რა არის ლიტერატურული მეკობრეობა და როგორ აზიანებს ის კულტურას
ჩემი წიგნების თაროზე რამდენიმე წიგნის ორ-ორი ეგზემპლარი მაქვს და გვერდიგვერდ მიწყვია. მათგან ერთ-ერთი ძალიან თხელი და მძიმეა, მეორე კი შედარებით მსუბუქი და სქელი. არა, არც მე ვარ კოლექციონერი და არც ეს ეგზემპლარებია ერთი და იმავე გამომცემლობის სხვადასხვა გამოცემიდან. უბრალოდ, ერთი არალიცენზირებული, ეგრეთ წოდებული პირატული (მეკობრული) გამოცემაა, მეორე კი — ოფიციალური. განსხვავება არა მხოლოდ ნაბეჭდის ხარისხშია, არამედ მის ფასშიც: მოპარული გამოცემები, როგორც წესი, უფრო იაფი ღირს. მეც ასე უნებლიეთ აღმოვჩნდი მახეში, როცა თავის დროზე პირატული გამოცემების დაბალი ფასით აღფრთოვანებულმა წიგნი ვიყიდე, თუმცა, ბევრი წლის შემდეგ, როცა ქურდობის ასეთი შემთხვევების შესახებ შევიტყვე, ოფიციალური გამოცემების ყიდვაშიც არ დამნანებია ფული. ალბათ ეს, ერთგვარად, ბოდიშიც მოხდის მცდელობაც იყო წიგნზე საავტორო უფლებების კანონიერი მფლობელებისთვის.
როცა ნობელიანტი მწერალი, ორჰან ფამუქი, თბილისში იმყოფებოდა, ხელმოსაწერად მისი წიგნის პირატული გამოცემა მიაწოდეს, ფამუქმა კი, მართალია, წიგნებზე ხელის მოწერა "რუტინად ჰქონდა ქცეული", არალიცენზირებული გამოცემის ამოცნობა ქაღალდის ხარისხით მაინც შეძლო და წიგნის დატოვება ითხოვა, რადგან თურმე ასეთი გამოცემების კოლექცია აქვს. მართალია, ფამუქის თხოვნაც მოკრძალებული იყო და ხმაშიც წყენა არ დასტყობია, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ეგზემპლარიდან მწერალს სარგებელი არ მიუღია. ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის გაქურდეს.
მაშინ, მოდით, გავერკვეთ, ვინ, ვის და როგორ ქურდავს და რა ზიანი მოაქვს ამას არა მხოლოდ ცალკეული მწერლის ან გამომცემლობისათვის, არამედ მთლიანად კულტურის სფეროსთვის.
რა არის პირატული გამოცემა და რითი განსხვავდება ის ორიგინალური გამოცემისგან
დავიწყოთ თავიდან — წიგნის გამოსაცემად მხოლოდ ის ფურცლები კი არ არის საჭირო, რომელზეც ტექსტი იბეჭდება, არამედ უამრავი სხვა დოკუმენტიც. ეს დოკუმენტები, ძირითადად, კონტრაქტებია; ხაზგასასმელია, რომ წიგნის გამოცემაზე მუშაობს უამრავი ადამიანი — დაწყებული გამომცემლიდან, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ ყველაფერს, გაგრძელებული ავტორით (ან მთარგმნელით), რედაქტორით, დიზაინერით, კორექტორით... შესაბამისად, კონტრაქტების გაფორმება, რომელიც შესასრულებელი საქმის და შესაბამისი ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს, თითოეულ მათგანთანაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება ორიგინალური, თარგმანის შემთხვევაში — ლიცენზირებული — გამოცემების დაბეჭდვა.
ხშირად ავიწყდებათ ისიც, რომ გამომცემლობა, რეალურად, ბიზნესია. მისი ფუნქციონირებისათვის ზუსტად ისევეა საჭირო მარკეტინგული გათვლები, კამპანიები და სხვა აუცილებელი ელემენტები, როგორც საცხობისთვის, ან თუნდაც ავიაკომპანიისთვის. შესაბამისად, გამომცემლობისთვის პრიორიტეტული ინტერესია, რომ, ერთი მხრივ, წიგნი ხელმისაწვდომი იყოს მკითხველისათვის, მეორე მხრივ კი, ოქროს შუალედი იპოვოს, რათა წიგნის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ მასზე მომუშავე პირების შრომაც აანაზღაუროს და ბიზნესის სხვა საჭიროებებსაც გასწვდეს.
პირატული გამოცემის შემთხვევაში კი გამომცემლობა საერთოდ ვერაფერს იღებს. ასეთ გამოცემებს უკანონოდ ბეჭდავენ, ძირითადად, აზიის ქვეყნებში, მაქსიმალურად მცირე ბიუჯეტით, შესაბამისად, პოლიგრაფიული ხარისხით ადვილად შეიძლება იმის მიხვედრა, არის თუ არა ეგზემპლარი ორიგინალური გამოცემიდან.
ასეთი წიგნები ადვილად ხვდება გადამყიდველების ხელში, თუმცა, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ სავსებით შესაძლებელია, მათ წიგნის ცნობილ მაღაზიებშიც წააწყდეთ.
