უკრაინა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისადმი.

"ჩემი ფიქრები დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან არის. ვუსურვებ დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი თანაგრძნობა და სოლიდარობა", — წერს კულება ტვიტერზე.

ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეტის საელჩომაც.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.

ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.