შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, ერთ დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ხოლო ორს — ტარებაც.

კერძოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად "ნაგანის" სისტემის რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "კარაბინის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

რაც შეეხება წყალტუბოს, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ერთი ადამიანი ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა, ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის "აკ-45"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

"ჩეზეს" სისტემის პისტოლეტი და მჭიდი ამოიღეს ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.