ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატები სომხეთში — ქვეყანაში დაკავებები დაიწყო
სომხეთის ხელისუფლების თანახმად, 700-ზე მეტმა ადამიანმა ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში ჯანდაცვის მუშაკებისგან ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატი იყიდა.
ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს შირაქის რაიონის ქალაქ გიუმრის საოჯახო მედიცინის ცენტრში ექვსი სამედიცინო მუშაკი დააკავეს მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა ვაქცინაციის ყალბი მოწმობების გავრცელება აღმოაჩინეს. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ცენტრის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტები 5 000-10 000 სომხური დრამის (10-20 აშშ დოლარი) თანხის სანაცვლოდ გასცეს.
ერთი დღით ადრე, ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სოფელ იერანოსში, გეგარქუნიკის რეგიონში, ასევე ყალბი ვაქცინის სერტიფიკატების გავრცელებისათვის კლინიკის ექთანი დააპატიმრეს.
დაპატიმრებების ტალღამ ქვეყნის რეგიონები მას შემდეგ მოიცვა, რაც პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა თქვა, რომ ის ადგენს "ამოცანას" სახელმწიფო ორგანოებისთვის და ისინი უნდა "წავიდნენ და გადაჭრან".
ქვეყნის მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა ყალბი ვაქცინაციის დოკუმენტების მიმოქცევის შეზღუდვას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.
"ეროვნული უშიშროება და პოლიცია: ყალბი ვაქცინაციის შესახებ აღარ მინდა გავიგო. დააპატიმრეთ ისინი", — თქვა მან.
ფაშინიანის მითითებამდე ერევანში ერთადერთი დაკავება მოხდა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, ექიმმა ყალბი ვაქცინაციის პასპორტი თანხის სანაცვლოდ გასცა.
ყალბი ვაქცინაციის სერთიფიკატების გაცემა მას შემდეგ გახშირდა, რაც ვაქცინა ან ყოველ ორ თვეში PCR ტესტების აღება სომხეთის მრავალი დასაქმებული მოქალაქისთვის სავალდებულო და ფასიანი გახდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს თქვა, რომ ვაქცინაციის მოწმობის ან PCR ტესტის წარდგენა კაფეებში, რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას მალე საჭირო იქნება.
COVID-19-ის ყოველდღიურად მზარდი რაოდენობისა და დღეში სულ მცირე 20 ადამიანის სიკვდილიანობის ფონზე, ვაქცინაციის სრული კურსი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 6%-მა დაასრულა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღეს, დაახლოებით, 500 000 ადამიანი, ანუ სომხეთის მოსახლეობის დაახლოებით 12%-ია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები