5 თეორია იუმორის შესახებ — რატომ ან რაზე ვიცინით?
იუმორი ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია. თუნდაც ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს კარგ ხუმრობაზე სიცილისგან თავის შეკავება რთულია — მაშინაც კი, თუ სამიზნე თავად ვართ. დამღლელი დღის შემდეგ თუ რუტინული საღამოს გახალისება გსურთ, სამოქმედო გეგმა მარტივია — შეგიძლიათ, უკვე მრავალჯერ ნანახი ან თქვენთვის უცნობი სიტკომი ჩართოთ. ჩვენ ამ ხერხს იმიტომ მივმართავთ, რომ გამოცდილებით ვიცით, კურიოზულ სიტუაციებზე სიცილს ენერგიის დაბრუნებაც შეუძლია და სამსახურეობრივი სტრესის განმუხტვაც.
როცა ვიცინით, იუმორისტულ სიტუაციაზე ან ხუმრობაზე ფორმულების მორგებას ნამდვილად არ ვიწყებთ, რადგან ჩვენთვის გაუცნობიერებლადაც გასაგებია, თუ რა არის სასაცილო. აი, მეცნიერება კი იუმორით დიდი ხანია, დაინტერესდა და ამ ფენომენის შესახებ მრავალი მოსაზრებაც დაგროვდა. სტატიაში რამდენიმე თეორიას განვიხილავ, რომლებიც იუმორის ახსნას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვთავაზობს.
1. უპირატესობის თეორია — ვიცინით, რადგან თავი სხვებზე უკეთესი გვგონია
უპირატესობის თეორიის მიხედვით, ადამიანში სიამოვნებისა და მხიარულების განცდას იმის გაცნობიერება იწვევს, რომ ის სხვაზე აღმატებულია. ეს შეიძლება საზოგადოებრივ სტატუსს, უნარებს ან კონკრეტულ სიტუაციურ წარუმატებლობას უკავშირდებოდეს. ასეთ დროს ერთი ინდივიდი თავს უპირატესად გრძნობს და ამას იუმორით გამოხატავს.
იუმორის მსგავსი გაგება, ერთი შეხედვით, საკმაოდ ამპარტავნული ჩანს. თუმცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ თეორიის საილუსტრაციო მაგალითებს თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ სიტუაციური უპირატესობის შეგრძნება ყველას გვახასიათებს. მაგალითად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ქმედებებზე შეიძლება ბევრი ვიცინოთ. თუმცა ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ზოგადად სიმთვრალე მიგვაჩნია ჩვენთვის შეუფერებელ მდგომარეობად, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ მომენტში ჩვენ ფხიზელი გონებით აღვიქვამთ სამყაროს და ეს ერთგვარ უპირატესობას გვანიჭებს. ასევე, რომელიმე ონლაინთამაშში დამწყების შეცდომები პროფესიონალისთვის შეიძლება სასაცილო იყოს, იმის მიუხედავად, რომ ეს გზა მასაც გაუვლია.
თუ იუმორის საფუძვლად უპირატესობაზე ხაზგასმას მივიჩნევთ, მაშინ მის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დაცინვა უნდა ჩავთვალოთ. რთულია ამ სამყაროში ისე იცხოვრო, რომ ერთხელ მაინც არ გახდე დაცინვის სამიზნე ან თავად არ დასცინო სხვას. ამას პირდაპირი და უხეში ფორმით შეიძლება არ ვაკეთებთ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომელთა შეხედულებებს არ ვიზიარებთ და სასაცილოდ მიგვაჩნია. ასევე არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლებიც ჩვენთვის სულელურია და მათზე ვიცინით, რადგან გვგონია, რომ ასე არასდროს მოვიქცევით. ასეთ დროს ობიექტური ჭეშმარიტების მხარეს შეიძლება სულაც არ ვიდგეთ, მაგრამ თავს მაინც უპირატესად ვთვლით. სამწუხაროდ, ბევრი პირდაპირ დაცინვასაც არ ერიდება და არ ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ ჩვენი ამგვარი ქცევით თანამოსაუბრეს უამრავი კომპლექსი შეიძლება ჩამოუყალიბდეს.
ეს თეორია ხსნის, თუ საიდან იღებს სათავეს ჩვენგან რაიმე ნიშნით განსხვავებული ინდივიდის დაცინვის სურვილი. თუმცა არის შემთხვევები, როცა უპირატესობას ვგრძნობთ, მაგრამ ამას იუმორამდე კი არ მივყავართ, არამედ სხვა ადამიანის დახმარების, შეცდომაზე მითითების ან თუნდაც საკუთარი ღირებულებების გადაფასების სურვილი გვიჩნდება.
