იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თუ ინფიცირების ის ციფრები შენარჩუნდა, რაც დღეს არის, სკოლების საკლასო ოთახებში განახლება, არ მგონია, სწორი იყოს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"თუ ეს ციფრები შენარჩუნდა და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, ლაპარაკი საერთოდ არცერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე არ იქნება. სწავლის განახლება 3-4 ინფიცირებულის ფონზე ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ იყოს სწორი", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბავშვს სკოლაში გავუშვებთ, მას მინიმუმ ვაქცინირებული პედაგოგი და ადმინსიტრაცია უნდა დახვდეს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ პედაგოგთან 40%-ია ვაქცინირებული, რაც ძალიან ცოტაა.

New York Times კორონავირუსის ბოლო 1 კვირის მაჩვენებლების საფუძველზე წერს, რომ 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ პერიოდში ახალი ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 4 908-ია და 100 000 სულ მოსახლეზე 132 ახალ შემთხვევას გულისხმობს. ხოლო დღეში საშუალოდ სიკვდილიანობა 46,9-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 1,26-ია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, დადასტურდა 4 901 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 586 პირი.