რატომ გზავნიდა კოსმოსში საბჭოთა კავშირი ძაღლებს, ამერიკა კი - პრიმატებს
მეცნიერებმა არ იცოდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდათ ადამიანებს უწონადობის პირობებში, ამიტომ კოსმოსში ჯერ ცხოველები გაგზავნეს.
კოსმონავტი გაფრენამდე ერთი დღით ადრე გაიქცა. წვრთნა რთული და დამაბნეველი იყო. საჭმელი არ ვარგოდა. ასეთ პირობებზე იგი არასოდეს დათანხმებულა.
ვერც დათანხმდებოდა: ის ძაღლი იყო.
მოსკოვის საავიაციო მედიცინის ინსტიტუტის მკვლევრები შემცვლელის ძებნას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. მათ ქუჩაში მაწანწალა ძაღლს დაავლეს ხელი და ზიბი დაარქვეს - რუსული აკრონიმი, რომელიც "გამქრალი ბობიკის შემცვლელს" აღნიშნავდა. ზიბი კაფსულაში მოათავსეს, რაკეტაზე მიაბეს და სამყაროს დასალიერში გადაისროლეს. იგი უკან უვნებელი დაბრუნდა.
ეს ისტორიული სუბორბიტული გაფრენა 1951 წლის სეტემბერში შედგა. მაშინ საბჭოთა კავშირი ადამიანების ორბიტაზე გასაშვებად პროგრამას ავითარებდა, ძაღლები კი საცდელ ობიექტებს წარმოადგენდნენ. პარალელურად, მსოფლიოს მეორე მხარეს აშშ მსგავს ბიოსამედიცინო კვლევებს ატარებდა, რომელშიც ძაღლების ნაცვლად პრიმატებს, მათ შორის შიმპანზეებს იყენებდა.
გაჩენის დღიდან ადამიანები გარესამყაროსაგან დაცულად ცხოვრობდნენ კოსმოსური თავსაბურველის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ატმოსფეროს ვუწოდებთ. არავინ იცოდა, რა გავლენა ექნებოდა ჩვენს ორგანიზმზე უწონადობას. სამედიცინო დარგის ზოგიერთ ექსპერტს ეგონა, რომ უწყვეტი გრავიტაციული მიზიდულობის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ისეთ ძირითად ფუნქციათა შესრულებასაც კი ვერ შეძლებდა, როგორიცაა ყლაპვა და გულისკენ სისხლის გადატუმბვა.
"ის, რომ ცხოველებსა და ადამიანებს კოსმოსში ფუნქციონირება შეუძლიათ, დღეს უკვე საყოვალთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ იმ დროს ამის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდით", - ამბობს ბილ ბრიტცი, ამერიკელი ვეტერინარი. ის იმ შიმპანზეებთან მუშაობდა, რომლებიც 60-იან წლების დასაწყისში კოსმოსში გაგზავნეს.
ცივ ომში დაპირისპირებულ მხარეებს მიზანი საერთო ჰქონდათ: დაემტკიცებინათ, რომ ორბიტაზე გაფრენილი ცხოველები გადარჩებოდნენ. რაც, თავის მხრივ, იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ადამიანებიც შეძლებდნენ იმავეს გაკეთებას. მაგრამ რატომ იყენებდა საბჭოთა კავშირი ძაღლებს, ხოლო ამერიკა - პრიმატებს?
ზიბის ამბავი ამის ამხსნელი ერთი მეტად პრაქტიკული მიზეზის ილუსტრირებას ახდენს: ძაღლები ყველგან იყვნენ. მოსკოვის ქუჩები გადაჭედილი იყო ამ მაწანწალა ოთხფეხებით - უფასო მოხალისეებით, რომელთაგანაც ექსპერიმენტებში მონაწილეობის თანხმობის მისაღებად გარჯა საჭირო არ იყო.
