NASA-ს ფერად, ფუტურისტულ ილუსტრაციებზე წარმოდგენილია მომავალი, რომელშიც ადამიანებმა სხვა სამყაროებამდე მიაღწიეს. ერთ მათგანზე ხუჭუჭათმიანი ასტრონავტი მთვარის კოსმოსურ სადგურში დალივლივებს, მის უკან, ფონზე კი კრატერებით დაღარული ჩვენი თანამგზავრი მოჩანს. მეორეზე მთვარის ზედაპირზე მყოფი ასტრონავტი შტატივზე შედგმულ კამერას შორეული დედამიწის ფოტოს გადასაღებად ამზადებს. მესამეზე კი ასტრონავტი მარსის დიუნებზე დგას, ხელები კოსმოსური კოსტუმის ჯიბეში ჩაუწყვია და... გვერდით ძაღლი ჰყავს.

სიზუსტე მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ NASA-ს ამბიციური გეგმები მთვარის და მარსის მისიების შესახებ ძაღლებზე არ ვრცელდება (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ეს არ გაუცხადებიათ). ამ ორ ციურ სხეულზე ადამიანების გაგზავნა კი სააგენტოს მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში უნდა.

ამის მიუხედავად, ძაღლები უკვე ყოფილან კოსმოსში. 1950-60-იან წლებში საბჭოთა კავშირი ძაღლებს კაფსულების შიგნით აბამდა და ცაში უშვებდა. ძაღლები ამ შემთხვევაში არა სანდო თანამგზავრები, არამედ კვლევის ობიექტები იყვნენ. ქუჩიდან აყვანილ მაწანწალებს საფრენი სისტემების სანდოობის დასატესტად იყენებდნენ (შეერთებული შტატები მსგავს ტესტებს მაიმუნების რამდენიმე სახეობაზე ატარებდა).

ინჟინრები "წვრთნიდნენ" ძაღლებს: აცმევდნენ მათ კოსმოსურ კოსტუმებს, პატარა ყუთებში დღეების განმავლობაში აჩერებდნენ და მათი მონაწილეობით რაკეტის გაშვების სიმულაციებს ატარებდნენ. თუმცა დასახული მიზნისთვის, სიმართლე ითქვას, გაწვრთნილი თუ გაუწვრთნელი ძაღლი ერთნაირი წარმატებით გამოდგებოდა. 1951 წლის შემოდგომაზე, დაგეგმილ გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე, ძაღლმა, სახელად ბოლიკი, როგორღაც გაქცევა მოახერხა. შეზღუდული დროის გამო, საბჭოთა ინჟინრებმა ქუჩაში პირველივე შემხვედრი ძაღლი აიყვანეს. მას ზიბი დაარქვეს — რუსული აკრონიმი "გამქრალი ბოლიკის შემცვლელის" აღსანიშნავად. მან მისია შეასრულა და დედამიწას უვნებელი დაუბრუნდა.

თუმცა ეს სუბორბიტული ფრენა იყო, რომელსაც დედამიწის გარშემო ბრუნი არ შეუსრულებია. პირველი ძაღლი, რომელიც რეალურად გაფრინდა კოსმოსში, ლაიკა იყო — სამი წლის ყურებდაცქვეტილი მაწანწალა. 1957 წელს მისმა კაფსულამ წარმატებით მიაღწია ორბიტას და სანამ უკან, ატმოსფეროში დაეშვებოდა, დედამიწის გარშემო დაახლოებით ხუთი თვე ბრუნავდა. ლაიკა არ გადარჩენილა. მისი უსაფრთხო დაბრუნება გეგმის ნაწილი არც ყოფილა — კაფსულა ისე იყო მოწყობილი, რომ ჟანგბადი ერთ კვირაში გამოილეოდა. კანქვეშ ჩამაგრებულ სენსორებზე დაყრდნობით, ლაიკას გულისცემა გასამმაგდა გაშვების დროს, სუნთქვა კი გახშირდა. ის მალევე დაიღუპა — სავარაუდოდ, კაფსულის გადახურების გამო.

