2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

11 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ეს პირველი მუნდიალი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 სახელმწიფო მიიღებს და 104 მატჩი გაიმართება. ასევე პირველად ჩემპიონატს სამი სახელმწიფო: აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. რეკორდულადაა გაზრდილი როგორც საპრიზო ფონდი ასევე დასასწრები ბილეთების ღირებულება.

მუნდიალის 96-წლიანი ისტორია 13-დან 48 გუნდამდე

პლანეტაზე ფეხბურთის გულშემატკივართა რაოდენობა ნებისმიერ ერთ, ცალკე აღებულ რელიგიის მიმდევართა რაოდენობას აჭარბებს. მთავარი საფეხბურთო ზეიმი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2010 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა გამოთვლებით, რიგითი მატჩის მაყურებელთა საშუალო რაოდენობა 200 მლნ-ის ფარგლებშია, ფინალის — 1 მლრდ-ის ფარგლებში, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ერთ თამაშს მაინც უყურეს — 3.5 მლრდ-ს აღემატება.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს გაიმართა. მას შემდეგ გარკვეულწილად ფეხბურთის წესებიც შეიცვალა და მისით დაინტერესებაც, თუმცა ყველაზე დიდი ცვლილება ფინანსურმა ნაწილმა განიცადა. დღეს ზოგი ვარსკვლავის წლიური ხელფასი (კლუბში) იმაზე მეტია, ვიდრე 1930 წელს მონაწილე ყველა ფეხბურთელის ჯამური ანაზღაურება.

კომერციული დაინტერესების ზრდა 50-იანი წლებიდან ტელევიზიის განვითარებასთან ერთად იწყება. ფეხბურთის ყურება ეკრანებიდან უკვე არა რამდენიმე ათეული ათასისთვის, არამედ რამდენიმე ათეული და ასეული მილიონისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 2000-იან წლებში ინტერნეტმა, ხოლო 2010-იან წლებში სმარტფონების ეპოქამ კომერციული ჩართულობა და მაყურებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.

1930 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაიში ჩატარდა. მასპინძელი რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა: ურუგვაი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ქვეყანა ტურნირის ორგანიზების ხარჯს საკუთარ თავზე იღებდა. შესარჩევი ტურები არ ყოფილა. ევროპის ბევრმა ქვეყანამ ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნაზე ფინანსური ხარჯის გამო თქვა უარი. ტრანსატლანტიკურ მგზავრობას მხოლოდ ოთხი სახელმწიფო: საფრანგეთი, ბელგია, რუმინეთი და იუგოსლავია დათანხმდა. სულ კი ტურნირში მონაწილეობა 13-მა ქვეყანამ მიიღო.

1934 წელს მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე, 1982 წელს 24-მდე, 1998 წელს 32-მდე, ხოლო 2026 წელს 48-მდე გაიზარდა. იყო გამონაკლისებიც. ავსტრიის ანშლუსის გამო, 1938 წელს მონაწილეთა რაოდენობა 15-მდე, ხოლო 1950 წელს, ინდოეთის, თურქეთისა და შოტლანდიის უარის გამო, 13-მდე შემცირდა. 1942 და 1946 წლებში ტურნირი ორჯერ ზედიზედ ჩავარდა.

გუნდების რაოდენობის ზრდა ორი მიზეზით აიხსნება: მეტი მოგება და მეტი ინკლუზიურობა. 104 მატჩიდან გაყიდული ბილეთებითაც, ტელეტრანსლაციითაც და რეკლამებითაც მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე 64 მატჩიდან, თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ევროპის კვოტა მხოლოდ სამით გაიზარდა 13-დან 16-მდე, მაშინ როცა FIFA-ს რეიტინგში 48-დან 23 ევროპული ქვეყანაა. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ვერც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა, რომ არა ერთა ლიგა და გუნდების რაოდენობის 16-დან 24-მდე გაზრდა (გუნდები რაოდენობა 2016 წლიდან გაიზარდა).

საპრიზო ფონდი, ბილეთების ფასები და FIFA-ს შემოსავალი

საპრიზო ფონდი, 2026 წლის ჩემპიონატზე $727 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც უბრალოდ მონაწილე, რომელიც ჯგუფში ჩარჩება $10.5 მლნ-ს მიიღებს (9 მლნ-ს პლუს 1.5 მლნ-ს მომზადებისთვის), გამარჯვებული — $51 მლნ-ზე მეტს.

საპრიზო ფონდი ადგილების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)

საპრიზო ფონდი ადგილების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)

ფოტო: FIFA

უკმაყოფილება გამოიწვია ასევე ბილეთის ფასმაც. FIFA-მ დინამიკური სისტემა აამოქმედა, რაც მოთხოვნად თამაშებზე ბილეთის ფასების ზრდას გულისხმობს. ჯგუფურ ეტაპზეც კი საინტერესო მატჩებზე ფასმა კარგ ადგილებზე $600-ს მიაღწია, ხოლო საფინალო შეხვედრაზე $10 000-საც გადააჭარბა. ეს ოფიციალური ფასებია, შავ ბაზარზე ღირებულება რამდენჯერმე იზრდება.

FIFA მხოლოდ ბილეთების გაყიდვით 104 მატჩიდან $3.2 მლრდ-ს შემოსავალს ელის. საუბარია 6 მლნ ბილეთზე. ამ დათვლით 1 ბილეთის საშუალო ღირებულება VIP ადგილების ჩათვლით $533 გამოდის, რაც ყველა სხვა წინა ჩემპიონატის ფასს მნიშვნელოვნად აღემატება.

კიდევ უფრო მეტს, დაახლოებით $4.2 მლრდ-ს ოდენობის შემოსავალს ვარაუდობს ტრანსლაციების გაყიდვით, თუმცა მატჩების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით 1 თამაშის ტრანსლაციის საშუალო ღირებულება პირიქით 53-დან 40 მლნ-მდეა შემცირებული.

$1.4 მლრდ-დან $2.8 მლრდ-მდეა გაზრდილი უშუალოდ სტადიონებზე განთავსებული რეკლამებიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა. სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული თანხები ტელევიზიას რჩება, რომელმაც უკვე გადაიხადა ფული ტრანსლაციაში.

ტრანსლაციის ღირებულების განსაზღვრისას FIFA ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის მოსახლეობის რაოდენობას, მშპ-ს, ფეხბურთისადმი დაინტერესებას — მდიდარ და საფეხბურთო ქვეყანაში ტრანსლაციის ღირებულება იზრდება.

მთლიანობაში გაყიდული ბილეთებიდან, ტრანსლაციიდან, რეკლამებიდან თუ სასპონსორო შემოსავლებიდან FIFA რეკორდულ $13 მლრდ-იანი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

შემოსავლის ზრდასთან ერთად FIFA-ს ხარჯებიც ეზრდება. იზრდება ხელფასები და პერსონალის რაოდენობა, ასევე ტექნოლოგიები, სულ რამდენიმე წლის წინ არც VAR იყო და არც ამ სისტემისთვის განკუთვნილი პერსონალი.

მასპინძლობის ხარჯები

ერთზე მეტი მასპინძელი მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ ჰყავს — 2002 წელს კორეა-იაპონიაში და ახლა. 24 წლის წინ, მატჩები ორ ქვეყანას შორის თანაბრად გადანაწილდა. 32 თამაში, მათ შორის გახსნის მატჩი, კორეაში ჩატარდა, 32 თამაში, მათ შორის ფინალი, — იაპონიაში. 24 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით, ამჯერად ბალანსი აღარ იქნება დაცული. 78 თამაში აშშ-ში ჩატარდება, მათ შორის — ფინალიც. მექსიკა და კანადა კი 13-13 მატჩს უმასპინძლებენ. ჩემპიონატი მექსიკაში გაიხსნება. გამოდის, რომ აშშ-ში იმაზე მეტი მატში ჩატარდება, ვიდრე ყველა სხვა ცალკე აღებულ ერთ ჩემპიონატზე.

რა ჯდება მასპინძლობა? ფიფას შემოსავლებისა და ხარჯებისგან განსხვავებით, რომელსაც აღმავალი მრუდის ფორმა გააჩნია, მასპინძლობის ხარჯების ოდენობა დიდწილად თავად მასპინძლის მდგომარეობაზე და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი სტადიონია უკვე ქვეყანაში, რამდენს სჭირდება მცირე რეაბილიტაცია, რამდენს ღრმა მოდერნიზება, რამდენია თავიდან ასაშენებელი, როგორია აეროპორტების, რკინიგზის, მეტროს ხაზების, საავტომობილო გზების, სასტუმროების მდგომარეობა, რა არის უკვე და რა არის თავიდან გასაკეთებელი, რა არის სერვისების ღირებულება და ხელფასების ოდენობა. ამის მიხედვით კარდინალურად იცვლება ხარჯების მოცულობაც. პარალელურად არც თავად ფიფას მოთხოვნების ზრდა უნდა უგულებელვყოთ, რაც სხვა თანაბარ პირობებში ხარჯებს მაინც გაზრდიდა.

კატარს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა ასტრონომიული თანხა $220 მლრდ დაუჯდა. ეს თანხა იქამდე 1930-2018 წლებში ჩატარებულ 21 ჩემპიონატის ჯამურ დანახარჯს ინფლაციის გათვალისწინებითაც კი აღემატება.

ამ თანხაში სტადიონებთან ერთად შედის დოჰას მეტრო, რომელიც არ არსებობდა, აშენდა 3 ხაზი 37 სადგურით, ასევე დოჰას ახლი აეროპორტი და უდაბნოში გაშენებული სრულიად ახალი ქალაქი ლუსაილი.

აშშ-ში ფეხბურთზე მეტად ამერიკული ფეხბურთია პოპულარული. სტადიონები თავსებადია. მექსიკაც საფეხბურთო ქვეყანაა. ამ ფაქტების გათვალისწინებით $12 მლრდ-იანი სავარაუდო საერთო ხარჯი კოლოსალურად აღარ გამოიყურება და ის დაახლოებით ბრაზილიასა და რუსეთში გამართულ ჩემპიონატების ხარჯს უთანაბრდება.

გუნდების ფასები

Transfermarkt-ის მონაცემებით ფეხბურთელების ღირებულებით ყველაზე მაღალი ჯამური ფასი საფრანგეთის ნაკრებს აქვს. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მთლიანი სატრანსფერო ღირებულება €1.520 მლრდ-ს შეადგენს, მეორე ადგილზე €1.360 მლრდ-ით ინგლისია, სამეულს €1.220 მრდ-ით ესპანეთი ასრულებს. ამ სიაში საქართველო €259 მლნ-ით 26-ე ადგილზეა, საიდანაც კვარაცხელიას წილი ნახევარზე მეტი — €140 მლნ-ია.

FIFA-ს რეიტინგით პირველ ადგილზე არგენტინაა, რომელიც ბოლო დრომდე მესამე ადგილს იკავებდა. ბუკმეიკერების შეფასებით ფავორიტი ესპანეთია. FIFA იმის მიხედვით თუ რომელმა გუნდმა ვისთან გაიმარჯვა და ვისთან დამარცხდა ქვეყნებს ქულებს უმატებს ან აკლებს. მისი რეიტინგი ყოველთვის არ ასახავს რეალობას. 2022 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ იმ მომენტში რეიტინგში პირველი ადგილზე მაინც ვერ დაწინაურდა.

ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება (მლნ ევრო)

ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება (მლნ ევრო)

ფოტო: transfermarkt.com

პოლიტიკა სპორტში და შესაძლო კორუფციული გარიგებები

FIFA-ს ხშირად კორუფციაში ადანაშაულებენ ხოლმე. ყველაზე დიდი უკმაყოფილება და ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი 2010 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ იქონია, რომლის მიხედვითაც 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლად რუსეთი, ხოლო 2022 წლის მასპინძლად კატარი დასახელდა. იმ მომენტში ყირიმის ანექსია ჯერ არა, მაგრამ აგვისტოს ომი უკვე მომხდარი იყო. ასევე უკვე ჩავლილი იყო ჩეჩნეთის ორივე ომი, რასაც 1.5 მლნ-იან რესპუბლიკაში წარმოუდგენლად დიდი 200 ათასიანი მსხვერპლი მოჰყვა. რაც შეეხება კატარს, მისი ფართობი 11.6 ათასი კმ² -ია, რაც დაახლოებით კახეთის ფართობს უტოლდება. არასაფეხბურთო ქვეყანაა და უდაბნოში მდებარეობს. სწორედ აუტანელი სიცხის გამო ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში უკვე ღიად შეჭრის შემდეგ, ქვეყანა შესარჩევი ციკლიდან მოკვეთეს. რუსეთი არც 2026 წლის ჩემპიონატზე დაუშვეს და არც იქამდე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

