როდის დაიწყეს ადამიანებმა ტანსაცმლით შემოსვა — რას გვიყვებიან მაროკოში აღმოჩენილი ძვლის ინსტრუმენტები
პოპ-კულტურაში გამოქვაბულის ადამიანები ხშირად ბეწვეულში არიან შემოსილები, თუმცა ჩვენი არქეოლოგიური მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა ეცვათ ქვის ხანის წინაპრებს და რისგან ამზადებდნენ მას, საკმაოდ არადამაჯერებელია.
ბეწვი, ტყავი და სხვა ორგანული მასალები ზოგადად არ ინახება, განსაკუთრებით 100 ათასზე მეტი წლის წინანდელი როცაა. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა მაროკოს გამოქვაბულში ძვლის 62 ხელსაწყო იპოვეს, რომლითაც ცხოველთა ტყავს ამუშავებდნენ, რაც შესაძლოა, ჩაცმულობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, სარწმუნო მტკიცებულება იყოს არქეოლოგიურ ჩანაწერებში. ხელსაწყოები დაახლოებით 90-120 ათასი წლისაა.
"მათ აღმოჩენას არ ველოდი. თავიდან ნაკრებს იმის გამო ვიკვლევდი, რათა ცხოველთა ძვლების მიხედვით ადამიანების რაციონი აღმედგინა", — განაცხადა ემილი იუკო ჰალეტმა, მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერმა.
"როდესაც მათ მივადექი — დაახლოებით 12 ათასი ძვალი იყო — თანდათან შევამჩნიე, რომ ძვლებს ძალიან განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ეს ბუნებრივი ფორმა არ იყო. ისინი ძალიან ბზინვარე იყო და ზედ ღარები და ნაკაწრები აღენიშნებოდა", — განაცხადა ჰალეტმა, კვლევის ავტორმა. მიგნებები სამშაბათს ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.
ძვლები, რომელთაც ადამიანი რეგულარულად იყენებს საქმიანობისას, ბზინვარებას იძენს და იხვეწება, განსხვავებით იმ ძვლებისგან, რომელიც ცხოველის საკვებად გამოყენების შემდეგ რჩება.
მან სხვა ძვლებზე ამოტვიფრულ ნიშნებში ასევე აღმოაჩინა თავისებურება, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ბეწვის მოსაპოვებლად ისეთ ხორცისმჭამლებს აცლიდნენ ტყავს, როგორებიცაა ქვიშის მელა, ტურები და ტყის კატები. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მსგავსი ცხოველების ძვლებზე სხვანაირი ნიშანდებები აღმოჩნდა, რის გამოც ივარაუდება, რომ მათ ხორცისათვის ამუშავებდნენ.
"ხორცისმჭამლებზე არსებული გატყავების ნიშნები ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან აქამდე მსგავსი ნიმუში არასოდეს მინახავს. ვიმედოვნებ, რომ ბევრად ძველ რეგიონებზე მომუშავე არქეოლოგებიც დაიწყებენ ამის ძებნას", — ამბობს ჰალეტი.
რთულია იმის გაგება, როდის დაიწყო ტანსაცმლის გამოყენება. დიდი ალბათობით, ცივ კლიმატში მცხოვრები ადრეული ადამიანებს, თუნდაც ნეანდერტალელებს, რომლებიც ჰომო საპიენსებზე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ, ტანსაცმელი გააჩნდათ ექსტრემალური ამინდისგან თავდასაცავად, თუმცა ამის მყარი მტკიცებულება არ მოიპოვება.
გამომდინარე იქიდან, რომ სხეულის ტილები ადამიანის თავის ტილის წინაპრებისგან განვითარდა, როდესაც ადამიანებმა ტანისამოსი შემოიღეს, სხეულის ტილთა გამოჩენის დათარიღებამ შესაძლოა, ტანისამოსის გამოყენების დასაწყისზეც მოგვცეს ინფორმაცია. ტილების გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის ტილები მინიმუმ 83 ათასი და შესაძლოა, 170 ათასი წლის წინაც წარმოიშვა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანები ტანისამოსს აფრიკიდან დიდ მიგრაციებამდე ატარებდნენ.
ჰალეტის თქმით, იტალიაში აღმოჩენილი სპილოს ძვლისგან დამზადებული 98 ხელსაწყოდან, რომლებიც 400 ათასი წლისაა, ერთ-ერთი შესაძლოა, ტყავის ზედაპირის გასასწორებლად გამოიყენებოდა — სავარაუდოდ, ნეანდერტალელების მიერ. არქეოლოგიურ ჩანაწერებში კი თვლიანი ნემსები გაცილებით გვიან, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ჩნდება.
მაროკოული ძვლის ინსტრუმენტები, რომლებიც ჰალეტმა აღმოაჩინა, დაახლოებით შპატელის ფორმისა იყო და, შესაძლოა, შემაერთებელი ქსოვილის მოსაშორებლად ყოფილიყო გამოყენებული. ჰალეტის თქმით, მსგავს ძვლის ხელსაწყოებს დღევანდელი ტყავზე მომუშავე ადამიანებიც იყენებენ.
"ხალხს ამ ინსტრუმენტთა გამოყენება იმიტომ მოსწონს, რომ იგი კანს არ ხვრეტს და დაუზიანებელს ტოვებს", — თქვა მან.
ძვლის იარაღები მაროკოს ატლანტიკურ სანაპიროზე, "კონტრაბანდისტების გამოქვაბულში" აღმოაჩინეს. ჰალეტის თქმით, 120 ათასი წლის წინ კლიმატი ისეთივე რბილი იქნებოდა, როგორიც ახლაა, რაც იმ ვარაუდს ამყარებს, რომ შეიძლება, ადრეული ტანსაცმელი არა მხოლოდ დაცვის, არამედ გაფორმებისთვისაც გამოიყენებოდა. მოდის მიმდევრები ქვის ხანაში? — შესაძლოა.
"სინამდვილეში წარსულში თუ დღეს ექსტრემალური ტემპერატურა და კლიმატური მდგომარეობები სულაც არ შეინიშნება. ამიტომაც ვფიქრობ, ტანსაცმელს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა თუ სიმბოლური იყო? ან იქნებ ცოტათი ორივეც?"
კომენტარები