საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღარიბაშვილი ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.

"გაეროს ტრიბუნიდან პრემიერმინისტრი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა — "ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება".