რას ვწერთ, როდესაც სხეულს საყვედურისთვის აღარ სცალია
სულ მინდოდა კაცებს მენსტრუაცია ჰქონოდათ. როგორ და რანაირად გამოვიდოდა ეგ ამბავი, მაგაზე აღარ მიფიქრია. ალბათ, რაღაც უცნაური ჰიგიენური საშუალებები ექნებოდათ, მენსტრუალურ ჭიქას ან ტამპონს როგორ გამოიყენებდნენ... ფხუკ... წაგსკდება ადამიანს სიცილი. ან, პრინციპში, იქნებ სასქესო ორგანოების დროებით გაცვლა შეიძლებოდეს. ასე ბუნებრივი რესურსები დაიზოგებოდა და იქნებ გლობალური დათბობაც აგვეცილებინა თავიდან. მეც ცოტა ხნით გავხდებოდი კაი ყვერებიანი ვაჟ-ქალი და ქედმაღლურად ვისარგებლებდი ყველა უპირატესობით. მამა-პაპურ სუფრებზე სადღეგრძელოებისას კი მექნებოდა ფეხზე წამოდგომის ვალდებულება, მაგრამ რა, შეიძლება ცალი ხელით ჩუმად ბარძაყები დაიზილო და ცელულიტები დაიმასაჟო. ყველაფერს მოხერხება უნდა, ყველაზე მეტად კი მაინც ფეხზე მდგარი ფსმა ასწორებს, ჩემი აზრით.
სინამდვილეში კი, არასდროს მდომებია, კაცებს მენსტრუაცია ჰქონოდათ და არც ის მნდომებია, ქალებს არ ჰქონოდათ. ვინ აღუდგება წინ ბუნებრივ მოცემულობას, ის ყოველთვის დგას "მინდასა" და "არ მინდას" მიღმა, ეგ არის და ეგ. წერტილი.
აი, ხანდახან, როდესაც აფთიაქი ახლოს არაა და მე გამაყუჩებლის ყიდვა მავიწყდება, მაშინ მაინც ჭირვეული ბავშვივით ამოვიჩემებ ხოლმე, რომ არ მინდა მენსტრუაცია მქონდეს. ეს შეიძლება სამ თვეში ერთხელ მოხდეს; ან კიდევ მაშინ, როდესაც აბაზანას ვსაჭიროებ, მე კი გარეთ ვარ და გავსებული საფენი კანზე მეკრობა და მაწუხებს; ან კიდევ მაშინ, როდესაც ტკივილები, ძილიანობა, გულისრევის შეგრძნება, კანქვეშ ქავილის შეგრძნება, სხეულის დასიების და დაბუჟების განცდები მაწუხებს. ეს, ალბათ, თვეში 7-10 დღეზე შეიძლება გადანაწილდეს, მეტზე არა. მოკლედ, არაუშავს. მინდა, მაგრამ არაუშავს, საერთოდ Who Cares? ჰოუმოფისის მადლმა, დილით რვა საათზე (სორრით, სორრით, რვას რომ თხუთმეტი წუთი უკლია!) პირდაპირ საწოლში წამოვჯდები და ლეპტოპს ახლოს მოვიჩოჩებ. სარკეში ჩახედვა საჭირო არ არის, მოდი, მერე იყოს, დეითსაც გადავდებ, ვარჯიშსაც გადავდებ, სახლის მილაგებასაც გადავდებ, ესსეს დაწერასაც გადავდებ, ვორქშოფზე წასვლასაც გადავდებ, ცხოვრებასაც გადავდებ...
"მენსტრუაციის შვებულება დისკრიმინაცია არიიიიიიიიიიიიიიი" — ჰკივის ერთი ქალი კომენტარებში. ყური ამტკივდა და წუილი დაიწყო. უცებ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ტკივილი და ეგეთები ნორმალური არააო და ექიმთან ვიზიტია საჭიროო და რაის შვებულებაო. შევწუხდი, ჩემი ბრალია, ხალხო, ამხელა ქალს ფული რომ არ მაქვს, აბა ვისი ბრალია. აღარ ვიცი როგორ გამოვასწორო ჩემი შეცდომა და უცებ მომდის groundbreaking იდეა — აი, დიდი გოგო რომ გავიზრდები, ექიმი გამოვალ და მენსტრუაციას მოვარჩენ ან პოლიტიკოსი გამოვალ და პმს-დან დაწყებული მენსტრუაციით დამთავრებული ყველაფერს
"ავგძალავ" (ოვულაცია იყოს, ჯანდაბას). დიახ! ბუნდღა აღარ უნდა იყოს (აქ შავ სათვალეებიანი ემოჯი უხდება)! ამ ეტაპზე კი ჩემს ბრალეულობაში ამოგანგლული ბალიშის ქვეშიდან ვაჩოჩებ ჰიგიენურ საფენს და აბაზანისკენ მივბობღავ.
ქალი მაინც ოხერია, ხომ იცი?! ჩვენ, საერთოდ, ეშმაკზე ადრე დავიბადეთ და ეშმაკს ჩვენს გემოზე ვაკაჩავებთ. სანამ რამის "აგძალვის" ტრაკი არ მაქვს, ვინმეს გამოვძებნი, რამეში ხელი წამიკრას. სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა არ უნდა დაგვავიწყდეს. ვიღებ მარკერს, A4 ზომის ფურცელს და და ვაწერ: "ვინმე მოდით და გამაძლიერეთ, სართული 4, ბინა XX", პირდაპირ შესასვლელში ვაკრავ და გულდამშვიდებული ვბრუნდები ჩემს ჰოუმოფისში.
არა, პოსტერი, რა თქმა უნდა, არ გამიკრავს. არც დახმარება მითხოვია. მაგრამ არსებობენ კომპანიები, ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ პროექტებს გეგმავენ და დაგეგმავენ მომავალშიც. ცოდნით კი უკვე ყველაფერი იციან. ისიც იციან, რომ ახლა მე სანამ "ქუხნაში" ვარ, ან ქუჩაში ვიღაცა ყლეკაცას რეპლიკებს ვებრძვი ან ვითმენ ჩემი უკანალის შესახებ, რომელიც არ მაქვს (დღეში ათ-ათი ჩაჯდომა რომ ვაკეთო წონებით, ნეტა შედეგი მექნება?), ვერ მექნება რესურსი ვიყო ჩემი თავის ან სხვა ქალების ხმა.
"ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი", არც მურტალოს ვეძებ, შვიდი ტყვია კისტის თოფითაც არ გამისვრია ბავშვობაში და არც ვინმესთვის სამსჯავროს მოწყობა მინდა. წერეთ ხალხო, ოღონდ თქვენ წერეთ და ჩემი კარგიც არ მოვტყან (მოვტყან თუ მოვსტყან?)?! ვუბრუნდები ჩემს ოთახს, ჩემს მოკრძალებულ სივრცეს, ვინტაჟურად გაწყობილ წიგნების თაროს, საიდანაც საყვედურიანი თვალებით შემომცქერის ანა კარენინა და მე ახლა სინამდვილეში პირველად მესმის მისი.
კომენტარები