3 გზა, როგორ ვაქციოთ იუმორი მძიმე სიტუაციებთან გამკლავების იარაღად
სიცილს დარდის მკურნალადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე და მართლაც, რთულ სიტუაციასთან იუმორით გამკლავება ბევრი ადამიანისთვის გამოცდილი და სანდო ტაქტიკაა. The Atlantic-ის ჟურნალისტი, არტურ ბრუკსი სიცილსა და ბედნიერებას შორის კავშირზე გვიყვება.
როცა ჩემი დრო მოვა, მსურს, ბაბუაჩემივით მშვიდად ძილში მოვკვდე და არა — მისი ავტობუსის თავზარდაცემული მგზავრებივით. თუ ამ ხუმრობაზე გაგეცინათ, თქვენს ტვინში ელვის სისწრაფით სამი რამ მოხდა. პირველი: თქვენ დააფიქსირეთ შეუთავსებლობა — თავდაპირველად წარმოიდგინეთ, რომ ბაბუაჩემი მშვიდად იწვა საკუთარ საწოლში, თუმცა შემდეგ გაიაზრეთ, რომ, სინამდვილეში, ის ავტობუსს მართავდა. მეორე: თქვენ ამოხსენით შეუთავსებლობა 一 ბაბუაჩემს საჭესთან ეძინა. მესამე: თქვენი ტვინის ჰიპოკამპის ხვეულის რეგიონი დაგეხმარათ იმის გაცნობიერებაში, რომ რაც დავწერე, სერიოზულად არ მიგულისხმია. და, იმედია, ამ ყველაფერმა ერთად ოდნავ სიამოვნება მოგანიჭათ.
მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ ამ ჩემი ანალიზის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარც გეცინებათ. მწერალ ელვინ ბრუკს უაითსს თუ დავუჯერებთ, "იუმორი შეგვიძლია ბაყაყივით გავჭრათ, თუმცა ის პროცესში მოკვდება და შიგნეულობა მხოლოდ წმინდა მეცნიერული გონისთვის იქნება საინტერესო". ვერ შევეწინააღმდეგებით. თუმცა, იმასაც არ გაუვა წყალი, რომ იუმორი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია და მისი პოვნის უნარის გამომუშავებამ ცხოვრების ყველაზე ბნელ დროშიც კი შეიძლება გვიხსნას სასოწარკვეთისგან.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ იუმორის გრძნობა ექვსი ძირითადი კომპონენტისგან შედგება — ხუმრობების გაგების ან შექმნის გონებრივი უნარი, ხუმრობებით სიამოვნების მიღებისა და დაფასების უნარი, ხუმრობისა და სიცილის ქცევითი ჩვევები, მხნე ან ხალისიანი ტემპერამენტი, ცხოვრებისადმი ცოცხალი ინტერესი და სირთულეების დროს იუმორის გამოყენების სტრატეგია. შესაბამისად, იუმორის გრძნობის მქონე ან თავად აცინებს სხვებს, ან სასაცილო რაღაცებით შეუძლია ტკბობა.
იუმორის აღქმა გვგვრის სიამოვნებას და გვიმცირებს ტანჯვას. ჟურნალში, Journal of Aging Research, 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ხანდაზმულთა ერთ ჯგუფს რვა კვირის განმავლობაში "იუმორის თერაპიის კურსი" ჩაუტარეს 一 მათ ყოველდღიურად ასმენინებდნენ ხუმრობებსა თუ სახალისო ამბებს, აკეთებინებდნენ სიცილის ვარჯიშებს და ა.შ. საკონტროლო ჯგუფს ეს თერაპია არ გაუვლია. ექსპერიმენტის ბოლოს პირველი ჯგუფის წევრები 42%-ით უფრო მხნედ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ექსპერიმენტამდე. ისინი მეორე ჯგუფის წევრებთან შედარებით 35%-ით ბედნიერებიც იყვნენ, ასევე შეუმცირდათ ტკივილი და მარტოობის გრძნობა.
თუმცა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იუმორით ვტკბებით და როგორს ვაზიარებთ. იუმორი შეიძლება იყოს პოზიტიური — როდესაც ადამიანი საკუთარ გარემოებებზე ხუმრობს ან როცა მისი მიზანი ვინმეს დამცირება ან ვინმესთვის ზიანის მიყენება არაა. შესაბამისად, ნეგატიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხუმრობა, რომლითაც მისი მთქმელი საკუთარ თავს ამცირებს ან სხვებს ესხმის თავს. დადებითი იუმორი დაკავშირებულია მაღალ თვითშეფასებასთან, ოპტიმიზმსა და ცხოვრებით კმაყოფილებასთან, შედეგად 一 ამცირებს დეპრესიას, შფოთვასა და სტრესს. ნეგატიურ იუმორს კი ზუსტად საპირისპირო შედეგი აქვს: შეიძლება, იმ წამს თავი ბედნიერად გვაგრძნობინოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უბედურების შეგრძნებას ამწვავებს.