საბჭოთა კავშირს სამეცნიერო კვლევებში ძაღლების გამოყენების უკვე დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა, ამბობს ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი, ემი ნელსონი, რომელიც საბჭოთა კავშირის კოსმონავტ ძაღლებს იკვლევს. გასული საუკუნის დასაწყისში ივანე პავლოვმა ძაღლებზე ჩატარებული კვლევების შედეგად შექმნილი ნაშრომით აღწერა დასწავლის პროცესი, რომელსაც დღეისათვის კლასიკური განპირობებულობა ეწოდება. ესაა რეფლექსური ქცევა, რომელიც სტიმულსა და რეაქციას ერთმანეთთან აკავშირებს. პავლოვმა ძაღლების საჭმლის მომნელებელი სისტემის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ საკვლევ ლეკვებს ნერწყვდენა მანამდე ეწყებოდათ, ვიდრე მათ ხორცს მისცემდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ლეკვებს გემრიელი ნუგბარის მოახლოების შესახებ რაღაც წინასწარ აცნობებდათ.
პრიმატების მოპოვება შედარებით რთული იყო. როგორც ბრიტცი აღნიშნავს, ისინი აფრიკიდან, კერძოდ კი კონგოს რეგიონიდან მოჰყავდათ. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო განაყოფმა, რომელიც პრიმატების ამერიკაში გადასაფრენად ჯერ კიდევ NASA-ს დაარსებამდე ასრულებდა რეისებს, აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოში მცხოვრებ მონადირეებს ათეულობით მცირეწლოვანი შიმპანზის შესაგროვებლად ფული გადაუხადა. კვლევის ობიექტთა უმრავლესობამ პროგრამის სათაო ოფისამდე - ნიუ მექსიკოში მდებარე ჰოლომანის საჰაერო ძალების ბაზამდე - ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიაღწია. ბაზაზე მომუშავე ცხრა ვეტერინარიდან რვას შიმპანზეებისაგან ჰეპატიტი გადაედო. ბრიტცი ერთადერთი იყო, ვინც ავად არ გამხდარა.
შიმპანზეები ერთიდან ორ წლამდე ასაკისანი იყვნენ. "პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ", - ამბობს ბრიტცი, - "ვეთამაშებოდით ხოლმე". იგი იხსენებს, როგორ დაურეკეს ერთ ღამეს და აცნობეს, რომ ჰოლომანის ბაზის ერთ-ერთ შენობაში სინათლე ციმციმებდა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ შიმპანზეს ბოქლომი გაეხსნა, გალიიდან გამოსულიყო და გაქცევაში სხვასაც დახმარებოდა. ისინი ლაბორატორიაში დარბოდნენ, სინათლის ჩამრთველებით თამაშობდნენ და ქიმიკატებით გაჟღენთილ საფენებს კონტეინერებიდან ერთმანეთის მიყოლებით ისე იღებდნენ, თითქოს უბრალო ხელსახოცები ყოფილიყოს.
ვეტერინარებსა და ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამერიკელმა მკვლევრებმა პრიმატები ადამიანებთან მათი ფიზიოლოგიური მსგავსებების გამო შეარჩიეს. ამასთად, შიმპანზეები განსაკუთრებული გონიერებითაც გამოირჩეოდნენ. მეცნიერებმა მათ ისეთი მარტივი დავალებების გაკეთება ასწავლეს, როგორებიც ცხოველებს ფრენის დროს უნდა შეესრულებინათ. ამით კოსმოსური პროგრამის მესვეურები კიდევ ერთ კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს - შესაძლებელი იყო თუ არა, უწონადობის მდგომარეობაში გონზე დარჩენილიყავი და რაიმე გაგეკეთებინა. შიმპანზეებს მოციმციმე ნათურების გამოყენებით სახელურების გარკვეული თანმიმდევრობით ჩამოწევა ასწავლეს. თუ წვრთნისას შეცდომას დაუშვებდნენ, პრიმატებს ფეხებზე მსუბუქ ელექტრულ შოკს ურტყამდნენ, სწორი მოძრაობების სანაცვლოდ კი ბანანის ნაჭრებით აჯილდოებდნენ. ხანმოკლე ფრენებისას შიმპანზეები სახელურებს მთელი მისიის განმავლობაში, აფრენიდან დაშვებამდე ეხებოდნენ.
ძაღლებს მსგავსი დავალებების შესრულებას ვერ მოსთხოვდნენ, მაგრამ, როგორც ნელსონი აღნიშნავს, საბჭოელებს ეს არ აწუხებდათ. მათ პირველ კოსმონავტებს პილოტირება დიდად არც მოუხდებოდათ. კაფსულა, რომლითაც იური გაგარინმა, კოსმოსში გაფრენილმა პირველმა ადამიანმა, იმგზავრა, ხმელეთიდან იმართებოდა, ხომალდზე არსებულ მექანიკურად სამართავ კონტროლთა გამოყენება კი მხოლოდ კრიტიკული სიტუაციებისათვის იყო განსაზღვრული. ამის საპირისპიროდ, ალან შეპარდი - პირველი ამერიკელი, რომელმაც კოსმოსში ანალოგიური ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა, თავის კაფსულაში უამრავ ჩამრთველს, ღილაკსა და სახელურს უმკლავდებოდა.