გამარჯვებულები, რეკორდები და მოულოდნელი შედეგები

აქამდე ჩატარებულ 22 ჩემპიონატში სულ 8 სახელმწიფომ შეძლო გამარჯვება. რეკორდსმენი ბრაზილიაა. მან თასი 5-ჯერ აღმართა. 1970 წელს გახდა პირველი სამჯერ გამარჯვებული ქვეყანა და მუდმივ მფლობელობაში ჟიულ რიმეს, იგივე "ნიკეს თასიც" გადაეცა, რომელიც 1983 წელს მოიპარეს. 1974 წლიდან გამარჯვებულებს გარდამავალი თასი 4 წლით ეძლევათ, მისი ასლი — სამუდამოდ. ბრაზილია ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ყველა 22-ვე ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გამარჯვებულისთვის გადასაცემი თასი მარცხნივ 1930-1970 წლებში და მარჯვნივ 1974 წლიდან დღემდე

გამარჯვებულისთვის გადასაცემი თასი მარცხნივ 1930-1970 წლებში და მარჯვნივ 1974 წლიდან დღემდე

ფოტო: givemesport.com

ბრაზილიის გარდა გამარჯვება ოთხ-ოთხჯერ იტალიამ და გერმანიამ მოახერხეს. სამჯერ არგენტინამ, ორ-ორჯერ ურუგვაიმ და საფრანგეთმა, ხოლო ინგლისმა და ესპანეთმა თითოჯერ. ნიდერლანდებმა სამი ფინალი დათმო, ჩეხოსლოვაკეთმა ორი. დღემდე ფინალში გასვლა მხოლოდ ევროპულმა და სამხრეთ ამერიკულმა გუნდებმა მოახერხეს. აზიური გუნდებიდან მეოთხე ადგილი 2002 წელს სამხრეთ კორეამ თანამასპინძლის რანგში დაიკავა, აფრიკული გუნდებიდან ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა მაროკო 2022 წელს.

მუნდიალის გამარჯვებულები

მუნდიალის გამარჯვებულები

ფოტო: FIFA

1950 წელს პლეიოფის სტილში ფინალი არ გამართულა, ოთხი გუნდი ერთ ჯგუფად შეიკრა, თუმცა მნიშვნელობით ფინალის ტოლფასი იყო ბრაზილია-ურუგვაის მატჩი, სადაც 200 000 მაყურებლის თანდასწრებით ბრაზილიამ ურუგვაისთან თამაში ერთბურთიანი სხვაობით (ანგარიში 1:2) დათმო და თასი მეზობელ ქვეყანას გაატანა. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანი სტადიონზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ძნელი წარმოსადგენი იყო ასევე 1954 წლის ფინალის შედეგი. იმ დროს უნგრეთს ვარსკვლავებით დაკომპლექტებული უძლიერესი გუნდი ჰყავდა. ჯგუფურ ეტაპზე მან დასავლეთ გერმანია ანგარიშით 8:3 დაამარცხა, ფინალში კი იმავე გუნდთან 2:3 დათმო.

2002 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთი კორეა-იაპონიაში მოქმედი მსოფლიოსა და მოქმედი ევროპის ჩემპიონის ტიტულით ჩავიდა და პირველივე მატჩი სენეგალთან სენსაციურად 0:1 წააგო. უფრო მეტიც ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ ორ შეხვედრაში 1 გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა.

უფრო ადრე 1990 წელს ასევე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა კამერუნთან 0:1 დამარცხდა. კამერუნს იმ შეხვედრაში 2 ფეხბურთელი გაუძევეს და აუტსაიდერად მიჩნეულმა გუნდმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა. პირველი მარცხის მიუხედავად, საფრანგეთისგან განსხვავებით არგენტინამ იმ წელს ფინალში გასვლაც მოახერხა და ტიტული გერმანიასთან დათმო.

2014 წელს მასპინძლის რანგში, ბრაზილია კიდევ ერთხელ და თანაც უარესად განადგურდა, როდესაც ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან 1:7 დამარცხდა.