ფოტო: Public Domain

დროთა განმავლობაში სხვა ძაღლებიც გაიყვანეს დედამიწის ორბიტაზე და ისინი ცოცხლები დაბრუნდნენ. მათ რიგს მალე ადამიანებიც შეუერთდნენ და ოთხფეხებზე კოსმოსური ექსპერიმენტებიც შეწყდა.

თუმცა NASA-ს პოსტერი მიანიშნებს, რომ საბჭოთა ძაღლებისგან განსხვავებით, ოთხფეხები მარსზე არა საცდელ ობიექტებად, არამედ შორეულ მიწებზე ადამიანების დაფასებულ თანამგზავრებად მოიაზრებიან. და მაინც, წარმოიდგინეთ ძაღლის ცხოვრება მარსზე — ასეთი ყოფა მისთვის ალბათ ერთობ რთული იქნებოდა.

მოგზაურობა რაკეტის ძვლებში გამცრელი გაშვებით დაიწყებოდა. მგზავრები დედამიწის გრავიტაციაზე ოთხჯერ დიდ ძალას იგრძნობდნენ თავიანთ სხეულებზე. ეს სტრესული გამოცდილებაა — საუკეთესოდ მომზადებული ასტრონავტებისათვისაც კი გამალებული გულისცემის გამომწვევი. "მგზავრისთვის, რომელიც ვერ ხვდება, რა ხდება მის თავს, მსგავსი აფრენა ბევრად უარესი იქნებოდა", — აცხადებს კლაივ უაინი, ფსიქოლოგიის პროფესორი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ძაღლების ქცევას სწავლობს.

უინს მაგალითად საკუთარი ძაღლი მოჰყავს — შერეული ჯიშის რვა წლის ქსეფოსი, რომელსაც სახელი ძაღლებზე ხშირად მოსაუბრე ძველი ბერძენი სწავლულის, ქსენოფონტის პატივსაცემად დაარქვეს. "დარწმუნებული ვარ, ქსეფოსს მარსზე წასვლა არ უნდა. ის რომ დახურულ და მოზანზარე სივრცეში მოგვეთავსებინა, მგონია, აუცილებლად გაგვაგებინებდა, რომ იქ ყოფნა სულაც არ სურს".

ქსეფოსს ცოტაოდენი ტურბულენტობა მოსწონს — მანქანით მგზავრობისას ჩაწეულ ფანჯარასთან ჯდომით ის დიდ სიამოვნებას იღებს. "თუ ძაღლებს მარსამდე ფრენისას ფანჯრიდან დინგის გამოყოფა შეეძლებათ, ეს სხვა ამბავი იქნება. თუმცა კოსმოსურ მოგზაურობებზე რაც მსმენია, არა მგონია, იქ ფანჯრები იყოს", — ამბობს უინი.

ფანჯრები ნამდვილად არ იქნება. USS Enterprise-ის მსგავსი უზარმაზარი და კომფორტული ხომალდების შენების ტექნოლოგიას ძალიან ბევრი წელი გვაშორებს. პირველი ეკიპაჟიანი ხომალდი მარსამდე, სავარაუდოდ, პატარა, გადაჭედილი და მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი საგნებით აღჭურვილი იქნება. სამოძრაოდ — და მით უმეტეს, ძაღლებთან სათამაშოდ — ასტრონავტებს დიდი სივრცე ნამდვილად არ დარჩებათ.

