როგორ იყენებდნენ ძაღლებს კოსმოსის შესწავლის ადრეულ წლებში — ფოტოები
სანამ ამერიკის შეერთებული შტატები "კაცობრიობისათვის ერთ გიგანტურ ნაბიჯს" გადადგამდა, საბჭოთა კავშირიდან რამდენიმე მამაცმა ძაღლმა ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, როცა ადამიანებს კოსმოსში მოგზაურობისთვის გზა გაუკვალა.
სახელგანთქმული ფოტოგრაფის, მარტინ პარისა და მწერლის, რიჩარდ ჰოლინგამის ახალი წიგნი, საბჭოთა ძაღლები: ცნობილი ოთხფეხა კოსმონავტების ისტორია, იმ საბჭოთა ძაღლების გაუხმაურებულ ამბებზე გვიყვება, რომლებიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში კოსმოსში პილოტირებული ფრენის წინამორბედებად გაუშვეს. ძაღლებს, მათ შორის ბელკასა და სტრელკას, რომლებიც ორმხრივი კოსმოსური მოგზაურობის პიონერები გახდნენ, ორბიტაზე იმის უკეთ გასაგებად გზავნიდნენ, თუ როგორ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი ნულოვანი გრატივაციის პირობებში. დაბრუნებისთანავე ციცქნა ასტრონავტებს გმირებად რაცხავდნენ. მათ, როგორც ამ წიგნიდანაც ცხადდება, პოპულარობის ისეთ დონეს მიაღწიეს, რომ მომდევნო წლებში წარმოშობილ ფენომენს, ბიტლომანიასაც კი უწევდნენ მეტოქეობას.
წიგნის ავტორი, რიჩარდ ჰოლინგამი ძაღლების გასაოცარ და საგმირო ისტორიას გვიზიარებს და გვიყვება, თუ როგორ იმოგზაურეს მათ იქ, სადაც არც ერთ ძაღლს - და არც ადამიანს - მანამდე ფეხი არ დაედგა.
რამ აქცია ძაღლები ადრეული კოსმოსური მოგზაურობისათვის იდეალურ კანდიდატებად?
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, შეძლებდნენ თუ არა ადამიანები კოსმოსის უწონადო მდგომარეობაში გადარჩენას. ეს იმ დროისთვის მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა იყო.
არსებობდა მოსაზრება, რომ ძრავის აჩქარება გულს გახეთქავდა, სუნთქვას შეაჩერებდა და რომ უწონადობაში მთლიანი მეტაბოლიზმი ფუნქციონირებას შეწყვეტდა. რადგან ჩვენ, როგორც არსებები, იდეალურ მიკროგრავიტაციულ გარემოში განვვითარდით, ზოგს სჯეროდა, რომ გრავიტაციის გარეშე კოსმოსის პირობებს ჩვენი ორგანიზმი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა ომში მოპოვებული გერმანული V-2 რაკეტების გამოცდა და თავიანთი სარაკეტო ტექნოლოგიის დახვეწა დაიწყეს. არც ერთ მხარეს დასჭირვებია დიდი ხანი იმისათვის, რომ, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, რაკეტებში ცხოველების ჩასმის იდეა დაბადებოდათ.
ლოგიკურია, რომ თავდაპირველად გასაფრენად მწერების ან, თუნდაც, თაგვების გამოყენების იდეა გაჩენილიყო - როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს. ყველა ეს ცხოველი მიწაზე უვნებელი დაბრუნდა. არც ისაა მოულოდნელობა, რომ ამის შემდეგ ბიოლოგიურ სხეულზე კოსმოსის ზემოქმედების უკეთ გასაგებად ადამიანებთან ახლოს მდგომი არსებების გამოცდა გახდა საჭირო. რუსებმა, რომლებსაც სამეცნიერო ექსპერიმენტებში ძაღლების გამოყენების გამოცდილება უკვე ჰქონდათ, მსგავსი სამუშაოების შესრულების გზა ამ ოთხფეხა მეგობრებში ნახეს.
პირველი ფრენები 1940-იანი წლების სტალინურ რუსეთში, საბჭოთა კავშირის მიერ V-2 რაკეტის განახლებული ვერსიების გამოცდის პერიოდში შედგა. საბჭოთა მეცნიერებმა, არსებითად, V-2 რაკეტა დაშალეს, მასში თავიანთი სარაკეტო ცოდნა ჩატვირთეს, გააუმჯობესეს და ზედა ნაწილის კუპეებში, სადაც ბომბები უნდა განთავსებულიყო, ძაღლების გასაფრენად ჩასმა დაიწყეს.
შეეწირა თუ არა ამ ძაღლთაგან რომელიმე კოსმოსურ გაფრენას?
რიჩარდ ჰოლინგამის თქმით, მიზანი ის იყო, რომ ცხოველები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ. პროგრამისათვის მაწანწალა ძაღლებს მოსკოვის ქუჩებში იჭერდნენ. როგორც წესი, ინჟინრები დედალ ძაღლებს იყენებდნენ, რადგან მათ მოშარდვისას ფეხის მაღლა აწევა არ სჭირდებოდათ - კაფსულები ერთობ ვიწრო იყო, ამიტომ ძუ ცხოველების ეს უნარი მთლიან პროცესს აადვილებდა. ამასთან, მათ კარგად უვლიდნენ - ალბათ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ისინი უყვარდათ კიდეც. ძაღლები ხანგრძლივ და საფუძვლიან მომზადებას გადიოდნენ, პატარა სკაფანდრებით იყვნენ აღჭურვილები და კოსმოსურ გარემოსთან შესაგუებელი წვრთნაც უტარდებოდათ.
თუმცა ის, რომ ბევრი მათგანი მოკვდა, გასაკვირი არაა. კოსმოსში ფრენა სარისკო საქმეა. შეიძლება, რაკეტა აფეთქდეს. შეიძლება, ატმოსფეროში ხელმეორედ შეღწევა წარუმატებელი აღმოჩნდეს. რთულია, სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებლის დასახელება, რადგან კოსმოსში გაგზავნილ ყველა ძაღლზე მონაცემი არ გაგვაჩნია, მაგრამ მათი დაახლოებით ნახევარი მგზავრობას ცოცხალი ვერ გაურჩა. თუმცა ეს მიზანმიმართულად არასდროს მომხდარა; ძალიან ცოტა იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მესვეურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ძაღლები მოკვდებოდნენ.
როგორ ხვდებოდა კოსმოსიდან დაბრუნებულ ძაღლებს საზოგადოება?
ჰოლინგამის აზრით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ ძაღლთაგან, რომელთა უკან დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ იცოდნენ, ერთ-ერთი ლაიკაც იყო - პირველი ძუძუმწოვარი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოხვდა. 1957 წელს პირველი სატელიტის, სპუტნიკ 1-ის ორბიტაზე გაშვების შემდეგ, საბჭოელებს ძაღლის კოსმოსში აფრენა კი შეეძლოთ, მაგრამ მისი უკან დაბრუნებისთვის საჭირო ტექნოლოგიას ჯერ არ ფლობდნენ. ამიტომ, როდესაც სპუტნიკ 2-ის კაფსულის კარი დახურეს, მათ იცოდნენ, რომ ლაიკა დაიღუპებოდა.
მიზანი ის იყო, რომ ძაღლი კაფსულაში მშვიდად და უმტკივნეულოდ მომკვდარიყო. სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა - კაფსულა გადახურდა და ძაღლი, დიდი ალბათობით, მტანჯველი და მტკივნეული სიკვდილით დაიღუპა. ჰოლინგამი ამას იმიტომ უსვამს ხაზს, რომ ლაიკა კულტურულ ცნობიერებაში სულ სხვაგვარადაა ჩაბეჭდილი - ის ხშირად სტოიციზმის სიმბოლოს განასახიერებს და საბჭოთა რუსებისთვის, ფაქტობრივად, დედა-სამშობლოსთანაც კი ასოცირდებოდა. მისი ყველა სურათი, ნახატი თუ ილუსტრაცია ღირსეული და სერიოზულია.
მაგრამ როგორც კი საქმე ბელკასა და სტრელკაზე მიდგა - პირველ ძაღლებზე, რომლებმაც 1960 წელს დედამიწის ორბიტაზე ბრუნი გააკეთეს და მიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ - ყველა მომენტალურად ჭკუიდან შეიშალა! რას აღარ ნახავდით მათი გამოსახულებით - საახალწლო დეკორაციებს, სიგარეტის ყუთებს, ემბლემებსა და კედლისა თუ მაჯის საათებს, სათამაშო კოსმოსურ ხომალდებსა თუ სამარილეებს. ისინი, ფაქტობრივად, სუპერვასრკვლავებად იქცნენ.
ისევ აგზავნიან ცხოველებს კოსმოსში?
აქ მთავარი იმის დამახსოვრებაა, რომ ძაღლების ამ ფრენებს ფუჭად არ ჩაუვლია, - გვეუბნება ჰოლინგამი. ლაიკადან დაწყებული და ბელკათი და სტრელკათი ან თუნდაც კოსმოსში გასული უკანასკნელი ძაღლებით დამთავრებული - თითოეული ძაღლის გაფრენის შედეგად მოპოვებული ცოდნა ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების პროგრამას მოემსახურა. თუკი რამე ვიცით უწონადობაში ასტრონავტების არსებობის შესახებ, ამას ძაღლების კოსმოსში ნაჩქარევად დაგეგმილ პიონერობას უნდა ვუმადლოდეთ. მაგრამ დღეს უკვე აღარავინ უშვებს კოსმოსში ძაღლებს; და არც - შიმპანზეებს, როგორ ამას აშშ აკეთებდა. თუმცა ვირთხები და მწერები კოსმოსში დღესაც ხშირად გამოიყენებიან.
რეალობა ის არის, რომ დღესდღეობით ექსპერიმენტების უმეტესობა ადამიანებზე ტარდება. ცოტა ხნის წინ სკოტ კელიმ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სრული წელიწადი გაატარა. კოსმოსში ნამყოფ ყველა ასტრონავტს სისხლს უღებენ, კუნთების ბიოფსიას უტარებენ და სხვადასხვა კუთხით იკვლევენ. შესაბამისად, კოსმოსური ექსპერიმენტებისთვის ახლა უკვე ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებს იყენებენ, თუმცა კოსმოსის ძაღლების გზაგამკვალავი ღვაწლის წინაშე ჩვენ ჯერ კიდევ ვალში ვართ.
კომენტარები