თუკი გსურთ, თავიდან აიცილოთ მსგავსი შემთხვევა — ერთი მხრივ, წიგნზე კანონიერი უფლებების მქონე ავტორი დაიცვათ, მეორე მხრივ კი, თავად ისარგებლოთ ხარისხიანი პროდუქტით, ალბათ სჯობს, საყიდლებისთვის მიაკითხოთ ან უცხოურ ონლაინმაღაზიებს და ოფიციალური სელერისგან შეიძინოთ წიგნი, ან საქართველოში არსებულ იმ მაღაზიებს, რომლებიც ოფიციალური გამოცემების დისტრიბუციას ახორციელებენ.
რა არის ონლაინმეკობრეობა და რატომ არის საქართველოში ეს პრობლემა უფრო მწვავე
ონლაინმეკობრეობა პირატული გამოცემებით სარგებლობის ვირტუალური ფორმაა, თუმცა, ზუსტად იმავე ზიანის მოტანა შეუძლია ინტელექტუალური საკუთრების კანონიერი მფლობელისთვის, როგორიც ნაბეჭდ არალიცენზირებულ წიგნებს. თუმცა, რაღაც მხრივ, უფრო საშიშიცაა — ინტერნეტი ხომ უკონტროლო სივრცეა, სადაც ინფორმაციის, მათ შორის ციფრული ფაილების გავრცელებაც, შეუზღუდავად შეიძლება.
ასე აღმოჩნდა ასობით (ან შეიძლება მეტიც) წიგნის PDF ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომი. უკვე შექმნილი უკანონო ვერსიების გავრცელებასთან ბრძოლა დიდად უშედეგოა, ამიტომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, საავტორო უფლებების მნიშვნელობაზე ღიად საუბარი და ცნობიერების ამაღლებაა, რათა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს.
წარმოიდგინეთ, რომ სადაც მუშაობთ, იქ ხელფასი არ მოგცენ — უბრალოდ, აღნიშნონ, რომ შესრულებული საქმე თქვენ გააკეთეთ. ალბათ იტყვით, რომ თქვენთვის ხელფასი საარსებო შემოსავალია, საქართველოში ავტორებისთვის კი — არა, თუმცა, დასაწყისშივე ვთქვით, რომ წიგნზე ავტორის გარდა უამრავი ადამიანი მუშაობს, რომლისთვისაც თითოეული გაყიდული წიგნი ნამდვილადაა საარსებო შემოსავლის წყარო.
ამასთან, საქართველოში პრობლემას უფრო ამძაფრებს ორი ფაქტორი: მიუხედავად ჩატარებული კამპანიებისა თუ სხვადასხვაგვარი ღონისძიებებისა, საზოგადოებაში საავტორო უფლებების დაცვის კულტურას ფეხი ნაკლებად აქვს მოკიდებული; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საგამომცემლო სივრცე დიდად განსხვავდება მასშტაბითაც და სტრუქტურითაც უცხოურენოვანი სფეროსგან.
მაგალითად, თუკი დიდ ქართულ გამომცემლობებშიც კი თანამშრომლების რაოდენობა თვლის ათობით სისტემაშია, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკულ გამომცემლობას, HarperCollins-ს, 2 000-მდე თანამშრომელი ჰყავს, წლიური შემოსავალი მილიარდნახევარს აღემატება. აქედან გამომდინარე, ერთი წიგნის უკანონოდ გავრცელებით მიღებული ზარალი ქართული გამომცემლობისათვის მეტია. ზიანის მასშტაბი კი გამომცემლობის ზომის შემცირების უკუპროპორციულად იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც პატარაა გამომცემლობა, მისი წიგნის უკანონოდ გავრცელება უფრო დიდი "დარტყმაა". თუმცა, ქართულ რეალობაში შეუძლებელიც კია, ეს დარტყმა პატარა იყოს, მით უმეტეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო გამომცემლობებმა კოლოსალური ზარალი ნახეს.
რომ შევაჯამოთ, მოცემულობა ასეთია: გამომცემლობა ბიზნესია. ამაში დასაძრახი არაფერია — თანამშრომლებს, შესაძლოა, დიდი ენთუზიაზმი და ხელოვნებისადმი სიყვარული ჰქონდეთ, თუმცა, გახუნებულ ფრაზას რომ დავესესხოთ, "სიყვარულს ვერ შევჭამთ". ბიზნესის საფუძვლებიდან კი ისიც ვიცით, რომ თუკი მხოლოდ პროდუქციის შესაქმნელად გაწეული ხარჯი კომპანიამ ვერ ამოიღო და ან თუნდაც ნულოვან მოგებაზე იმუშავა, ის, უბრალოდ, დაიხურება და პროდუქტიც, ამ შემთხვევაში — წიგნი — ვერ შეიქმნება, რაც აზარალებს საზოგადოებასაც, მათ შორის, "მეკობრეებს".
თუმცა, საზოგადოებისათვის მიყენებული ზარალი მხოლოდ წიგნის ვერგამოცემას არ გულისხმობს. როგორც უკვე ვახსენეთ, საავტორო უფლებების პატივისცემა კულტურაა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს — რის შექმნაშიც ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ და დროის რესურსს ვდებთ, დაფასებას იმსახურებს. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ, უბრალოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფრაზაზე ან პასაჟზე ავტორის მიწერაც კი საყოველთაო პროგრესისაკენ გადადგმული პატარა, თუმცა მყარი ნაბიჯია.
კომენტარები