ფოტო: Aleksey Litvishkov / Dribbble.com

მგზავრობა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის — ძაღლისთვის თუ ადამიანისთვის — რთული ასატანი იქნება; განსაკუთრებით თუ მათი კოსტუმები არ ქმნის ხელოვნურ გრავიტაციას ფეხების და თათების მიწაზე გასაჩერებლად. გრავიტაციის გარეშე სითხეები ორგანიზმში თავამდე ააღწევდა და იქ გაიჭედებოდა. ძვლები და კუნთები გაილეოდა. თვალის გუგები შეიკუმშებოდა და ხედვას დაბურავდა. დედამიწის მაგნიტური ველის გარეშე, მგზავრები დაუცველნი აღმოჩნდებოდნენ რადიაციის წინაშე — ეს მაღალი ენერგიის მქონე სხივებია, რომლებიც სერავენ კოსმოსს და კიბოს განვითარების რისკის გაზრდა შეუძლიათ. ადამიანები ამ მძიმე ექსპერიმენტში მონაწილეობას მოხალისეობრივად, საკუთარი ნებით მიიღებენ, თუმცა ძაღლებს ეს არჩევანი წართმეული ექნებათ. სწორედ ამიტომ, უინის აზრით, ძაღლის ხომალდზე აყვანა არაჰუმანური იქნებოდა.

თუ ძაღლები მოგზაურობას გადაურჩებოდნენ, გამოწვევები მარსზეც გაგრძელდებოდა. თხელ ატმოსფეროში სუნთქვა შეუძლებელია, მიწა კი — მომწამვლელია. წითელ პლანეტაზე გრავიტაცია დედამიწისაზე სამჯერ მცირეა, რაც სხეულებს დამატებით დააზიანებდა. ძაღლი იქ ადამიანების გვერდით, სავარაუდოდ, მცირე ზომის დასახლებაში იცხოვრებდა და გარეთ გასვლას მხოლოდ კოსმოსური კოსტუმით მოახერხებდა.

ძაღლისთვის შესაფერისი კოსტუმის დიზაინის მოფიქრება რთული არ იქნებოდა — NASA-ს კოსმოსში გამოსადეგი ჩაცმულობის შექმნის რამდენიმე ათწლიანი გამოცდილება აქვს. ეს კოსტუმები მცირე კოსმოსური ხომალდებივით მუშაობენ. სავარაუდოდ, ძაღლი ადამიანებთან ისევე დაამყარებდა კონტაქტს, როგორც ღია კოსმოსში მყოფი ასტრონავტები ურთიერთობენ ერთმანეთთან — რადიოთი. ცუგას მითითებების და შექებების მისაღებად ნაჭრის ქუდზე ყურთან ერთ მიკროფონს დაუმაგრებდნენ, მეორეს კი — პირთან იმისთვის, რომ ადამიანებს მისი ყეფა გაეგოთ (NASA-ს ამგვარ ქუდებს სნუპის კეპები ეწოდება, რაც ამ შემთხვევაში ერთობ შესაფერისი სახელი იქნებოდა).

პრობლემა თავად ძაღლის გამოცდილება იქნებოდა კოსტუმს შიგნით, რომელიც მუდამ ერთსა და იმავე ჰაერს დაატრიალებდა. ძაღლებს 300 მილიონი ყნოსვითი რეცეპტორი აქვთ (ადამიანებს — მხოლოდ 6 მილიონი). მათ უყვართ გარშემო ყველაფრის ყნოსვით შემოწმება. ამ გზით ისინი ადამიანის ავადმყოფობასაც კი ხვდებიან. კოსტუმის დახურული გარემო მათთვის მტანჯველი იქნებოდა.

"ძაღლი ვეღარასდროს შეძლებდა ვარდების დაყნოსვას; ვერ ისიამოვნებდა წვიმის სუნით და გუბეებში შეტოპვით; ლამპიონის ქვეშ ახალი სუნის შემჩნევით ვერ იგრძნობდა უბანში სხვა ძაღლის გამოჩენას", — ამბობს უინი.

შეზღუდული ყნოსვით, ძაღლები აღარც ადამიანებისთვის იქნებიან იმდენად სასარგებლოები — სხვადასხვა "პროფესიის" მქონე ოთხფეხებს ხომ სწორედ ყნოსვით წვრთნიან. შეიძლება, მათ ისწავლონ მიწაში კონკრეტული მინერალების ცნობა, მაგრამ ამის გაკეთებას ისინი მხოლოდ დახურულ სივრცეებში, გარედან მოტანილი ნიმუშების დაყნოსვით მოახერხებდნენ. ამ საქმეს კი, სავარაუდოდ, მანქანებიც წარმატებით შეასრულებდნენ.

