კაცების ხედვა ანუ მეილ გეიზი ქართულ ლიტერატურაში

შენ ჩემი სახელი კარგად იცი

მე მოზარდი ვარ. 16 წლის. მამაჩემს ოჯახის ბიზნესში ვეხმარები. ჩვენ ღარიბებიც ვართ და გაუნათლებლებიც. ერთ საღამოს, ჩვენთან მთვრალი კაცები მოდიან.

ისინი მე მიყურებენ¹

"ხარბი", "მსუნაგი" გამოხედვით². უყურებენ ჩემს სიარულს. ჩემს თეძოებს, გულისპირს, ძუძუებს. ჩემს სხეულს არქმევენ "ნატიფს", "მკვრივს". რქაწითელს მადარებენ. ჩემს თვალებს, მზერას განსჯიან. და ამბობენ რომ ამ გამოხედვაში ხედავენ: ეშმაკს, "სარეცელს", "ლოგინში ნებივრობას". და სიხარბეს.

ამბობენ რომ ვარ უნიჭო. ჭკუანაკლული. ამბობენ, რომ მაქვს გონებრივი "დეფექტი" და რომ ის "ნათლად გამოხატულ სექსუალურ ხასიათს" ატარებს. რომ ვარ ლამაზი. რომ კაცებს ასე ურჩევნიათ. ლამაზი, მაგრამ სულელი ქალები. ჩემნაირები. და რომ ჩემნაირი ქალი "ადვილი დასაყოლიებელია".

მათ თქვეს, რომ არაფერი მეშველებოდა. რომ ჩემი "სისხლის" და "მოდგმის" ბრალია. მოწმედ მიყურეს, როგორ დავუწექი თოფიან და ფულიან კაცს. ჩემს კივილს "მიბნედილი" დაარქვეს. ორგაზმი არ თქვეს, მაგრამ ვიცი, რომ ეგ ეგონათ. ჩემი შეკივლება მათი ბრალდებების დასტურად მიიღეს. კი. ჩემმა კივილმა მთხრობელს მოჰგვარა ღიმილი.

ყველაფერი რაც დამაბრალეს, მათ თქვეს. ჩემს გამოხედვას ათქმევინებს.

ეს მე არ მითქვამს

ჩემზე ფსონებს ჩამოვიდნენ, ითამაშეს, ნიძლავები დადეს. სამ თუმნად ტანთ გამხადეს. მომიგეს. საქონლად მაქციეს. ძუძუს თავზე დაუკითხავად შემეხენ. ეს 151-ე გვერდია და მე აქ ხმას უკვე რვა გვერდია არ ვიღებ. საერთოდ.

შეგიმჩნევია, რომ შენ ჩემი ხმა თითქმის არ გაგიგია? არადა ჩემზე ოც გვერდზე მეტი დაწერეს. მე ჯამში რვა, მოკლე, უმნიშვნელო წინადადება მათქმევინეს. კაცებმა კი გაუჩერებლივ ილაპარაკეს ვეებერთელა დიალოგები ჩემზე. ჩემ გარეშე. ჩემი ხმის გარეშე. ჩემ ნაცვლად.

ამ ოციდან ათ გვერდზე მე გამაჩუმეს.

ძალა გამომაცალეს

უჭკუო მეძახეს, ხმა დამიხშეს. ჩემი მრუშობის დონეზე ფსონებს ჩამოვიდნენ. მე წავაგე ომში, რომელიც მე არ დამიწყია. კაცებმა ნადირობა ჩემი დამარცხების სპექტაკლის მერე-ღა გამართეს. ჩემს ამბავზე ირონიული ღიმილები, კარტი და კუნთები ათამაშეს.

ანუ ჯერ მოქმედების უნარი წამართვეს, გადასარჩენ ობიექტად მაქციეს, გადამრჩენელი მონადირეების როლი თავად მოირგეს და მერე ადგნენ და არ მიშველეს. იმ ღამეს გამწირა მღვდელმა. რაინდმა და რაინდის მოციქულმა მთხრობელმაც.

და მიუხედავად ჩემი უმწეობისა, ჩემი გონებაშეზღუდულობისა, ჩემი გამოუცდელობისა; კიდევ უარესი, მიუხედავად ჩემი მოზარდობისა ანუ არასრულწლოვანებისა — აბსოლუტურად ყველაფერი მე და ჩემს სისხლს, ანუ ჩემს ქალურ მოდგმას დააბრალეს.

მე ღმერთივით კაცმა — ანუ ავტორმა მთქვა

ჩემი სახელი მერე სხვა ქალებს ეძახეს. სექს შოპს დაარქვეს. გარყვნილების სინონიმად მაქციეს. ხარბის სინონიმად მაქციეს. მთხრობელი კაცი, ჩემი ამბავი რომ მოაყოლეს, უმწეობისა და შიშისგან ჩაჯმული, ლოგინზე დამხობილი ტიროდა. თოფიანი კაცის ეშინოდა. და ერთი წამითაც არ იფიქრა, რომ იქნებ მეც მასავით მეშინოდა.

მე განსმაჯეს და დამსაჯეს. მათ შორის შენც ხარ. წამიკითხე, მიყურე. და ჭაბუას დაუჯერე. ვერ დამინახე.

მე კიკუ ვარ. კაცი თვითონ მწერს. მეძახის მრუშს, სულელს, ხარბს. ჩემს ძმას, ძობას, არქმევს "ჭკვიანს". და, უფალო, რა ირონიაა, აძლევს ფანქარს და წიგნს. მე შემატოვა მოძალადე კაცს. და მარტო ორი რამ მომთხოვა: გახდა და ღიმილი.

მე ვარ ღიმილი. კიკუს ღიმილი. სიმწრის.

კაცის ხედვა ანუ მეილ გეიზი ქართულ ლიტერატურაში

მერჩივნა ქალებზე მეწერა. მაგრამ რახან ასე ყველადღე გვკლავენ, სერიების ბოლოს მინდა დაგანახოთ, რომ პირველად იყო სიტყვა. რომ სწორედ სიტყვამ კვება და გაამართლა ქალთაკვლა.

მე მერიემი ვარ. და კიკუთი ვიწყებ. ლიტერატურაში კაცის ხედვაზე, ანუ მეილ გეიზზე რამდენიმე სერიას შემოგთავაზებთ. მანამდე კი გირჩევ: ნუ წაიკითხავ ბუმბერაზ კაც-კლასიკოსებს.


¹ Laura Mulveyn, "Visual Pleasure and Narrative Cinema", Screen, vol. 16, no:3, 1975. საუბარია მეილ გეიზზე. კაცის მზერა, ანუ მეილ გეიზი, ფილმში კაცის მიერ ქალის აღწერას გულისხმობს. ტერმინი პირველად ლორა მარვიმ (Laura Murvey), 1975 წელს გამოიყენა კინოში. მარვი აღწერს, რომ ტექნიკური გადაღების პროცესიდან დაწყებული შინაარსით დასრულებული, კაცი ქალს წარმოაჩენს საყურებელ, აღმგზნებ ობიექტად. ქალის როლი კაცის სიამოვნებაა, ქალიც გაცნობიერებულად ისე იქცევა რომ შეხედონ.

² ყველა ციტატა ამოღებულია ამ ონლაინ ვერსიიდან. დათა თუთაშხია, ჭაბუა ამირეჯიბი.

მერიემ დიასამიძე რადიკალი ფემინისტი ბლოგერი და ავტორია. მისი ბლოგების წაკითხვა შეგიძლიათ აქ. ფეისბუქი აქ.