ნელსონი აღნიშნავს, რომ სხვა ცხოველების, კერძოდ მაიმუნების, გამოყენებაზე საბჭოელი მეცნიერებიც ფიქრობდნენ. ისინი ცირკს ესტუმრნენ და მაიმუნების მომთვინიერებლებს გაესაუბრნენ იმის თაობაზე, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ ეს ცხოველები რაკეტით გაფრენას. "მათ კი უპასუხეს: არა, ისინი მეტისმეტად ფიცხები და ტემპერამენტულები არიან იმისათვის, რომ მსგავსი ექსპერიმენტის წნეხს გაუძლონო", - ამბობს ნელსონი.
თუ კოლინ ბერჯესისა და კრის დაბსის მრავალი ისტორიული ფაქტის შემცველ წიგნს, ცხოველები კოსმოსში, დავუჯერებთ, ცხოველების წვრთნა ორივე ქვეყანაში ინტენსიური ხასიათისა იყო და დღეს დიდი ალბათობით ცხოველებზე ძალადობად ჩაითვლებოდა. კოსმოსური ხომალდის ჩაკეტილი სივრცის სიმულაციის მიზნით ძაღლები საათობით ჰყავდათ პატარა კონტეინერებში გამომწყვდეული. მათ ხმამაღალი ბრახუნის ხმებს ასმენინებდნენ და ცენტრიფუგაში ყველა მიმართულებით ატრიალებდნენ, რათა იმ უკიდურესი პირობების იმიტაცია შეექმნათ, რომელსაც ცხოველები რაკეტის კოსმოსში გაშვებიდან ხმელეთზე დაშვებამდე წააწყდებოდნენ. იმავე დროს ამერიკაში პრიმატებს მოტორული უნარების წვრთნასთან ერთად ანალოგიური რყევებისა და ხმაურის გადატანა უწევდათ.
ამერიკელებმა საცდელი ფრენები 1948 წელს მაკაკის გვარის მაიმუნების, რეზუსების გამოყენებით დაიწყეს. საცდელ ცხოველთაგან პირველი ექვსი გაიგუდა ან აფრენა-დაფრენისას მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. პრიტცი აღნიშნავს, რომ შიმპანზეებს, რომლებიც კოსმოსში ადრეულ 60-იან წლებში გაფრინდნენ, უკეთესი ბედი ხვდათ წილად. იგი იხსენებს, როგორ მოინახულა ატმოსფეროს მიღმა გასული და უკან უვნებლად დაბრუნებული ჰემი, კოსმოსში გაგზავნილი პირველი შიმპანზე. "ის იდეალურ მდგომარეობაში იყო", - ამბობს ბრიტცი ჰემის შესახებ, რომელმაც დარჩენილი სიცოცხლე, 1983 წლამდე, ზოოპარკებში გაატარა. ენოსი, კოსმოსში გაფრენილი მეორე და უკანასკნელი შიმპანზე, მოგზაურობას კი გადაურჩა, მაგრამ დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში ბაქტერიული ინფექციისაგან მოკვდა, რომელსაც, ბრიტცის თქმით, ფრენასთან კავშირი არ ჰქონია.
საბჭოთა კავშირის კოსმონავტი ძაღლები დავიწყებას არ მისცემიან, მათ გამოსახულებებს მაღაზიებში არაერთ ნივთსა და სუვენირზე წააწყდებით: მაისურებიდან დაწყებული, მატრიოშკას თოჯინებით დამთავრებული. მსგავსი სახით შემორჩენილი ხსოვნა მის მიღმა არსებული ნაკლებად მიმზიდველი რეალობის შელამაზებული ვერსიაა. ლაიკა, პირველი ძაღლი, რომელმაც 1957 წელს კომოსში იმოგზაურა და დედამიწის ორბიტას შემოუარა, აფრენისას გამალებით სუნთქავდა, გული კი ნორმალურზე სამჯერ მეტი სიხშირით უცემდა. საბჭოელებს ეს მისია ძაღლის დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნებაზე არ ჰქონიათ გათვლილი და ლაიკაც გაფრენიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, კოსმოსში ყოფნისას დაიღუპა კაფსულაში არსებული მეტისმეტად მაღალი ტემპერატურის გამო.
"რუსები მომხდარს ძალიან განიცდიდნენ, განსაკუთრებით ლაიკა ეცოდებოდათ", - აღნიშნავს სმითსონის ავიაციისა და კოსმონავტიკის ეროვნული მუზეუმის ისტორიის განყოფილების კურატორი, კეტი ლუისი, - "მისიის მთავარმა მკვლევარმა, ოლეგ გაზენკომ, რომელმაც ლაიკა კოსმოსში იმის მიუხედავად გაგზავნა, რომ იცოდა, იგი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა, სიკვდილამდე განაცხადა, რომ თავის კარიერაში მხოლოდ ამას ნანობდა". ლუისი აღნიშნავს, რომ გაზენკომ გაფრენის წინა დღეს ლაიკა თავისთან სახლში წაიყვანა, რათა ძაღლს მის შვილებთან ეთამაშა.
საბჭოთა კავშირმა ძაღლების კოსმოსში გაშვება 60-იან წლებში შეწყვიტა. დაახლოებით ამავე პერიოდში აშშ-მაც დაასრულა პრიმატების პროგრამა, თუ არ ჩავთვლით საიმირის გვარის ორ მაიმუნს, რომლებიც 1985 წელს ასტრონავტებს კოსმოსურ ხომალდში, სპეის შატლში დაემგზავრნენ და ცოცხლებიც გადარჩნენ. ბრიტცის თქმით, ჰოლომანის დაწესებულებამ პროექტ მერკურის მონაწილე თითქმის ყველა ასტრონავტის გაფრენისათვის მოსამზადებლად გაწვრთნა შიმპანზეები. ჰემი ალან შეპარდის ფრენისთვის განკუთვნილი საცდელი ობიექტი იყო, ენოსი კი - ჯონ გლენისათვის, რომელიც პირველი ამერიკელი გახდა, ვინც პლანეტის ორბიტის გარშემო იმოგზაურა. მას შემდეგ, რაც გლენი კოსმოსში გაფრინდა და განაცხადა, რომ მოგზაურობა სინამდვილეში "საოცრად სასიამოვნო" იყო, შიმპანზეების პროგრამა გაუქმდა.
მეცნიერები ამის შემდეგ იმ ცხოველების გამოყენებაზე გადავიდნენ, რომლებიც დღეისათვის ლაბორატორიული კვლევისათვის უფრო მისაღებ ობიექტებად მიიჩნევიან, კერძოდ კი - მღრღნელებზე. ეს მომცრო არსებები კოსმოსთან დაკავშირებულ ისეთ კომპლექსურ კითხვებზე პასუხების პოვნაში დაეხმარნენ მეცნიერებს, როგორიცაა კოსმოსური გამოსხივების გავლენა ჯანმრთელობაზე. "ერთი ცხოველის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებას სარწმუნო მეცნიერულ მონაცემად ვერ ჩავთვლით, მაგრამ როცა ეს ცვლილება 30 თაგვში აღინიშნება, მაშინ უკვე მიზეზშედეგობრივი კავშირების არსებობაზე საუბარიც შეიძლება", - აღნიშნავს რიჩარდ ზიმონდსი, ვეტერინარი, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში NASA-ში მუშაობდა და იმ თაგვებს უწევდა მეთვალყურეობას, რომლებიც ხომალდ Apollo 17-ით მთვარეზე გაემგზავრნენ.
დღეს, როცა თითქმის 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის საკვლევი ძაღლი ბაზიდან გაიქცა და დარჩენილი სიცოცხლე მიწაზე მყარად მდგარმა გაატარა, მეცნიერები კვლავ განაგრძობენ კოსმოსში ცხოველების გაგზავნას. NASA-ს თანახმად, ამ მომენტში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე თაგვი იმყოფება და დედამიწის გარშემო ორბიტაზე ასტრონავტებთან ერთად ბრუნავს.
ამავე თემაზე:
როგორ იყენებდნენ ძაღლებს კოსმოსის დაპყრობის ადრეულ წლებში — ფოტოები.
კომენტარები