ასევე პრობლემურია ძაღლის მოსაქმების საკითხიც. ასტრონავტები ღია კოსმოსში გასვლისას სპეციალურ პამპერსებს ატარებენ. მარსის მისიის წევრებს ოთხფეხა კომპანიონებისთვის იმის სწავლებაც მოუწევდათ, როგორ შეეჩვიონ პრობლემის მსგავს გადაწყვეტას.

მარსელი ძაღლების მომავალი თაობები, რომლებიც წითელ პლანეტაზევე დაიბადებოდნენ და გაიზრდებოდნენ, სავარაუდოდ, თავს უკეთ იგრძნობდნენ. იქ დაბადებული ბავშვების მსგავსად, მათ არ მოენატრებოდათ ვარდები ან წვიმა. მაგრამ თუ ძაღლების პირველი ნაკადისთვის ცხოვრება ასეთი რთული იქნება, საერთოდ რატომ უნდა გავგზავნოთ ისინი მარსზე?

"მგონი, ბუნებრივია, რომ სხვა პლანეტებზე საცხოვრებლად წასვლისას ადამიანებს ძაღლების, ქათმების და სხვა მრავალი ცხოველის თან წაყვანა მოუნდებათ. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სადაც წავსულვართ, მუდამ ასე ვიქცეოდით", — აცხადებს ვალერი ფარერ-დუგანი, ფსიქოლოგიის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტიდან, რომელიც ძაღლების ქცევის და აზროვნების ლაბორატორიას ხელმძღვანელობს.

ფოტო: Karina / Renderforest / Dribbble.com

პატრონებისთვის, რომლებიც შინაურ ცხოველებს ოჯახის წევრებად თვლიან, მათი დედამიწაზე დატოვება რთული იქნება. "მე ჩემი ძაღლების გარეშე არსად წავიდოდი", — ამბობს ფარმერ-დუგანი. ხალხის უცხო პლანეტაზე გაგზავნისას მისიათა მესვეურებს მოუწევთ შეეჭიდონ ეთიკურ დილემას: დგას თუ არა სარგებელი, რომელსაც ადამიანები ცხოველებთან ურთიერთობისა და ემოციური მიჯაჭვულობისგან იღებენ, ამ უკანასკნელთა კეთილდღეობაზე მაღლა.

მარსის კოლონიზაციის მომხრეთა ნაწილი ამბობს, რომ NASA-ს პოსტერებზე დახატული ვარდისფერი მომავალი იქ ჩასვლისთანავე ასრულდება. ჟურნალ Popular Mechanics-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილონ მასკს ჰკითხეს, რა გზებით იქნება შესაძლებელი მარსზე საჭმლის, წყლის და საწვავის მოპოვება. "როცა ჩავალთ, ყველაფერი შედარებით სწორხაზოვანი იქნება", — უპასუხა მან.

ეს ერთობ ოპტიმისტური განცხადებაა. მარსზე პირველი მისიები, სავარაუდოდ, სახიფათო და რთული იქნება. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს — ძაღლებზე რომ არაფერი ვთქვათ. ასტრონავტებისთვის მეტად ხელსაყრელი იქნება თან პატარა რობოტები — სამეცნიერო ფანტასტიკაში კოსმოსური მოგზაურობის ხშირი კომპანიონები — წაიყვანონ. კვლევები აჩვენებს, რომ რობოტებს ადამიანებში ემპათიის და მიჯაჭვულობის გამოწვევა შეუძლიათ — განსაკუთრებით მაშინ, თუ Wall-E-ის ჰგვანან. თანაც, მათ მარსის ლანდშაფტებზე საათობით სიარული ისე შეეძლებათ, რომ დედამიწისადმი ნოსტალგიამ არ გააწამოთ.

უინს კიდევ ერთი იდეა აქვს:

"იქნებ, კატების წაყვანა სჯობდეს".