სად უფრო მაღალია გენდერული (უ)თანასწორობა საქართველოში? — ამის ნახვას ინტერაქტიულ რუკაზე შეძლებ
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ქალებს გვაქვს თავისუფლება. ხანდახან გვამადლიან კიდეც ამ უფლებებს, თითქოს რამე გვაჩუქეს და მადლობელი უნდა ვიყოთ, თითქოს ამ უფლებებისთვის ხანგრძლივად არ ვიბრძოდით და დღესაც არ გვიწევს ბრძოლა. მეტიც, თუ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ დღეს გენდერული თანასწორობაა და ქალებს ყველაფერი გვაქვს. სინამდვილეში კი, 21-ე საუკუნეშიც ჯერ კიდევ ვაწყდებით უამრავ ბარიერს და არც ის არის სიახლე, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იმაზე მეტი წინაღობა გვხვდება, ვიდრე კაცებს.
იმისთვის, რომ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა უკეთ დავინახოთ, ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც კონკრეტული მონაცემებით შეგიძლიათ ნახოთ პრობლემის მასშტაბი საქართველოს რეგიონების მიხედვით.
მაგალითად, ამ რუკაზე ჩანს, რომ საქართველოში უფრო მეტი ქალი იღებს განათლებას, ვიდრე კაცი, მაგრამ კაცები მაინც უფრო მეტად საქმდებიან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქალების აკადემიური მოსწრება უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, კაცებს უფრო მაღალი ხელფასები აქვთ. ამ რუკით ვიგებთ იმასაც, რომ რეგიონების საკრებულოებში ქალი დეპუტატების რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მაღალი (21%) რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, მას ერთი პროცენტით ჩამორჩება თბილისი, ხოლო 4-ით გურია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (9%) კი ქვემო ქართლშია.
გარდა ამისა, ინტერაქტიულ რუკაზე შეგიძლია ნახო სხვადასხვა რეგიონში ქალების წილი უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში, დასაქმებაში, ასევე, თვითდასაქმებულთა შორის, შეადარო სახელფასო სხვაობა და ა.შ. აქვე ჩანს, რომ მთელ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს შორის 83% ქალია.
ამ და სხვა მონაცემების გაგება კონკრეტულ რეგიონზე ერთი დაწკაპებით შეგიძლია.
ინტერაქტიული რუკა თანასწორობის ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა. ჰაკათონზე მონაწილეები გუნდებად იყოფიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგ ციფრულ პროდუქტს შექმნის. ამისთვის სულ 48 საათი აქვთ და მათი მთავარი გამოწვევაა, რომ პროექტი, რომელსაც შექმნიან, საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრას ემსახურებოდეს და რაიმე ფორმით მხარს უჭერდეს ჩაგრულ ჯგუფებს.
წელს თანასწორობის ჰაკათონში ოთხმა გუნდმა გაიმარჯვა. ერთ-ერთია FoRuS. 4 ქალისგან შემდგარი გუნდი თავდაპირველად სამუშაოდ სხვადასხვა იდეას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ გენდერულ თანასწორობაზე შეჩერდნენ. კესო გაფრინდაშვილმა, ნინო გოდორაძემ, მეკო ანდღულაძემ და თამარ კენჭოშვილმა აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით საქართველოს რეგიონებში თითქმის ერთი და იგივე სიტუაციაა, თუმცა არის სხვაობებიც, რაც რუკას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
კესო On.ge-სთან ამბობს, რომ ქალები ჯერ კიდევ ბევრ გამოწვევას აწყდებიან და სქესი ხშირად ახდენს გავლენას მათ სოციალურ როლზე. მისი აზრით, იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია შეიცვალოს, მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირება, ასევე, ამ პრობლემების გამომწვევი ფაქტორებისა თუ შედეგების განსაზღვრა.
"ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ ამისთვის, პირველ ეტაპზე, საუკეთესო საშუალება სწორედ სტატისტიკა და მონაცემების ქონაა, რადგან ეს დიდ როლს თამაშობს პრობლემების ადვოკატირების პოლიტიკის შემუშავების პროცესში", — ამბობს კესო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰაკათონი 48 საათის განმავლობაში გრძელდება და ეს დრო იდეების შემუშავებასა და დახვეწას ეთმობა, გამარჯვებულ გუნდებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ. შემდეგი ეტაპია გამარჯვებულების იდეების განხორციელება. სწორედ ეს გზა გაიარა FoRuS-მაც — დეველოპერების სამუშაოები უკვე დასრულდა და რუკის საბოლოო ვერსიის ნახვაც შესაძლებელია: Gendermap.On.ge
"გვსურს ყველას მარტივად შეეძლოს ზოგადი ფონის დანახვა საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით. მიუხედავად ბევრი პროექტისა, ჯერ კიდევ იგრძნობა უთანასწორობა და ამის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფოს გარდა, თითოეულმა ადამიანმა უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი მაინც. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ", — ამბობს კესო.
ForSet-ისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარებული ჰაკათონის მიზანი თანასწორობის ხელშესაწყობად ახალი ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებაა. წელს პროექტში 151 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 26 გუნდი ჩამოაყალიბეს. მას შემდეგ, რაც გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი ხდება, ForSet-ის გუნდი მათ იდეების განხორციელებაში ეხმარება. მენტორების დახმარებით, გუნდებმა 3-თვიანი ინკუბაციის პერიოდი გაიარეს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ დახვეწეს და დაასრულეს ციფრული პროდუქტები.
ფორსეტის თანადამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი, თეონა თომაშვილი ამბობს, რომ ჰაკათონის დასკვნით პრეზენტაციაზე გუნდები ჟიურის წინაშე არაერთი ღირებული და კრეატიული იდეით წარდგნენ, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება რთული იყო.
"რადგან დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრისგან საქართველო, სამწუხაროდ, ძალიან შორსაა, ჩვენი, ფორსეტის, დიდი სურვილია, რომ თანასწორობის ჰაკათონი ყოველწლიურ ღონისძიებად იქცეს. ამ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველებისთვის იმის რჩევა შემიძლია, რომ თვალი ადევნონ ფორსეტს სოციალურ მედიაში. ყველა სიახლის შესახებ ინფორმაციას სწორედ ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით მიიღებენ", — აღნიშნავს ის.
თანასწორობის ჰაკათონი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ფორსეტის მიერ. ჰაკათონის პარტნიორები არიან: ღია საზოგადოების ფონდი, მაკ ჯორჯია, მედიის განვითარების ფონდი, ჩაიხანა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, NEWS.On.ge, აჭარა ჯგუფი და კრისტალი.
კომენტარები