სომხეთზე გამარჯვების აღსანიშნავად ალიევის მიერ გახსნილი ომის პარკიდან აზერბაიჯანმა მანეკენები და ჩაფხუტები აიღო
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში მეორე ომის დროს დატყვევებული სომეხი ჯარისკაცების მანეკენები და მათთვის ჩამორთმეული ჩაფხუტები ბაქოს სამხედრო ალაფის პარკიდან, სომხეთის მიერ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საჩივრის ფონზე ამოიღო.
სომხეთის წარმომადგენელმა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში, ეგიშე კირაკოსიანმა ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის ხაზგასმა აუცილებელია, რადგან სინამდვილეში ეს ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა", — თქვა კირაკოსიანმა და დასძინა, რომ სომხეთი პარკის სრულად დახურვას კვლავ ითხოვს.
ადგილობრივმა Mikroskop Media-მაც დაადასტურა, რომ პარკიდან სამხედრო მუზარადები და მანეკენები ამოღებულია. მათ პარკის თანამშრომლები ჩაწერეს, რომლებმაც თქვეს, რომ ჯარისკაცების ფიგურები და მუზარადები გასარემონტებლად წაიღეს. თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ ე.წ. "ექსპონატებს" უკან დააბრუნებენ თუ არა.
სამხედრო ალაფის პარკი აპრილში, კომპლექსის მშენებლობაზე პრეზიდენტ ალიევის იანვრის ბრძანებიდან რამდენიმე თვეში გაიხსნა.
"პარკის დამთვალიერებელი ჩვენი ჯარის სიძლიერეს, ნებისყოფასა და იმ სირთულეს დაინახავს, რომლითაც გამარჯვებას მივაღწიეთ," — განაცხადა ალიევმა პარკის გახსნის ცერემონიალზე.
ალაფის პარკში ომის დროს ჩამორთმეული სომხური სამხედრო ტექნიკის ნიმუშებია გამოფენილი, ასევე, დანადგარები, რომლებიც, სავარაუდოდ, სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს აჩვენებს.
პარკის გახსნა სომხების რასისტული გამოსახულების გამო მკაცრად გააკრიტკეს. გარდა ამისა, პარკის ირგვლივ ნეგატიური რეაქციის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ იქ გამოფენილი ჩაფხუტი შეიძლებოდა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეებისგან აეღოთ.
მოსმენების დასაწყისი
ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ეთნიკური წმენდის ბრალდებით სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოწყებული გრძელვადიანი საქმის განხილვა დაიწყო.
ქვეყანა, ასევე, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით ზომებს ეძებს.
ბაქო, თავის მხრივ, ერევნის საჩივრებს კატეგორიულად უარყოფს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა პროცესის დროს ვიდეო ზარით ჩართვისას განაცხადა, რომ სწორედ სომხეთი მონაწილეობდა "ეთნიკურ წმენდაში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა". მამედოვმა, ასევე თქვა, რომ სომხეთის მოთხოვნა "უკანონოა და უარყოფილი უნდა იყოს".
სასამართლო სხდომაზე იურისტთა გუნდი სომხეთიდან ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანი ვალდებული იყო დაებრუნებინა ყველა, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო ტყვე, თუმცა ისინი კვლავ ტყვეობაში რჩებიან.
ამ განცხადების საპასუხოდ, აზერბაიჯანის წარმომადგენელმა თქვა: "აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რომ მას აქვს სამართლებრივი ვალდებულება სომეხი სამხედრო ტყვეები [...] და აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სხვა პირები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს — არანაირი მძევლები არ არიან".
დაგეგმილია, რომ ანალოგიური საქმის განხილვა, რომელიც აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ წამოიწყო, მომავალ კვირას დაიწყება.
მასალაზე Mikroskop Media-ც მუშაობდა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები