ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ოცნება მას და მის პარტიას თავს ესხმის, რადგან პანიკაში არიან. პანიკის მიზეზად კი გახარია იმას ასახელებს, რომ მათი რეიტინგი იზრდება, "ოცნების" კი იკლებს.

"ამ ყველაფერს ქართველი ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს. ოცნება დღეს იმდენად პანიკაშია, უყურებენ, ზომავენ, ხედავენ, რომ მათი რეიტინგი მოდის ქვემოთ, ჩვენი რეიტინგი იზრდება. ეშინიათ, ამიტომ ვართ ჩვენ ცეცხლის ქვეშ. თქვენ რამე ისტორიები იცით, რომ მსგავსი ზეწოლის ქვეშ იყვნენ სხვა პარტიები? არა, ერთეული შემთხვევები ხდება.

სისტემურად, ორგანიზებულად, ღიად, საჩვენებლად, აი, სადამსჯელო ღონისძიების ეფექტი რომ ჰქონდეს, ასე მოქმედებს მთელი რიგი სახელმწიფო ორგანოები ჩვენ წინააღმდეგ. რატომ? მარტივი მიზეზია. ამას ხომ ბევრი ანალიზი არ უნდა — ჩვენ ვიზრდებით, ოცნება მცირდება, შიშია ეს", — თქვა გიორგი გახარიამ.

საარჩევნო დღის მოახლოებსთან ერთად პარტიებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია მმართველი გუნდისა და გიორგი გახარიას არაპირდაპირი კამათი, რომელიც ხან ნარკოტესტს, ხან კი დებატებს უკავშირდება.

18 სექტემბერს გიორგი გახარიამ ვენაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი გაასაჯაროვა, რომლითაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. ქართული ოცნება ექსპერტიზის შედეგს არ ენდობა.

ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 13 სექტემბერს მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნება სამხარაულის ბიუროში უმზადებდა პროვოკაციას ნარკოტესტთან დაკავშირებით.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიებს მისცემდით ხმას — 33%-მა ქართული ოცნება უპასუხა, 25%-მა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 10%-მა გიორგი გახარიას საქართველოსთვის.