2. განმუხტვის თეორია — ვიცინით, რათა საზოგადოებრივი ზეწოლისგან გავთავისუფლდეთ
მართალია, საზოგადოებაში ცხოვრებას ბევრი სარგებელი მოაქვს, რაც ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ან მარტივს ხდის, მაგრამ ამას გარკვეული შეზღუდვებიც მოჰყვება საფასურად. შეუძლებელია, ყველა საზოგადოებრივი ნორმა მოგვწონდეს, თუმცა იძულებულები ვართ, მათ მიხედვით ვიმოქმედოთ და ჩვენს ზოგ სურვილზე უარი ვთქვათ. განმუხტვის თეორია სწორედ ასეთ რეპრესირებულ სურვილებზე აკეთებს აქცენტს. მის თანახმად, ადამიანი საზოგადოებისგან ნაკარნახევ შეზღუდვებს იუმორის სახეს აძლევს და ამგვარად თავისუფლდება.
ალბათ ნერვული სიცილი ბევრისთვის ნაცნობია. ეს მაშინ ხდება, როცა დაძაბულ ან უხერხულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენი სხეული კი განმუხტვას ამ გზით ცდილობს. თუმცა ასეთი სიტუაციები იუმორის წინაპირობასაც ქმნიან, როცა ჩვენთვის არაკომფორტული სიტუაციისგან თავის დაძვრენას სპონტანური ხუმრობის მეშვეობით ვცდილობთ.
განმუხტვის თეორია მხოლოდ სიტუაციურ იუმორს არ მოიაზრებს, რადგან ჩვენი ანტისოციალური სურვილები უფრო ფართო არეალსაც მოიცავს. შიში, ბრაზი, უსიამოვნება, შფოთვა ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრებია, ხოლო მათი განეიტრალების ერთ-ერთ ფორმად იუმორი გვევლინება. მართლაც, თუ ამ ემოციების გამომწვევ მოვლენებს იუმორის მეშვეობით თვალს გავუსწორებთ, იმ შვებას ვიგრძნობთ, რომელსაც სიცილი იწვევს.
განმუხტვის თეორიას ზიგმუნდ ფროიდიც იზიარებდა და თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა. მისი მტკიცებით, იუმორს მაშინ მივმართავთ, როცა ცნობიერება იმ აზრებისა და სურვილების გამოხატვის ნებას გვრთავს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დათრგუნული ან აკრძალულია. ამ ტიპის ყველა სურვილის ან აზრის პირდაპირ გამოხატვა საზოგადოებრივი წესრიგისთვის დამანგრეველი იქნებოდა. იუმორი კი მათ გარკვეული კონტროლს ქვეშ ტოვებს და ასეთ განწყობებს პოზიტიური ფორმით გადმოსცემს.
ფროიდის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დათრგუნული სურვილი ჩვენი სექსუალური ლტოლვებია, ამიტომაც ხუმრობები ყველაზე მეტად ამ თემას ეხება, რადგან ჩვენს შინაგან ცენზორს გვერდს ვუვლით და ამ ემოციებს ვათავისუფლებთ. ვერ ვიტყვით, რომ ფროიდის ეს შენიშვნა უნივერსალურია, თუმცა ბოლომდე არც მისი უარყოფა იქნებოდა გამართლებული. მოზარდობის ასაკში იმ ხუმრობებზე, რომლებიც სექსს უკავშირდება, ალბათ ყველას გვიცინია, რადგან ეს თემა ამ დროს განსაკუთრებით ტაბუდადებულია. თუმცა ამ ტიპის იუმორისგან არც ზრდასრულები ვიკავებთ თავს და ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და პოპულარულ კულტურაშიც ხშირად გამოიყენება.
3. შეუსაბამობის თეორია — ვიცინით, რადგან ჩვენი მოლოდინები არ მართლდება
შეუსაბამობის თეორია ისეთ ჩარჩოს გვთავაზობს, რომელიც ხსნის, თუ რა ხდის ხუმრობას ან სიტუაციას სასაცილოს. პროცესი ასეთია: ვისმენთ გარკვეულ ამბავს და მისი შინაარსის შესახებ წინასწარი განწყობა გვიყალიბდება — მაგალითად, დაგროვილ გამოცილებაზე დაყრდნობით ვწყვეტთ, რას მიემართება კონკრეტული ცნება. ამბის ბოლოს კი აღმოვაჩენთ, რომ ავტორმა სულ სხვა რამ იგულისხმა, რაც ჩვენს წინასწარ მოლოდინსა თუ ვარაუდს არ ამართლებს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი შინაარსი და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ეს მოულოდნელობის ეფექტი სიტუაციას სასაცილოდ აქცევს.
ამ ტიპის იუმორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მიმები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება. ზოგიერთი მიმი სწორედ ამ პრინციპით მუშაობს: გარკვეულ მოლოდინს გვიქმნის, რომელიც მცდარი აღმოჩნდება და ამის გაცნობიერება სიცილის მომგვრელია.
მაგალითად, ეს მიმი განვიხილოთ:
პირველ ეტაპზე, როცა წინადადებაში შამპუნს ვხედავთ და ვკითხულობთ ფრაზას, რომელსაც თმის მოვლის საშუალებების შეფუთვაზე რეკლამის სახით ხშირად ვხვდებით, მოლოდინი გვიჩნდება, რომ საუბარი დაზიანებული თმის აღდგენაზეა. წინადადების მეორე ნაწილში კი "დაზიანება" ადამიანის შინაგან მდგომარეობას უკავშირდება. აქ შეუსაბამობაა, რადგან ვიცით, რომ ჩვენს მენტალურ პრობლემებს შამპუნი ვერაფერს უშველის და მიმის ავტორმა სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით შემოგვთავაზა ხუმრობა.
თუ შევეცდებით, ჩვენი იუმორი ამ ფორმულას მოვარგოთ ან კონკრეტული ხუმრობა მის ფარგლებში განვიხილოთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ შეუსაბამობის დანახვა საშუალო დონის სირთულეს უნდა წარმოადგენდეს. თუ ადამიანი შეუსაბამობას ვერ აღმოაჩენს, მაშინ ის ვერ მიხვდება ხუმრობას და სასაცილოც არაფერი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, თუ შეუსაბამობა მარტივად გამოსაცნობია, მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგება — მსმენელი აცდენას თავიდანვე მიხვდება და დიდი შანსია, რომ არ გაეცინოს. ასე რომ, ოქროს შუალედის დასაჭერად მსგავსი ხუმრობის თქმისას გირჩევთ, თქვენი აუდიტორიაც გაითვალისწინოთ.
4. იუმორი როგორც სქესობრივი გადარჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი
კვლევების მიხედვით, კარგი იუმორი იმ სასურველ თვისებათაგანია, რომლის მიხედვითაც ადამიანები ხანგრძლივი ურთიერთობისთვის პარტნიორებს არჩევენ. რატომაც არა? დამქანცველი სამუშაო დღის ბოლოს ან კონკრეტული წარუმატებლობის შემთხვევებში ემოციურ თანადგომასთან ერთად მხიარული მუხტის შენარჩუნებაც სასიამოვნოა, რაც შერჩეულ პარტნიორს შეიძლება ბონუსად მოჰყვეს.
მაგრამ ეს ბოლომდე მაინც ვერ ხსნის, ევოლუციის გრძელ და რთულ გზაზე რატომ უნდა განვითარებულიყო იუმორის გრძნობა, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთი შეხედვით გამოუსადეგარი თვისებაა. მტაცებელი, რომელიც საშუალო შესაძლებლობის ჰომო საპიენსზე გაცილებით ძლიერია, ვერც ხუმრობას გაიგებდა და არც კარგი იუმორის გამო შეგიბრალებდა. ფსიქოლოგი ჯოფრი მილერი თავის წიგნში, დაწყვილების ფსიქოლოგია: როგორ განსაზღვრა სექსუალურმა არჩევანმა ადამიანის ბუნების ევოლუცია, ამბობს, რომ იუმორი კრეატიულობას, სპონტანურობასა და მოულოდნელ სიტუაციაზე სწრაფ რეაგირებას უკავშირდება. ეს თვისებები კი მრავალ გამოწვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო.
ზოგიერთ სიტუაციაში სწორხაზოვან სტრატეგიას სასურველ შედეგებამდე მივყავართ, მაგრამ ხშირად მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა უფრო რაციონალური გამოსავალია. მაგალითად, სამაგიდო ან სხვა ტიპის თამაშებში სპონტანურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ოპონენტი დააბნიოს და გამოუვალი მდგომარეობიდან მოგებამდეც კი მიგვიყვანოს. მილერის მიხედვით, სხვადასხვა სიტუაციაში არაპროგნოზირებადი ქცევა ჩვენი წინაპრებისთვის გაცილებით მომგებიანი უნდა ყოფილიყო, რათა მრავალი გამოწვევის წინაშე თავი გადაერჩინათ. მსგავსი მიმართება რომ სასიყვარულო ურთიერთობებსა და პარტნიორის არჩევაზე გადავიტანოთ, კონკურენციისას უპირატესობა იმის მხარეზე იქნებოდა, ვინც მეტად კრეატიული და სპონტანური მეთოდებით შეძლებდა თავისი რჩეულის მოხიბვლას.