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იყო შეცდომებიც და კურიოზებიც, მათ შორის ე.წ. "ღმერთის ხელი", გატანილი გოლის არჩათვლა, არგატანილის ჩათვლა, ძირითადად VAR-ის ამოქმედებამდე. 2022 წლის 23 ნოემბერი უქმედ საუდის არაბეთშიც გამოცხადდა, რისი მიზეზიც არგენტინასთან მოპოვებული გამარჯვება გახდა, მაგრამ იმ თამაშში ოფსაიდის მოტივით არგენტინას 3 გოლი არ ჩაუთვალეს.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1954 წელს ავსტრია-შვეიცარია ანგარიშით 7:5 დაფიქსირდა. 9 ბურთიანი უპირატესობით სამჯერ დაფიქსირდა. 1954 წელს უნგრეთმა 9:0 კორეა დაამარცხა, იმავე უნგრეთმა 1982 წელს ელ-სალვადორზე 10:1 გაიმარჯვა, ხოლო 1974 წელს იუგოსლავია-ზაირის მატჩი 9:0 დასრულდა. XXI საუკუნის რეკორდი 8:0 გერმანიას ეკუთვნის, ამ ანგარიშით მან საუდის არაბეთი 2002 წელს დაამარცხა.

16 გოლით ბომბარდირი გერმანელი მიროსლავ კლოზეა. ერთ ცალკე აღებულ მუნდიალზე დაანგარიშებით 13 გოლით ფრანგი ლუის ფონტაინი, მან ეს 1958 წელს მოახერხა. ბომბარდირებში ერთ თამაშში საშუალოდ გატანილი გოლების რეკორდი უნგრელ შანდორ კოჩიშს ეკუთვნის, მან 1954 წელს 5 თამაშში 11 გოლი გაიტანა, ანუ მატჩში საშუალოდ 2.2 გოლი. ჯამური გოლების რაოდენობის რეკორდი — 237 გოლი ბრაზილიას ეკუთვნის. ერთ მუნდიალზე გატანილი გოლების რეკორდი — 27 გოლი, უნგრეთს ეკუთვნის 1954 წელს, თანაც სულ რაღაც 5 მატჩში[1].

მუნდიალი და საქართველო

საქართველო FIFA-ს წევრი 1992 წელს გახდა. 1994 წლის შესარჩევზე გასვლა ვეღარ მოასწრო და საგზურისთვის ბრძოლა 1998 წლის შესარჩევიდან დაიწყო. 8 მცდელობიდან 8-ვე წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველო ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა, ვერც მაშინ და ვერც შემდეგ.

მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ყოველთვის "პირველი არხი" უზრუნველყოფდა ხოლმე. 2006 წელს თამაშებს "რუსთავი 2"-ზეც აჩვენებდნენ. 2026 წელს მატჩები "სეტანტაზე" და "რუსთავი 2"-ზე გავა. "სეტანტა" სტანდარტულად ფასიანია, თუმცა ჩემპიონატის ყურება ინტერნეტით უფასო იქნება.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ₾101 მლნ-ით ფინანსდება, განცხადება გაავრცელა, ტრანსლაციის შეძენის აუქციონში მონაწილეობა მივიღეთ, მაგრამ დავმარცხდითო. განცხადებაში თანხა არ იყო, დაკონკრეტებული, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ 2022 წლის ჩემპიონატის ტრანსლაციის ლიცენზიაზე 93%-ით მეტს იხდიდნენ (ჯერ 61%-ით მეტს, რომელიც კიდევ 20%-ით გაზარდეს), მაგრამ თანხა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

გავრცელდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, "პირველმა არხმა" განგებ არ იყიდა ლიცენზია, რათა ჩემპიონატი სახელისუფლებო და სანქცირებულ "ტვ იმედზე" გასულიყო"

მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატი საზმაუზე არ გავიდოდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, "პირველმა არხმა" განგებ არ იყიდა ლიცენზია, რათა ჩემპიონატი სახელისუფლებო და სანქცირებულ "ტვ იმედზე" გასულიყო, რასაც პროტესტი მოჰყვა.

უცნობია მართლა არსებობდა თუ არა ასეთი გეგმა, ან თუ არსებობდა რა გახდა დაბრკოლება — მოქალაქეების პროტესტი თუ სანქციები. ფაქტი ისაა, რომ ყველაზე ყურებადი სპორტული ტურნირი გავა "სეტანტასა" და "რუსთავი 2"-ზე და არა ხალხის მიერ დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ფაქტი ისაა, რომ ყველაზე ყურებადი სპორტული ტურნირი გავა "სეტანტასა" და "რუსთავი 2"-ზე და არა ხალხის მიერ დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე"



[1] 1954 წელს ჯგუფურ ეტაპზე ყველა ყველას არ ხვდებოდა და ერთი გუნდი სამის ნაცვლად ორ მატჩს ატარებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…