როგორ იქცა წარმოსახვითი სამყაროების ფოტოები ხელოვნების ახალ დარგად
იმის პარალელურად, რაც ვიდეოთამაშები სულ უფრო რეალისტური ხდება, "ვირტუალური ფოტოგრაფიაც" ვითარდება — ეს ხელოვნების ახალი დარგია, რომლის მიმდევრებიც ვიდეოთამაშების სამყაროში განცდილ სილამაზესა და ემოციას ცალკეულ კადრებად აღბეჭდავენ.
ბოლო წლებში ვიდეოთამაშებში პოპულარული გახდა "ფოტოების რეჟიმი", რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, თავიანთ თავგადასავლებში დასამახსოვრებელი მომენტები დააფიქსირონ. ისეთმა ცნობილმა თამაშებმა, როგორიცაა The Last of Us 2, Legend of Zelda: Breath of the Wild, Red Dead Redemption 2, Assasin’s Creed Odyssey და Resident Evil Village, საშუალება მისცეს მოთამაშეებს, სურათები სხვადასხვა რაკურსიდან და სხვადასხვა ფერის ფილტრით გადაეღოთ.
დეველოპერებს ამ გზით სურდათ, მოთამაშეებს "სქრინშოთების" გადაღების და სოციალურ მედიაში გაზიარების შესაძლებლობა ჰქონოდათ, რაც თამაშის პოპულარობას გაზრდიდა. თუმცა ამ პროცესში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: ზოგის აზრით, ამით ახალი სახის ხელოვნებას დაედო საფუძველი. თანამედროვე ვიდეოთამაშების ჰიპერრეალიზმის წყალობით, რაც ათასობით განსხვავებული სახის ანიმაციასა და ისეთ შემთხვევით მოვლენებს გულისხმობს, ყოველ ჯერზე ოდნავ სახეცვლილად რომ ვითარდება, გეიმინგის სამყარო რეალისტურ, სპონტანურ ლანდშაფტად იქცა, სადაც ფოტოგრაფებს ესთეტიკური ღირებულების მქონე ხელოვნების ნიმუშების შექმნა შეუძლიათ.
"ალბათ, აღჭურვილობა რომ არ დაგაქვს თან და კლდეებზე არ დაძვრები, ამის გამო ჰგონია ხალხს, რომ შენს ფოტოებში ძალისხმევა არ არის ჩადებული და ეს ხელოვნებას არ წარმოადგენს", — ამბობს "ვირტუალური ფოტოგრაფი", ლეო სანგი, — "თუმცა ხელოვნება სახეს იცვლის იმ ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც სამყაროს მოცემულ მომენტში განაგებს. სურათის გადასაღებად წარმოუდგენელი სირთულეების გადამლახველი ფოტოგრაფების იდეა უკვე წარსულშია. ფოტოგრაფისთვის ვიდეოთამაში ისეთივე მშვენიერი ტილო შეიძლება იყოს, როგორიც რეალური სამყაროა".
სანგის მიერ თამაშში გადაღებული ფოტოები თავიანთ მარკეტინგულ კამპანიებში ისეთ ცნობილ გამომცემლებსა და კომპანიებს აქვთ გამოყენებული, როგორებიც არიან Activision და Nvidia. ამასთან ერთად, სანგის ჰობია თამაშებში — მაგალითად, Cyberpunk 2077-სა და Grand Theft Auto V-ში — ემოციური მომენტების აღბეჭდვა. მას შეიძლება საათობით მოუხდეს ჯდომა და ფრთხილი მოძრაობებით ველური დასავლეთის ტავერნაში გვამების ისე განლაგება, რომ გასროლისა და ლულიდან გამოსული ბოლის იდეალური კადრი დაიჭიროს. ხშირად ის ცდილობს, ვიდეოთამაშების ისეთი მომენტებიც აღბეჭდოს, რომლებიც ძლიერ წააგავს რეალური ცხოვრების ყოველდღიურობას.