მართალია, თანამედროვე სამყაროში მეცნიერება და ჭეშმარიტების დამტკიცება ფანტაზიორობაზე უფრო ფასობს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობი სამყაროს გამოგონილი ისტორიებითა და მითებით აღწერა ჩვენი წინაპრებისთვის ერთობ მიმზიდველი მოსასმენი იქნებოდა. ისტორიის ჩამთრევად მოყოლის უნართან ერთად, მოულოდნელი დასასრულის მქონე განსხვავებული ტიპის მონათხრობი — იუმორის პირველი ჩანასახი გაჩნდა, რომელიც სასურველი ადამიანის მოხიბვლის გზაზე მისი ავტორისთვის უპირატესობად იქცა.
5. იუმორი როგორც თავდაცვის მექანიზმი
ადამიანები ხშირად საკუთარ თავზე ისეთივე წარმატებით ვხუმრობთ, როგორც სხვებზე. ერთი მხრივ, ხუმრობის სამიზნედ ყოფნა არასასიამოვნოა, მეორე მხრივ, თუ ამას თავად ვაკეთებთ, ნაკლებად მტკივნეული და ამავდროულად სახალისოც შეიძლება იყოს. რატომ? იდეალური და სასურველი ცხოვრება ალბათ არავის გვაქვს და არც ყველა მოგონებით ვამაყობთ. თუ საკუთარ შეცდომებსა და წარუმატებლობებს იუმორით შევხედავთ, ეს ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში, არასასიამოვნო ფაქტების აღიარებაში, შემდეგ კი მათთან გამკლავებაში გვეხმარება.
ჩვენ ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას ვიძენთ და ვიცვლებით, ამიტომ იმ ყველაფერმა, რაც რამდენიმე წლის წინ მოგვწონდა, გვსიამოვნებდა ან ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა, დიდი შანსია, ღირებულებების გადაფასების შემდეგ იგივე ემოციები აღარ გამოიწვიოს. მსგავსი გარდაქმნებისთვის თვალის გასწორება რთულია, თუმცა იუმორის თანხლებით ეს პროცესი საგრძნობლად მარტივდება. სწორედ ასე მჟღავნდება იუმორი როგორც თავდაცვითი მექანიზმი.
თვითკრიტიკული იუმორის ერთ-ერთ მოტივაციად ისიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უკეთესია, ჩვენი შეცდომების ან უიღბლობის შესახებ თავად მოვუყვეთ საზოგადოებას, ვიდრე ეს მათ აღმოაჩინონ და თავი უხერხულად ვიგრძნოთ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როცა ადამიანი თავის თავზე უარყოფით ინფორმაციას გვიყვება და ამას იუმორის ელემენტს უმატებს, მსმენელი ყურადღებას სწორედ სახალისო ასპექტზე ამახვილებს, ეს სიამოვნებს და იცინის. შედეგად კი მთხრობელის შესახებ უხერხული ან უსიამოვნო ფაქტი მეორე პლანზე ინაცვლებს. ასე რომ, თუ ზომიერების დაცვა შეგიძლიათ და თვითკრიტიკაში არ გადავარდებით, მაშინ საკუთარ თავზე ხუმრობა ურიგო სულაც არ არის.
იმისგან დამოუკიდებლად, რომელი თეორია ხსნის ამ ფენომენს ყველაზე საფუძვლიანად ან თავად რომელს უფრო ეთანხმებით, უბოროტო, ხარისხიანი იუმორი თითქმის ყოველთვის სასურველი და სასიამოვნოა. შეიძლება, სამეგობრო წრეში მთავარი იუმორისტი ყველა ვერ ვიყოთ, მაგრამ დღეისათვის სოციალური ქსელები ჩვენს გემოვნებაზე მორგებულ ათასობით გვერდსა თუ გადაცემას გვთავაზობს — მათ შორის შეუძლებელია, რამე ისეთი არ აღმოაჩინოთ, რაც თქვენს ახლანდელ გაწყობას ზედმიწევნით შეესაბამება.
კომენტარები