და როგორ იყენებენ ამ პროგრამას საქართველოში?
ხორცის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა ახლა ხორციელდება საქართველოში, მასიურად ვრცელდება, რთული პროცესია, რადგან ციფრულია, თუმცა იგი ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა იმისათვის, რომ პროდუქტზე სრული ინფორმაცია მოიპოვო. ესაა თანამედროვე მიდგომა, რომლითაც შეგვიძლია ევროპას და მსოფლიოს დავეწიოთ.
მიკვლევადობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი კვების უსაფრთხოებაში — მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, საიდან მოდის მისი პროდუქტი, რისგან შედგება ის. რაც მთავარია, ეს არ ეხება მხოლოდ ხორცს, არამედ ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რისგან შედგება ის. ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, მივიღოთ პასუხები კითხვებზე: საიდან მოდის ან როგორ დამზადდა ესა თუ ის პროდუქტი?
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მწვავედ დგას შიმშილის პრობლემა, მსოფლიოში წარმოებული საკვების დიდი ნაწილი იკარგება ან ფუჭდება. რისი გაკეთება შეიძლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
ვფიქრობ, ეს საკითხი ეკონომიკის პრობლემა უფროა, ვიდრე აგრონომიის. შეიძლება ითქვას, რომ კანონის დონეზე არის მიღებული ეთიკურად გაუმართავი პრაქტიკები. ცხადია, საკვების უტილიზაცია აუცილებელია და ვთვლით, რომ ვადაგასული პროდუქტი მიუღებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ გამოუსადეგარი და გადასაგდები არ არის. ეს საკითხი უკვე თანხვედრაში არ მოდის კანონმდებლობასთან — მარეგულირებელს არ აქვს საშუალება, ყველა წვრილმანი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილოს და დაადგინოს, როდისაა პროდუქტი გადასაგდები. თუმცა ადამიანებს შეუძლიათ ყველაფერი არ გადაყარონ გარეთ. ამ მიმართულებით მომხმარებელს შეუძლია ის, რომ არ იყიდოს იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება, არ გააფუჭოს პროდუქტი, ხოლო მეწარმემ ეთიკური უტილიზაციის ხერხები იპოვოს, რაც რთული გამოწვევაა.
გამოსავალი კი ინფორმაციის ქონაა. შენ, როგორც მომხმარებელმა მაქსიმალურად ბევრი უნდა იცოდე პროდუქტზე და გაიგო, რას ნიშნავს ვადის გასვლა რეალურად. მაგალითად, პურს აქვს 5-დღიანი ვადა ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ უფრო ხანგრძლივად იგი ინახება საყინულეში ან მაცივარში, ამიტომ პასუხისმგებლობით მოკიდება და ყველა ნიუანსის გათვალისწინება არის ერთადერთი, რაც მომხმარებლებს შეუძლიათ. სამწუხაროდ, შიმშილის პრობლემის მოგვარება არ არის მარტივი საკითხი და ამაზე მხოლოდ ერთი მიმართულებით მსჯელობა საკმარისი არაა.
თქვენ მსოფლიო სურსათის დღის აღნიშვნაში ხართ ჩართული, რა არის თქვენი როლი ამ დღესთან დაკავშირებით?
მე, როგორც ინდუსტრიის წარმომადგენელი, ამ ღონისძიებებში საინფორმაციო კუთხით ვარ ჩართული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური ინფორმაციის მიტანა შევძლოთ საზოგადოებამდე. ასე რომ, ვცდილობ გავავრცელო ინფორმაცია უფლებების შესახებ, რათა მომხმარებელს გაუჩნდეს ადეკვატური მოთხოვნები ბაზრის მიმართ და შესაბამისად, ბაზრის ეთიკური მწარმოებლები დაჯილდოვდნენ. ხოლო მათ, ვისაც წარმოების არასწორი პრაქტიკები აქვთ დანერგილი, იძულებული გახდნენ მოერგონ თანამედროვე სტანდარტებს. ასე რომ, ინფორმაციის გავრცელება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ამაში ვიღებ მონაწილეობას.
რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც სურთ კვების უვნებლობის დაცვა?
გვაინტერესებდეს, რა არის ჩვენს საჭმელში და როგორია მისი წარმოშობა. შეფუთვის უკანა მხარეს არსებული ეტიკეტი არის შენთვის, მომხმარებლისთვის — დავინტერესდეთ, რას ნიშნავს მითითებული დანამატები, კოდები. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და მოვიძიოთ ინფორმაცია: მაგალითად, კარგია ვიცოდეთ, რომ ყველა დანამატი ცუდი არ არის, ყველა გენმოდიფიცირებული პროდუქტი მავნე არ არის და, ასევე, ყველა ბიოპროდუქტი აუცილებლად სასარგებლო არაა. ამიტომ უკეთესია, თუ ინფორმაციას მოვიძიებთ, კომპეტენტურ ადამიანებსაც მოვუსმენთ და დასკვნებს თავად გამოვიტანთ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მრავალი წელია საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ეროვნულ მიზნებს უჭერს მხარს. იგი დახმარებას უწევს სამთავრობო უწყებებს ინსტიტუციური, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემუშავებასა და დანერგვაში.
კომენტარები