სანგი თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოდ Resident Evil 3-ში გადაღებულ სურათს თვლის, რომელშიც დასისხლიანებული მთავარი გმირი, ჯილ ვალენტაინი მატარებლის ვაგონში ჩაფიქრებული ზის. სანგი თავის ჩანაფიქრს ისეთივე სერიოზულობით გვიხსნის, როგორითაც მხატვარი გვესაუბრება კედელზე ჩამოკიდებული თავისი ნამუშევრის აღწერისას. "მიუხედავად ჭრილობებისა, რომლებსაც სამყარო გვაყენებს, მაინც მივეშურებით ყოველდღე სამსახურში (ყოველ შემთხვევაში, პანდემიამდე მივეშურებოდით) და ისე ვიქცევით, თითქოს ყველაფერი კარგადაა. დასისხლიანებულმა ჯილმა ეს გრძნობა გამიჩინა — ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც სამსახურში მიდის და ფანჯარაში იყურება — უბრალოდ, ცხოვრებას აგრძელებს, ყველაფრის მიუხედავად".
კადრი უდავოდ აღძრავს შეუპოვრობის ნაცნობ გრძნობას და შედეგად იმ აზრს განამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები მართლაც გვთავაზობს გულწრფელ ემოციებს — თუნდაც მოქმედებები აპოკალიფსურ, საშინელებათა ჟანრის თამაშში ვითარდებოდეს.
"ვირტუალური ფოტოგრაფიის" უპირატესობები
სანგის ნამუშევრები (კოლეგა დუნკან ჰარისის ფოტოებთან ერთად) ლონდონის და ლოს-ანჯელესის სახელოვნებო გამოფენაზე იყო წარდგენილი, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი ბუნდოვანია რეალურ ფოტოგრაფიასა და თანამედროვე თამაშების ფოტოგრაფიას შორის ზღვარი. 2018 წელს გრაფიკული დიზაინის სფეროში მომუშავე სანგმა გადაწყვიტა, კარიერა რადიკალურად შეეცვალა და ფოტოგრაფიისთვის მოეკიდა ხელი. კონცერტებზე გადაღებული სურათების წყალობით მან მალევე იშოვა ფული, თუმცა სან-პაულუში დაძაბული კრიმინალური ვითარების ("კამერის ტარება საშიში იყო") და სხვა, უკვე სახელმოხვეჭილ ფოტოგრაფებთან არსებული სერიოზული კონკურენციის გამო (რომელთა ბიუჯეტიც მოგზაურობის პრივილეგიას იძლეოდა) სანგმა გადაწყვიტა, რომ რეალური ფოტოგრაფია ვირტუალურში გაეცვალა. შედეგად მან ფულის გამომუშავება სარეკლამო "სქრინშოთების" გადაღებით დაიწყო.
სანგის აზრით, ვიდეოთამაშების ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ასპექტი მისი ხელმისაწვდომობაა. "ზოგ ადამიანს საკმარისი ფული არ აქვს, რომ კამერა იყიდოს ან ფოტოგრაფის ცხოვრება დაიფინანსოს. ზოგისთვისაც კი ეს საქმე, უბრალოდ, საშიშია. ვიდეოთამაშების ფოტოგრაფიაში ეს პრობლემები არ არის. შენ არ გჭირდება აკადემიური გამოცდილება. შენ თავიდანვე გეძლევა ყველა საჭირო ხელსაწყო და ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა. მაშინვე შეგიძლია, ჩრდილოეთ საფრანგეთში ბრძოლის ველის ან ფუტურისტული კიბერპანკ ქალაქის გადაღება დაიწყო — ხელს არაფერი გიშლის".
ინტერნეტში ვიდეოთამაშების ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული უამრავი ჯგუფი იქმნება, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს თამაშებში გადაღებულ სურათებს უზიარებენ. GamerGram ინსტაგრამის გვერდია, სადაც დამწყები ფოტოგრაფების პოეტური "სქრინშოთების" გამოფენა და შეჯიბრებები ეწყობა. მისი მენეჯერის, მეგან რეიმსის აზრით, კოვიდის მიერ გამოწვეული რეგულაციების გამო უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ამ ჰობის. ეს იმიტომ, რომ ვიდეოთამაშები საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე წამში ავძვრეთ პირამიდებზე ან ჰოლივუდის ცნობილი ნიშანი ახლოდან ვნახოთ. ასე რომ, აქ მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები "არც ისე დიდი პრობლემაა", — ამბობს მეგანი.
მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფოტო Assassin’s Creed Odyssey-ში გადაიღო, რომელიც ულამაზესი ბუნების თავზე მფრინავ არწივს ასახავს. მისთვის ეს ფოტო "ვირტუალური ფოტოგრაფიის" კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს უსვამს ხაზს — უტოპიანიზმს.
"ვიდეოთამაშების სამყაროებში სურათების გადაღება შესანიშნავი გზაა, რეალობას გაექცე, რადგან დღეს რეალური სამყარო თავის საუკეთესო ვერსიას ნამდვილად არ წარმოადგენს", — გვეუბნება მეგანი, — "თამაშის ბუნებრივი სილამაზის დაჭერა იმიტომ მიყვარს, რომ ეს ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთანაა კონტრასტში, რომელიც ჩვენს ნამდვილ ბუნებას ანადგურებს. მგონია, ვიდეოთამაშები აჩვენებენ ახალგაზრდებს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო, პოლიტიკოსები უკეთესად რომ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს".
ვიდეოთამაშების ფოტოგრაფია 23 წლის მეგანისთვის ჰობი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს უეცრად მამა გარდაეცვალა. ის The Last Of Us-ს თამაშობდა, როდესაც იქ განვითარებულ სიუჟეტში პიროვნულ ტრავმასთან დაკავშირებული ხაზი ამოიცნო. თამაში თინეიჯერ გოგოზე და შუა ხნის კაცზეა, რომლებიც ვირუსით განადგურებულ პოსტაპოკალიფსურ აშშ-ში მოგზაურობენ. ორივე პერსონაჟს ახლო ადამიანი ჰყავს დაკარგული. მეგანი თამაშისას დარწმუნდა, რომ მწუხარებასთან გამკლავება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე — ნებისმიერ კაციჭამია ურჩხულთან.
მეგანმა, საბოლოოდ, პროტაგონისტ ელის სურათების გადაღება დაუწყო. ერთ-ერთ ფოტოში აირწინაღიან, პანიკით მოცულ ელის ვხედავთ, რაც კლაუსტროფობიის განცდას ქმნის. ეს ფოტო მეგანის იმდროინდელ მდგომარეობას განასახიერებს — მამის სიკვდილის შემდეგ ისიც, ელის მსგავსად, სიბნელით მოცულად გრძნობდა თავს. რაც მთავარია, ეს ფოტო გვაჩვენებს, თუ როგორ ეხმარება თამაშებში სურათების გადაღება მოთამაშეებს თავიანთი თავის შეცნობაში და კომპლექსური გრძნობების გაგებაში.
"მამაჩემის სიკვდილისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად", — გვიმხელს მეგანი, — "თუმცა ელის მსგავსი სულიერი სიმტკიცის მქონე პერსონაჟები მანუგეშებდნენ და ამ სირთულის გადალახვაში მეხმარებოდნენ. ჩემი აზრით, ხელოვნებაა, როდესაც ადამიანები კადრებს იჭერენ სქრინშოთებში. მათ თამაშები იმდენად უყვართ, რომ მთელ გულს დებენ ამაში. თავიანთ თავებს ხედავენ ამ მომენტებში".
ხელოვანად აღიარების ბარიერები
მაგრამ საკითხავია, რამდენად შეუძლიათ "ვირტუალურ ფოტოგრაფებს" იმის დამტკიცება, რომ მათი "სქრინშოთები" ხელოვნებაა. "რა თქმა უნდა, შეუძლიათ", — ამბობს ედი ფრანკელი, Time Out-ის ვიზუალური ხელოვნების განყოფილების რედაქტორი, — "ჩვენ პოსტკონცეპტუალურ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელოვანის იდეა ესთეტიკაზე და ოსტატობაზე მეტად ფასობს. მანამ, სანამ ნამუშევრის უკან დამალული კონცეფცია ძლიერია, მნიშვნელობა არ აქვს, რას წარმოადგენს თავად ნამუშევარი".
"ხელოვნების ნიმუშის უნარი, რაღაც თქვას ადამიანის მდგომარეობის შესახებ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იდეას როგორ გამოხატავს", — გვიხსნის ედი, — "არ აქვს მნიშვნელობა, ხელოვნების ნიმუში ვიდეოთამაშში გადაღებული ფოტოა თუ ლითონის ქილაში მოთავსებული განავალი [სწორედ ამას წარმოადგენდა იტალიელი არტისტის, პიერო მანზონის მიერ 1961 წელს შესრულებული ნამუშევარი]. მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რას ამბობს ეს ხელოვნების ნიმუში. შეუძლია ვიდეოთამაშების ფოტოგრაფიას, რაიმე დიდი, საჭირო, ემოციური, საინტერესო თქვას? — ნამდვილად შეუძლია. ამის შემდეგ უკვე ხელოვანზეა დამოკიდებული, როგორ გაართმევს თავს ამოცანას".
ერთი კონკრეტული ბარიერი, რომელსაც ფოტოგრაფების ეს ახალი სახეობა აწყდება, საავტორო უფლებებია. როგორც კი გეიმერები ახალ საშინელებათა თამაშში, Resident Evil Village, "ფოტოების რეჟიმით" სურათის გადაღებას გადაწყვეტენ, მათ სურათს მაშინვე შტამპი ედება: "საავტორო უფლება ეკუთვნის Capcom-ს". მსგავს რამეს ყველა თამაშში არ ვხვდებით, თუმცა ის, რომ Capcom-ის მსგავსი მსხვილი კომპანიები ასე იქცევიან, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა სხვაობაა "სქრინშოთერობასა" და ფოტოაპარატიან რეალურ ფოტოგრაფიას შორის.
არსებობს იდეალისტური არგუმენტი, რომ როდესაც ვიდეოთამაშის სამყარო ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოებისთვის, იგი ამ უკანასკნელის საკუთრებად იქცევა, რადგან თამაშს სიცოცხლეს და მნიშვნელობას სწორედ ეს მილიონობით მოთამაშე აძლევს. თუმცა სამართლებრივი რეალობა ისაა, რომ ვიდეოთამაშების ფოტოგრაფები არ ფლობენ გადაღებულ სურათებს — ფოტოები თამაშების შემქმნელებს ეკუთვნით. "საავტორო უფლებების სფეროში ჯერ კიდევ ერთგვარ ნაცრისფერ ზონაში ვართ", — აღიარებს მეგანი, — "შენ არ შეგიძლია მათი სხვისთვის მიყიდვა. სამწუხაროა, რომ აქედან გამოსავალი არ ჩანს".
თუმცა ყველა "ვირტუალური ფოტოგრაფი" თავს ხელოვანად არ თვლის. მათ შორისაა პეტრი ლევალაჰტი, 40 წლის "სქრინშოთერი", რომელიც EA Dice-მა მას შემდეგ დაიქირავა, რაც თამაშის, Battlefield, დეველოპერები მათ მიერ შექმნილ სამყაროში გადაღებული პეტრის სურათებით მოიხიბლნენ. "სქრინშოთები ვიდეოთამაშების შექმნაში ჩადებული შრომის დაფასება უნდა იყოს — სწორედ ასე უნდა განიხილებოდეს და არა, როგორც ინდივიდუალური, თამაშისგან და თამაშის შემქმნელებისგან დამოუკიდებელი ხელოვნება", — გვიყვება პეტრი, — "სქრინშოთერები სხვა ადამიანის ხელოვნებას უცვლიან ფორმას. როდესაც მე Grand Theft Auto V-ში ვიღებ სურათს, იმას ვაფასებ, რაც Rockstar-მა [თამაშის შემქმნელი კომპანია] გააკეთა იმისთვის, რომ მე ეს მომენტი გამომეცადა. შეიძლება, სურათი რა შეგრძნებასაც აღძრავს, ეს იყოს ჩემი დამსახურება, თუმცა მასზე ასახული ხელოვნება მთლიანად თამაშის შემქმნელს ეკუთვნის".
პეტრიმ იმას მიაღწია, რაზეც ბევრი "სქრინშოთერი" ოცნებობს — ის თამაშების ერთ-ერთმა უდიდესმა დეველოპერულმა კომპანიამ დაიქირავა. სამუშაოში, რომელსაც იგი EA Dice-ისთვის ასრულებს, შედის თამაშებში იმ "სქრინშოთების" გადაღება, რომლებსაც შემდეგ ონლაინ მარკეტინგისთვის იყენებენ. ამის გარდა, ის უბრალოდ სიამოვნებისთვისაც იღებს სურათებს. თუმცა იმის მაგივრად, რომ თავს ხელოვანი უწოდოს, "ამბის მთხრობლად" იდენტიფიცირდება.
"თუ სურათით ისეთი ამბის მოთხრობა შემიძლია, რომელიც თამაშის სიუჟეტურ ხაზს სცდება, მაშინ ჩემი საქმე წარმატებით მაქვს შესრულებული. მინდა, რომ ჩემი ნამუშევრების დახმარებით ადამიანებს განსხვავებული პერსპექტივიდან დავანახო ეს თამაშები, თუმცა ასევე მინდა ვაჩვენო, რომ ფოტო Red Dead Redemption 2-დან ისეთივე მომხიბვლელი შეიძლება იყოს, როგორც კადრი სერჯო ლეონეს ვესტერნიდან". პეტრის ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ამ მისიას ასრულებს, Grand Theft Auto IV-ში არის გადაღებული და ასახავს წყვილს, რომელიც მონოლითს უყურებს წარწერით, "სამოთხე". ამ ფოტოს ძალა ალბათ იმაშია, რომ სწორედ ვიდეოთამაშების სამყაროებია ყველაზე მეტად მიახლოებული იმასთან, რასაც ბევრმა ჩვენგანმა დედამიწაზე არსებული სამოთხე შეიძლება უწოდოს.
პეტრის სურათები დამკვირვებლისთვის მრავლისმთქმელი კია, თუმცა თავად ერიდება იმაზე საუბარს, თუ რას აღნიშნავს კონკრეტული ფოტო. ის იმ საკითხის მიმართაც სკეპტიკურადაა განწყობილი, იზიარებენ თუ არა ნამდვილი სამყაროს ფოტოგრაფები და თამაშების "სქრინშოთერები" იდეალური კადრის დაჭერისას განცდილ სიამოვნებას: "სქრინშოთერები კონტროლირებულ გარემოში არიან. ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ — მზის არეკვლის კუთხიდან ანიმაციებამდე. რეალური სამყაროს ფოტოგრაფი კი მართლაც მოცემულ მომენტში არსებობს. ვიდეოთამაშები ერთსა და იმავე მომენტებს იმეორებენ. ჩემი აზრით, ის, რასაც რეალური სამყაროს ფოტოგრაფები აკეთებენ, ბევრად უფრო ავთენტურია. სულ სხვა დონეა. სქრინშოთინგს ვიკიპედიის გვერდიც კი ძლივს აქვს. მე მართლა მიყვარს, რასაც ვაკეთებ, პატივს ვცემ იმ ნიჭს, რაც ბევრ სხვა სქრინშოთერს აქვს, მაგრამ აუცილებელია, ფანტაზიებში არ დავიკარგოთ. უნდა ვაღიაროთ მოცემული კონტექსტი და პატივი ვცეთ ადამიანებს, რომლებმაც ამ თამაშების სამყაროები შექმნეს — რეალურ ხელოვანებს".
თუმცა პეტრის კოლეგა სანგს სჯერა, რომ ისინი, ვინც "ვირტუალურ ფოტოგრაფიას" ხელოვნებად არ აღიარებენ, მომავალში აზრს შეიცვლიან. "გაიხსენეთ, სკეპტიკოსები ერთ დროს ამბობდნენ, რომ არც ციფრული ფოტოგრაფია იყო ხელოვნება", — ამბობს სანგი, — "დრო იცვლება". მეგანი კიდევ უფრო პოზიტიურადაა განწყობილი. "პიკასო რომ ხელოვნებას ქმნიდეს 2021-ში, დარწმუნებული ვარ, სქრინშოთებს გადაიღებდა", — აცხადებს ის, — "პანდემიამ გვაჩვენა, რომ სქრინშოთინგი ხელოვნების შექმნის ხელმისაწვდომი გზაა. ეს დარგი მხოლოდ გაიზრდება და გაიზრდება. ჩემი ოცნებაა, რომ ერთხელაც ჩვენი სქრინშოთები ნამდვილი სამყაროს ფოტოგრაფების ნამუშევრების გვერდით იყოს წარმოდგენილი რომელიმე ცნობილ საგამოფენო დარბაზში".
კომენტარები