ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სუს-ის უფროსმა, "ივანიშვილის გებელსმა" — გრიგოლ ლილუაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყველა ავტორიტეტის განადგურება იყო.

"ივანიშვილის და მისი ბოროტი მსახურების ძალაუფლება მთლიანად დგას მხოლოდ უკიდურესად საშიშ და ყველაზე ამორალური სახის ძალადობაზე — შანტაჟსა და დაშინებაზე. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა იყო ქვეყნის მთლიანად დაპატრონება და ამ გზაზე ყველა ავტორიტეტის განადგურება, რომელიც მის ძალაუფლებას კონკურენციას შეუქმნიდა და ბევრი ავტორიტეტი დღეს უკვე განადგურებული ჰყავს.

ამ მხრივ, იმთავითვე განსაკუთრებულად აგრესიული იყო მისი დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც, წლების განმავლობაში, ყველა გამოკითხვით, ყველაზე სანდო ინსტიტუციაა ქვეყანაში, ყველაზე მაღალი ავტორიტეტით", — ამბობს მელია.

ის, ასევე, პირობას დებს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, სუს-ს გააუქმებს.

"პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კგბ, სუკი, კუდი, სუს — გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ. ეს მოხდება 100% მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება", — აღნიშნა მელიამ.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: