რუსთავში სუფთა ჰაერს ითხოვენ. საქართველოს უმთავრეს სამრეწველო ქალაქში ჰაერი ისევ დაბინძურებულია. ძირითადი დამაბინძურებლები PM2,5 და PM10 — მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებია, რაც დიდწილად საწარმოო გამონაბოლქვს უკავშირდება.

რუსთავი როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მრეწველობის მნიშვნელოვანი კერაა ქვეყანაში. აქ ფუნქციონირებს ისეთი მსხვილი ქიმიური და მეტალურგიული საწარმოები, როგორიცაა: რუსთავის ფოლადი, რუსთავის აზოტი, ჯეოსთილი, რუსელოისი, ლითონკონსტრუქციების საწარმოები და სხვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოდან On.ge-ს აცნობეს, რომ ქალაქში ფიქსირდება შემდეგი დამაბინძურებლების კონცენტრაციები: მყარი ნაწილაკები (PM10, PM2,5), აზოტის ოქსიდები (NO, NOx, NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირჟანგი (CO) და ოზონი (O3).

რუსთავის ზედა ხედი

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ქვემო ქართლის რეგიონის 2014-2021 წლების განვითარების სტრატეგიაში მითითებულია, რომ რუსთავში ნახშირჟანგის თვიური საშუალო კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებს 1,2-ჯერ აღემატებოდა.

"ისევ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნქავთ"

ადგილობრივი სამოქალაქო მოძრაობის გავიგუდეთ წარმომადგენელი, თინათინ მაღედანი გვეუბნება, რომ ქალაქში 50-მდე გამფრქვევის წყაროა, აქედან სამი ახალ, 47 კი ძველ რუსთავშია.

"რუსთავში არის კატასტროფული მდგომარეობა ჰაერის ხარისხის დაბინძურების კუთხით. 77%-იანი დაბინძურებაც კი გვქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ 365 დღიდან 281 დღე ჩვენ ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი ვისუნთქეთ და ისევ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნქავთ", — ამბობს მაღედანი.

თინათინ მაღედანი ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებლის, რუსელოისის საწარმოს წინ

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ქალაქში 130 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და რუსთავის საწარმოო ზონაში 8 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას თინათინი აღნიშნავს, რომ ისინი საწარმოების დახურვას კი არ ითხოვენ, არამედ მათი ტექნოლოგიური პროცესის განვითარებას, რათა შესაბამისი ნორმებისა და რეგულაციების დაცვის შედეგად მეტი ადამიანი დასაქმდეს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ.

"ძირითადი სამუშაო ადგილები რუსთავის საწარმოო ზონაში იქმნება. ქალაქის მტერი უნდა იყო, ამ საწარმოების დახურვა რომ მოინდომო. რეალურად ბევრი მათგანი მართლა დასახურია, მაგრამ ვითვალისწინებთ ქვეყანაში და აქ დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ სიტუაციას. თუმცა, როდესაც დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამონაბოლქვის სუნთქვა მათ უწევთ. ზოგიერთი საწარმოს შიგნით, ეს ადამიანები ერთმანეთს, დაახლოებით, ერთი მეტრის რადიუსში ვერ ხედავენ, ისეთი საშინელი გამონაბოლქვია", — აღნიშნავს მაღედანი.

რუსთავის საწარმოო ზონაში შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაცული რომ არ არის, გარე ტერიტორიიდანაც შესამჩნევია. ფოტოზე საწარმოო ზონის გარეთ ერთ-ერთი დასაქმებული ყოველგვარი ეკიპირების გარეშე მუშაობს.

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

სამოქალაქო მოძრაობის გავიგუდეთ აქტიურობის შედეგად, 2019 წლის დასაწყისში რუსთავში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფონური სადგური ამუშავდა. მანამდე ქალაქში ჰაერი საანგარიშო მეთოდით იზომებოდა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ადგილობრივები ხუმრობენ, ბახმაროს ჰაერი ჰქონდათ. ფონური სადგურის შედეგი შემზარავი იყო. ერთი წლის მონაცემებით, რუსთავში 77%-იანი დაბინძურება დაფიქსირდა.

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ბათუმის ქუჩაზეა განთავსებული. ამოქმედდა 2019 წლის თებერვლიდან. ისაზღვრება PM10, PM2.5, SO2, NO, NOx, NO2, O3 და მეტეოროლოგიური პარამეტრები.

ფოტო: სქრინშოტი/air.gov.ge

რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში?

2020 წლის მარტში ატმოსფერული ჰაერის, გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ცვლილებების თანახმად, გადაიარაღება უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ღიობებიდან კვამლი გამოდიოდა, კანონის გათვალისწინებით, ეს ერთიან სისტემაში უნდა მოექცეს და აირშემკრები ნაგებობით, მთელი გამონაბოლქვი მილამდე უნდა მიიტანოს.

მილში თვითმზომი უნდა ჩამონტაჟდეს, რომელიც ინსტრუმენტული გაზომვის მეთოდია და გადაჭარბებებს ზომავს. თვითმზომმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაჭარბებების შესახებ ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში უნდა მიაწოდოს, რომლის შემდეგაც ამა თუ იმ საწარმოს დაჯარიმება-არდაჯარიმების საკითხი დადგება.

რუსთავისთვის ეს სამი უმნიშვნელოვანესი კანონი ძალაში მიმდინარე წლის პირველ ივნისს შევიდა. თუმცა, თვითმზომი, რომელიც გადაჭარბებების კონტროლის ერთადერთი ბერკეტია, დღემდე არცერთ კომპანიას აქვს.

ცვლილება შეეხო ჯარიმებსაც. ფილტრების არამუშავების შემთხვევაში სენსორი გადაჭარბებას აფიქსირებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმები 5 000-დან 40 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

მესამე ცვლილებით კი, განსაკუთრებულად დიდი დარღვევის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს საწარმოს დალუქვის უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აქვს.

თინათინ მაღედანის თქმით, ჯარიმების ფუნქციაა, რომ მეწარმეებს დარღვევით მუშაობა აღარ უღირდეთ. ის, ასევე, ამბობს, რომ ამ კუთხით სიტუაცია დიდად არ გაუმჯობესებულა და საწარმოთა უმრავლესობა ფუნქციონირებას კვლავ დარღვევებით განაგრძობს.

საწარმოო ზონა რუსთავში. ერთ-ერთი საწარმოდან მუქი ფერის კვამლი გამოდის

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

კითხვებით მივმართეთ კომპანიებს, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას არ ასრულებდნენ, რისთვისაც გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა მათ ოქმები გამოუწერა. ჩვენს კითხვებს მხოლოდ ჯეოსთილმა და ჰაიდელბერგცემენტმა უპასუხა.

ჯეოსთილიდან მოგვწერეს, რომ დაჯარიმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის, შესაბამისად, არც ჯარიმაა დაკისრებული. რაც შეეხება უწყვეტი ონლაინ მონიტორინგის აღჭურვილობას, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ის მიმდინარე წლის ივნისში შეუკვეთეს.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაშიც ამტკიცებენ, რომ კანონის მოთხოვნებს კომპანია ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება და მათ ოპერატიულად შესრულებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. მათივე თქმით, ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ქარხნებში დამონტაჟებული იყო და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის ამოქმედებამდეც ფუნქციონირებდა.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული უწყვეტი მონიტორინგის ვალდებულების ამ დრომდე შეუსრულებლობას კომპანიაში კანონქვემდებარე აქტების დაგვიანებით გამოქვეყნებით ხსნიან.

"საქმე იმაშია, რომ განახლებული რეგლამენტი 2021 წლის პირველ იანვარს უნდა გამოქვეყნებულიყო და ძალაში პირველ ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ დოკუმენტის გამოქვეყნება მხოლოდ 27 აპრილს მოხერხდა. გარდა ამისა, კანონქვემდებარე აქტის საბოლოო ტექსტი პირვანდელი ვერსიისგან შინაარსობრივად განსხვავდება; საბოლოო ტექსტში შეცვლილია ის ტექნიკური პარამეტრები, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ტექნიკური დავალება უნდა შევადგინოთ.

უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქცია 24 მაისს გამოქვეყნდა, რომელიც მონაცემების ჩაწერის და სამინისტროსთვის გადაცემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, რეგლამენტების გამოქვეყნებამდე ტექნიკური დავალების შედგენა და მომწოდებლებისთვის გაგზავნა შეუძლებელი იყო", — განმარტავენ ჰაიდელბერგცემენტში.

