გაზეთ კვირის პალიტრის ცნობით, დაკავებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ მათ ციხიდან წერილი გაუგზავნა, სადაც იგი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს შინაარსზე, განმარტებებს აკეთებს:

"ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისათვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არცერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა".

წერილში ნათქვამია რომ მამალაძე ამ წერილით შენდობას სთხოვს მათ, ვისთვისაც "რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა" მისი საუბარი. ასევე, წერილში წერია ისიც, რომ გიორგი მამალაძე "ხუმრობასა" და "შაყირს" უწოდებს იმ ფრაზებს, რაც მისი ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი გახდა:

"რაც შეეხება სიტყვებს - "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია", და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირისნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია. ამ წერილს კი იმისათვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი".

8 მარტს, მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი. გასაჯაროებულ მასალებს შორისაა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც თითქმის 18 წუთამდე გრძელდება.