იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რადგან ამ საქმიანობაში ხელის შეშლა პირდაპირ ნიშნავს დანაშაულს ადამიანების სიკვდილში. კულუმბეგოვი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სასულიერო პირების მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს Facebook-ზე ეხმაურება.

"სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა (ეს არ ეხება მესტიას) დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, ეკლესიის წარმომადგენლები არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!", — წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა კულუმბეგოვი ბოლო პერიოდში UNICEF-თან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება, რის შემდეგაც ადამიანები იცრებიან.

მაშინ, როცა საქართველო ყოველდღიურად კოვიდ 19-ის მაჩვენებელების ანტირეკორდებს ამყარებს, სასულიერო პირთა გარკვეული ჯგუფი ანტივაქსერული მოწოდებებით გამოდის და ექიმების საქმიანობას, კერძოდ, ბიძინა კულუმბეგოვისას, ნაცისტი ექიმის, იოსებ მენგელის ჩადენილ ქმედებებს ადარებს, რომელიც პატიმრებზე ნების საწინააღმდეგოდ ექსპერიმენტებს ახორციელებდა. სასულიერო პირები, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ და მათ აცრის აუცილებლობაში არწმუნებდნენ, ექიმებს საქმიანობაში ხელს უშლიან და ადამიანებისთვის თავისუფალი ნების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.