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ირწმუნება, რომ მომწოდებლის შერჩევა კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო. როგორც კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოების მომწოდებელი, გერმანული კომპანია Dr. Födisch Umweltmesstechnik AG უკვე შერჩეული ჰყავთ და აპარატურის მოწოდება/მონტაჟზე ხელშეკრულება გაფორმებულია. მათივე მტკიცებით, კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას კომპანია წლის ბოლომდე მოახერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარის, მანანა ქოჩლაძის თქმით, სინამდვილეში რუსთავში დაბინძურების აღმოფხვრა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე თბილისში, სადაც დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილებია.

"თუ მოვახერხებთ იმას, რომ თუნდაც სტაციონარული გაფრქვევის წყაროებიდან, როგორიც არის ეს ქარხნები, დაბინძურება შევამციროთ და იმ სტანდარტებს დავუახლოვდეთ, რაც თანამედროვე მსოფლიოში არის, დაბინძურების გარკვეული ფონი მოიხსნება", — ამბობს მანანა ქოჩლაძე.

რას ამბობს რუსთავის მერია

რუსთავის მერიიდან On.ge-ს აცნობეს, რომ ამჟამად ქალაქში მეტალურგიულ საქმიანობას რვა მეტალურგიული საწარმო ეწევა. რაც შეეხება რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დღევანდელ მდგომარეობასა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, აცხადებენ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთავარ ეკოლოგიურ გამოწვევას წარმოადგენს და რომ აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.

მერიაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათი ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის წევრის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით მთავრობამ 2020 წლის 22 ოქტომბერს 2020-2022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.

"თანმიმდევრულად და დადგენილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს აქტივობების შესრულება რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სისტემის გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 37 რეგულირების ობიექტის 44 ინსპექტირება განხორციელდა, რაც წლიური გეგმის 93%-ს შეადგენს. ამასთანავე, გზდ-ს რეგიონულ სამმართველოს სამი ინსპექტორი დაემატა", — განმარტავენ მერიაში.

რუსთავის მერიაში, აგრეთვე, ირწმუნებიან რომ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირებასა და მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ.

"2021 წელს სრულად განახლდა რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების პარკი 40 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსით. საანგარიშო პერიოდში რუსთავის ტერიტორიაზე 2 100 ძირი ხე-მცენარე დაირგო; დასრულდა ლიტერატურული სკვერის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს დამატებით ორი სკვერის რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 000 მ2 ფართობ გზას; აგრეთვე, სისტემატურად ხორციელდებოდა მწვანე საფარის მოვლა და რეგულარულად სველი წესით მუშავდებოდა ქუჩები 8 კმ სიგრძეზე", — აღნიშნავენ მერიაში.

რუსთავი

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

"გავიგუდეთ"

სამოქალაქო მოძრაობა გავიგუდეთ 2018 წელს მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნდა. უკვე მეოთხე წელია სუფთა ჰაერს ითხოვენ. ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი აქცია თუ აქტივობა მოაწყვეს, ჰქონდათ კომუნიკაცია ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ჩართულნი იყვნენ სამუშაო ჯგუფებსა და კანონმდებლობის განხილვებში.

"ადამიანები ავადდებოდნენ, მათ შორის ჩვენი ახლობლები და ვერ ხვდებოდნენ, რატომ. ამ პრობლემაზე მუშაობა ერთი ვიდეოთი დაიწყო, სადაც ერთ-ერთი საწარმოს უცნაური ფერის გამონაბოლქვი ჩანდა, გაკეთდა გვერდი გავიგუდეთ და აქედან დაიწყო აქტივიზმი", — ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ მაღედანი.

ჰაერის გაუმჯობესებითვის დღემდე იბრძვიან. მათი მთავარი მიზანი სუფთა ჰაერია, რომელიც ჯერჯერობით არ აქვთ.

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად ითვლება. კვლევების მიხედვით, დაბინძურებას მეტი ადამიანი შეეწირა, ვიდრე კონფლიქტებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. WHO-ს მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად დაბინძურების შედეგად მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის უდიდესი — 92% მცირე და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. გარემოს დაბინძურება და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა მზარდია საქართველოშიც.

ჰაერის დაბინძურება, ძირითადად, ინსულტის, სასუნთქი გზების, გულსისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებებთან არის დაკავშირებული.