იმისათვის, რომ იუმორი ჩვენი ბედნიერების ზრდისთვის ეფექტიანი იყოს, მთავარი სწორი დროის შერჩევაა. თუ ოდესმე რაიმე ტრაგედიაზე გიხუმრიათ და არავის გასცინებია, უხერხულობის შესამცირებლად, შესაძლოა, გეკითხათ, "ნაადრევად მომივიდა?" მკვლევრებმა, რომლებიც იუმორს, როგორც ტრაგედიასთან გამკლავების მექანიზმს, შეისწავლიან, აღმოაჩინეს, რომ ხუმრობა ადამიანებს გლოვასა და დანაკლისთან შეგუებაში გვეხმარება. თუმცა, ხუმრობა მომხდარ ამბავთან დროით ძალიან დაშორებული ან ძალიან ახლოს არ უნდა იყოს. საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმის დროს რომ იხუმრო, ყველა ალმაცერად შემოგხედავს; ხოლო სან-ფრანცისკოს 1906 წლის მიწისძვრაზე რომ იხუმრო 一 ვერავინ გაიგებს, რაზე ლაპარაკობ. თუმცა თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, უშველებელი შვების მოგვრის შანსი გექნება.
კომიკური დროულობა მოითხოვს იმას, რასაც სოციალური მეცნიერები "იუმორის შექმნის უნარს" უწოდებენ. წიგნის, იუმორი, სერიოზულად, ავტორები ჯენიფერ ააკერი და ნაომი ბეგდონასი ამ უნარს ბევრ სხვა სარგებელსაც უკავშირებენ — მაგალითად, ბიზნესში წარმატებას. თუმცა ხუმრობათა თქმა იუმორის მხოლოდ ერთი განზომილებაა და, როგორც ჩანს, ბედნიერებას დამოუკიდებლად სულაც არ ზრდის 一 ზოგჯერ ამას სევდიანი კლოუნის პარადოქსს უწოდებენ. ჟურნალში, Europe’s Journal of Psychology, 2010 წელს გამოქვეყნებულ ექსპერიმენტში მკვლევრებმა ადამიანებს ყოველდღიური გამაღიზიანებელი სიტუაციების ილუსტრაციებისთვის ტექსტების მიწერა და ხუმრობების მოგონება დაავალეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მკვლევრებმა (გარე დამკვირვებლის თვალში) სასაცილო ხუმრობების მოფიქრებასა და თავის ბედნიერად ან უბედურებად გრძნობას შორის საყურადღებო კავშირი ვერ აღმოაჩინეს. სხვა კვლევამ კი აჩვენა, რომ პროფესიულ კომიკოსებში ფსიქოზური სიმპტომები ზოგად ნორმაზე მაღალი მაჩვენებლით გამოიხატება.
თავად სიცილია ის, რაც იუმორის სიკეთეების ძირითადი მომტანია და არა 一 მაინცდამაინც სხვა ადამიანების გაცინება. სიცილი ასევე "სოციალური ლუბრიკანტის" როლს ასრულებს და ურთიერთობებს მაშინაც კი ამარტივებს, როცა იუმორი არაფერ შუაშია. მართლაც, ერთი კვლევა ადასტურებს, რომ რეალურად სიცილს იუმორი მხოლოდ 10-15% შემთხვევებში იწვევს. დანარჩენი უბრალოდ ემოციების 一 მაგალითად, თანხმობის ან მეგობრულობის 一 გამოხატვის საშუალებაა. დააკვირდით თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობებს და ამ აზრის სისწორეში დარწმუნდებით.
იუმორის მეცნიერების ამ მცირე მოკვლევიდან შეგვიძლია, რამდენიმე ქმედითი გაკვეთილი ვისწავლოთ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
1. დაგმე უჟმურობა!
ყველაზე ცხადი რჩევა 一 არ იყო უჟმური და უხალისო. ზოგიერთი ადამიანი ამ მართლაც რეალური გასაჭირებით სავსე სამყაროში მხიარულად ყოფნის გამო სინდისის ქენჯნას გრძნობს. ზოგის აზრით, კრიზისებისა და უსამართლობის წინაშე უდარდელობა მიუღებელია. თუმცა ეს მსჯელობა მცდარია, ვინაიდან უჟმურობა არც სხვებს ეხმარება და მიზნებისკენ თქვენს სვლასაც უფრო აზიანებს, ვიდრე შველის. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც იუმორი უადგილოა 一 გაიხსენეთ, რომ დროულობა უმნიშვნელოვანესია 一 მაგრამ რეალურად მსგავსი მომენტები უფრო ცოტაა, ვიდრე გგონიათ. დაკრძალვებზე წარმოთქმული ზოგიერთი საუკეთესო გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო რამ ყოფილა, რაც კი გამიგონია.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ყველაზე უჟმური იდეოლოგია რელიგიური ფუნდამენტალიზმი და მილიტარიზმია. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ აშშ-ის (და არამხოლოდ) ახლანდელი ფუნდამენტალისტური და მტრული იდეოლოგიური კლიმატი ასეთი უღიმღამოა, ან ის, რომ პოლიტიკური ფუნდამენტალისტები ასე მზად არიან, თავს დაესხან იუმორს. იმისათვის, რომ უფრო ბედნიერი იყოთ, ხუმრობების წინააღმდეგ გამართულ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობა არ მიიღოთ.
