10 მიზეზი, რის გამოც ჩცდ 10 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას
ჩემი ცოლის დაქალები ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი რომ არის, ამაზე ალბათ სტატიის შესავალშიც აღარ ღირს საუბარი, თუმცა, თუკი ამ ფაქტის სარწმუნოობაში ეჭვი მაინც გეპარებათ, შეგიძლიათ, ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში შეიხედოთ.
ასე მოხდა მე-17 სეზონის დასრულების მერეც, როცა მაყურებელმა ფინალური, 42-ე სერია იხილა და მაშინვე ფეისბუქს მიაშურა შემოქმედებითი ჯგუფის შესაქებად, პერსონაჟების გასალანძღად თუ სხვა მიზნით. თუმცა, ნებისმიერი სახის გამოხმაურება იმაზე მეტყველებს, რომ კიდევ ერთი სეზონი წარმატებულად შედგა, შემდეგი სეზონის მოლოდინი კი (განსაკუთრებით ასეთი დასასრულის მერე), გაათმაგდა. იშვიათია, სერიალი მთელი ათწლეულის განმავლობაში რჩებოდეს ეკრანზე და მისი პოპულარობა და ყურებადობა შეუქცევადად იმატებდეს.
და მაინც, რითია გამორჩეული ჩცდ? ან, სხვაგვარად რომ ვიკითხოთ და პასუხიც კონკრეტული იყოს, რა არის მიზეზი, რატომაც სერიალი ამდენი ხნის შემდეგაც კი გაცხარებულ განხილვებს იწვევს საზოგადოებაში?
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს ჩცდ-ის განვლილი სეზონებიდან.
1. "ადამიანური" სახეები
მოდით, დავიწყოთ პერსონაჟებით, რადგან გამოგონილი ისტორიების შეფასების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედაც რომ ის არის, თუ რამდენად რეალისტურია შექმნილი მხატვრული სახეები. სცენარისტმა ამ შემთხვევაში ნამდვილად მოახერხა, ნამდვილ ადამიანებში სახასიათო დეტალები დაეჭირა, შემდეგ კი ისინი იმგვარად აეწყო, მაყურებელს წამით არ შეპარვოდა ეჭვი, სადღაც რომ ზუსტად ასეთი გულკეთილი და ცოტათი ქარაფშუტა ნელიკო არსებობს.
2. ზუსტად შერჩეული მსახიობები
თუმცა, რასაკვირველია, მხოლოდ სცენარი ვერ აქცევს პერსონაჟს რეალურად, რომ არა მისი განსახიერებისათვის გულდასმით შერჩეული მსახიობი. ამ შემთხვევაში ქება ყველაზე მეტად ეკა მჟავანაძეს ეკუთვნის, რადგან სწორედ ის არის სერიალის შეუცვლელი ქასთინგ მენეჯერი.
უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მსახიობი, შავლეგო მადლიანის პერსონაჟი შეგვიძლია განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ილო ბეროშვილი პროფესიით მსახიობი სულაც არაა, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟით მაყურებელი იმდენად მოიხიბლა, პრეზიდენტის ცემაც კი აპატია ზოგიერთმა. არანაკლები სიზუსტითაა შერჩეული სხვა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობებიც: აზამასცევა, ჩიკა, ცოტნე და სხვები.
3. პერსონაჟების განვითარება
ვინმე წარმოიდგენდა, რომ ბაქარ ორჯონიკიძე, რომელსაც თავის დროზე დედამისი ცოლის მოყვანას უშლიდა და ტოლმას ძალით აჭმევდა, პოლიტიკოსობისთვის მებრძოლი გახდებოდა და ამ გზაზე ყველას გადაუვლიდა? რა თქმა უნდა, ვერავინ. მე-17 სეზონის ბოლო სერიის მერე ყველაზე განხილვადი სწორედ ბაქარის პერსონაჟია, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, მაყურებლების უმეტესობა თენგოსაც კი ამჯობინებს.
ჰო, ამბობენ, თენგო ამას არასდროს გააკეთებდაო, თუმცა, ამ ჩვიდმეტმა სეზონმა თუ რამეში დაგვარწმუნა, ფრაზის "არასოდეს თქვა არასოდეს" რელევანტურობაა. გამორჩეულად აღსანიშნავია ისიც, რომ პერსონაჟების განვითარება მხოლოდ მათ მოულოდნელ ნაბიჯებს არ გულისხმობს — სერიალში გამოჩენილ ყველა მნიშვნელოვან პერსონაჟს ეკრანზე სათანადო დრო დაეთმო, რათა მაყურებელს ისინი კარგად გაეცნო.