2. არ ინერვიულო იმაზე, თუ რამდენად სასაცილოდ ხუმრობ
დედაჩემს უყვარდა ხუმრობები, მაგრამ მათი გამეორება არ გამოსდიოდა. როცა მათ მოყოლას ცდილობდა, შუა გზაში თვითონვე იწყებდა ხარხარს, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვქონდა, რა იყო სასაცილო. ხუმრობების თქმის დაუხვეწავი ტექნიკის მიუხედავად, დედაჩემმა უნებლიეთ ბედნიერების ერთ-ერთ საიდუმლოს მიაკვლია 一 სჯობს, იუმორი "მოიხმარო", ვიდრე "აწარმოო".
ეს გაცილებით მარტივიცაა. სასაცილო ხალხს გარკვეული თანდაყოლილი ნეიროლოგიური თავისებურებები და უჩვეულოდ მაღალი ინტელექტი ახასიათებთ. ხოლო ისინი, ვისაც იუმორი სიამოვნებს, უბრალოდ უპირატესობას ანიჭებენ მას, მისთვის გემო აქვთ გასინჯული და თავს სიცილის უფლებას აძლევენ. იუმორით ტკბობა თუ გსურთ, სხვებს აცალეთ ხუმრობების თქმა 一 მოუსმინეთ და "იღლიცინეთ".
3. შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა
უკვე დადასტურებულია, რომ ნეგატიური, საზიანო ან გადაჭარბებულად "შავი" ხუმრობები თქვენი და სხვების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი ძალაა. იუმორის ეს სახეობა უფრო ნიჰილისტურია და არა უდარდელი. მის უკან მდგარი აზრია 一 "ყველაფერი უმნიშვნელოა, შესაბამისად, მეც რაიმე ძვირფასს ავიგდებ აბუჩად, მაგალითად, ჩემს ცხოვრებას, ან შენსას".
ზოგიერთ შემთხვევაში, ბედნიერებაზე უარყოფითი ეფექტები თვალსაჩინოა. მაგალითად, სხვისი აბუჩად აგდება 一 "ნეტა მოკვდე"-ს ძახილით 一 ან ადამიანების კონკრეტული ჯგუფის დამცირება აშკარად საზიანოა. თუმცა სხვა შემთხვევებში ნეგატიური იუმორი, შესაძლოა, ნაკლებად თვალსაჩინო იყოს — ამის მაგალითი სოციალური მედიის გამოყენების ჩვენეული ჩვევებია. "გესლიანი-მარა-სასაცილო მიმები", რომელსაც სოციალურ მედიაში ვპოსტავთ, იმ წამს შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ, დიდი ალბათობით, თქვენი და პოსტის "დამ-ჰა-ჰა-ვებლების" კეთილდღეობის შეგრძნებას მაინც შეამცირებს.
აქვე კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზი იმისათვის, თუ რატომ უნდა იმუშაოთ იუმორის დაფასებაზე 一 მას შეუძლია, ბოლო წელიწად-ნახევარში დაგროვებული უზარმაზარი კოლექტიური ტვირთის შემცირებაში დაგვეხმაროს. როგორც ზემოთ ნახსენები კვლევა გვიჩვენებს, იუმორს ერთგვარი გამაყუჩებელი ეფექტი აქვს 一 ის ტკივილზე ფოკუსირებაში გვიშლის ხელს და ცხოვრების სიამტკბილობებს გვახსენებს.
ეს იდეა ახალი ნამდვილად არაა. ფლორენციელმა მწერალმა ჯოვანი ბოკაჩომ დეკამერონი დაახლოებით 1353 წელს დაასრულა 一 მაშინ, როდესაც ევროპას შავი ჭირი ჰქონდა მოდებული და მოსახლეობის მესამედი ამოეწყვიტა. წიგნში ათი ახალგაზრდა მეგობრის, შვიდი ქალისა და სამი კაცის მიერ მოთხრობილი 100 კომედიური ამბავია აღწერილი 一 პერსონაჟები პანდემიას ქალაქგარეთ მამულში, კარანტინში გამოკეტილები, გაექცნენ. ეს წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და მოსახლეობას ავადმყოფობის მიმართ შიშსა და იზოლაციისგან გამოწვეულ მოწყენილობასთან გამკლავებაში ეხმარებოდა. წიგნი არ გაურბოდა სიკვდილსა და ავადმყოფობაზე საუბარს, თუმცა მათზე დიდ აქცენტსაც არ აკეთებდა. დედააზრი ისაა, რომ რაც უნდა ცუდ გარემოში ვიყოთ, ცხოვრება მაინც სახალისოა 一 თუმცა ამას დავინახავთ თუ არა, ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული.
დღესაც ასეა. ცხოვრებას უხვად აქვს სევდა და ტკივილი, თუმცა ამავე დროს ის მაინც სასაცილოა.
კომენტარები