4. სიუჟეტური ხაზების სიმრავლე და ცვალებადობა
17 სეზონის განმავლობაში ჩცდ-ში მთავარი სიუჟეტური ხაზის პარალელურად არაერთი სხვა ხაზი განვითარდა, რომელმაც მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. ასეთი იყო, მაგალითად, მაკა ანჯაფარიძის ისტორია, რომელიც სამინისტროში დაიწყო და ციხეში დამთავრდა (ჯერჯერობით მაინც). თავის დროზე, როცა მაკა მინისტრობიდან დაითხოვეს, თითქოს მისი ამბავიც აქ დამთავრდა, ანუ ერთგვარად შეიკრა, თუმცა იგი მე-10 სეზონში საინტერესო სიახლეებით კვლავ დაბრუნდა. და, აი, როცა, წესით "ჰეფი ენდით" უნდა დავმშვიდობებოდით მაკას და ილოს თავიანთ გზაზე, არისტოკრატი ქალი და კარგად ნაცნობი პერსონაჟი მაყურებელმა კიდევ ერთხელ, უკვე სხვა კუთხით იხილა მე-15 სეზონში.
მსგავსი მახასიათებელი აქვს ცოტნე ცოტაშვილის ხაზსაც: პერსონაჟმა, რომელსაც სერიალში ბევრჯერ "დავემშვიდობეთ", ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა და ყველაზე ნაკლებად რომ ველოდებოდით, მაშინ ჩნდებოდა ხოლმე ახალი დრამით.
ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ რომელიმე სიუჟეტური ხაზის განვითარება ყოველთვისაა შესაძლებელი. შესაბამისად, მაყურებელს შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ თავისი საყვარელი პერსონაჟი ისევ გამოჩნდება.
5. სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებები (Plot Twist)
კვლავაც მე-17 სეზონის დასასრულის არ იყოს, ჩცდ-მა მაყურებელი არაერთხელ დატოვა გაოცებული. უფრო მეტიც, იშვიათად თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ათასობით ფეისბუქკომენტარს შორის რომელიმეს ავტორმა მაინც შეძლო სიუჟეტის მოსალოდნელი განვითარების გამოცნობა. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება: ნინას პერსონაჟის განვითარების, განსაკუთრებით კი გარდამტეხი მომენტის — უცხოეთში გადახვეწის — შემდეგ ალბათ ყველანი ვიმედოვნებდით, რომ იგი ყველაფრის სწორად შეფასებას შეძლებდა, თუმცა...
თუმცა, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ალბათ არალოგიკურიც იქნებოდა.
"ფლოთ თვისთებზე" საუბრისას განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს სერია, რომელმაც ალბათ ყველა მაყურებელი გააოგნა — როცა აღმოჩნდა, რომ გამომძიებელ აკაკი შუკაკიძეს ცოლი და შვილი გარდაცვლილი ჰყავდა.
6. შემთხვევები თუ დამთხვევები?
ალბათ უფრო ლოგიკა.
ქეთი დევდარიანისთვის ბევრჯერ უწოდებიათ ნათელმხილველი. მიზეზი ჩცდ-სთან დაკავშირებული ის ფენომენია, რომელიც ერთგვარ წინასწარმეტყველებას ჰგავს — ან, როგორც მინიმუმ, საეჭვო დამთხვევას. არცთუ დიდი ხნის წინ, როდესაც ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი გინების კრიმინალიზების ინიციატივით გამოვიდა, ყველას სულიკო დარდიანიძე გაგვახსენდა, რომელსაც ეს იდეა ბევრად ადრე ეწვია ჩცდ-ის საქართველოში.
როგორც ქეთი დევდარიანი ამბობს, წინასწარმეტყველების არ სჯერა. სცენარისტის თქმით, ყველაფერი ინტუიციისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის დამსახურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს სერიალს, რადგან სწორი "თაიმინგი" მედიაპროდუქტის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა.
7. სოციალური პრობლემების ასახვა
სწორ "თაიმინგში" შეიძლება იგულისხმებოდეს იმ აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემების ასახვაც, რომელსაც ვერ გაექცევი, თუკი რეალობის მოყოლა გინდა; თუნდაც, პარალელურ საქართველოში იყოს ეს რეალობა.
ამ პარალელურ საქართველოშიც არსებობს ბულინგი სკოლაში, ტრანსფობია, გაუცხოება საკუთარ გარემოსთან, მშობლებისა და შვილების არაჯანსაღი ურთიერთობები და სხვა ბევრი პრობლემური საკითხი, რომელიც სერიალში წარმოჩინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩცდ სოციალური სატირაა და, წესით, ამ სცენებსაც გროტესკის ელემენტი უნდა დაკრავდეს, ყოველი მათგანი შემაშფოთებლად რეალისტური იყო.
განცალკევებულად უნდა ვისაუბროთ ნინოს პერსონაჟზე, რომელმაც გამოჩენისთანავე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მაყურებელში. თუმცა, ტრანსხილვადობის გაზრდის თვალსაზრისით, ამან მაინც დიდი როლი ითამაშა.
8. ოჯახის ცნების გააზრება
მართალია, სერიალის სათაურშიც კი მეგობრები ფიგურირებენ, თუმცა, ჩცდ-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მრავალგვარი ოჯახის ყოველდღიურობის ეკრანზე ასახვაა. ეს ყველაფერი მაყურებელში ცნობისმოყვარეობასაც აღძრავს, გასაგები კულტურული ფენომენიდან გამომდინარე, თუმცა, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ შორიდან, "უცხო თვალით" გვახედებს ტიპურ ოჯახზე. ტიპური კი მხოლოდ ნინას და დათოს ოჯახი არაა: ეს ცნება დაშლილია სხვადასხვა სეზონის ეპიზოდებში;
ნინას და დათოს ოჯახი — ტოქსიკური ურთიერთობა, დედამთილის ჩარევის დიდი დოზით. ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება არც ერთისთვის არ მოაქვს, თუმცა, ხუთი შვილის "ხათრით" მაინც ერთად რჩებიან.
ქეთის და ზაზას ოჯახი — სერიალის ყველაზე შეუმდგარი და არაჯანსაღი ურთიერთობა. მიუხედავად ბოლო ხანებში ზაზას ტრანსფორმაციისა, ადრეულ სეზონებში ვიხილეთ, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ გულისხმობს. ამასთან, ამ ოჯახის მაგალითზე კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, როგორ განსხვავებულად რეაგირებენ ჩვენს საზოგადოებაში კაცისა და ქალის ღალატზე. კვლავაც ნიშანდობლივია დედამთილის როლი ოჯახურ "იდილიაში".
თინას და ნელიკოს ოჯახი — ერთი შეხედვით, ყველაზე მშვიდი, დალაგებული ოჯახი. თუმცა, შვილი, რომელიც შინ არც ისეთი დამოუკიდებელია, როგორც გარეთ, თითქმის ყოველთვის ცოტათი უმადურია დედის მიმართ. დედას, თავის მხრივ, რეალობის ადეკვატურად აღქმა უჭირს და მიაჩნია, რომ თავისი შვილის ცხოვრება მხოლოდ დაქორწინების შემდეგ იქნება სრულყოფილი.
ნატაშკასა და პაატას ოჯახი — ალბათ ყველაზე უკეთ ამ ოჯახის მაგალითზე ვიხილეთ, თუ როგორ აისახება მოძალადე მშობლის ქმედებები შვილებზე. ამას გარდა, მათმა ურთიერთობამ გვაჩვენა, რა როლში ამყოფებს პატრიარქალური კულტურა დაქორწინებულ და თუნდაც შემდეგ განქორწინებულ ქალს: ის უნდა გაუფრთხილდეს "ყოფილი ქმრისა და შვილების რეპუტაციას", ამ დიადი მიზნის აღსრულებისათვის კი მის ცხოვრებაში შეიძლება უხეშად ჩაერიოს არა მხოლოდ ყოფილი ქმარი, არამედ მისი მეგობარი და დაც კი.
9. მძიმე თემების ახლოდან გაცნობა
მიუხედავად არანაკლებ საყურადღებო სოციალური პრობლემების ეკრანზე გაცოცხლებისა, ალბათ არავინ ვიყავით მზად, რომ ნაწილობრივ იუმორისტული ხასიათის სერიალის მთავარ პერსონაჟს რაიმე მომენტში მძიმე დიაგნოზს დაუსვამდნენ. თუმცა, სცენარის ამგვარ განვითარებასაც და მას თან მოყოლილ სცენებსაც დიდი დატვირთვა ჰქონდა. მხოლოდ ნინას თმის გადაპარსვის სცენა რად ღირს, რომელიც ჩვიდმეტივე სეზონში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო.
10. და მაინც — ცოტაოდენი პოზიტივი კვირის ბოლოს
რადგან ჩცდ საკმარისზე მეტად რეალისტურიცაა, ცხადია, მასშიც ანალოგიურად ენაცვლება კარგი ამბები ცუდს. "ადამიანური" პერსონაჟები ადამიანურ ისტორიებს ქმნიან, ეს ყველაფერი კი ყველა ჩვენგანისათვის ნაცნობია და ხშირად მათში საკუთარი თავის ამოცნობაც არ გვიჭირს. ჩვიდმეტი სეზონის განმავლობაში სერიალში უამრავი სასაცილო ან გულის ამაჩუყებელი სერია ვიხილეთ: თამუნასა და ბაქარის ჩასვლა ღორეშაში საახალწლოდ, ნიაკოს დაკარგვა და ზაზას გარდაქმნა, მეგობრების და შვილების მიერ ნინასთვის მკურნალობის ფულის შეგროვება და სხვა.
კომენტარები