დეპუტატი და ყოფილი ჟურნალისტი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მედიაზე მუქარით ლაპარაკი არ მოსწონს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის ქცევაც გადაჭარბებულად მიაჩნია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, როგორ აფასებდა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც მან მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებთან გაათანაბრა.

"მედიაზე მუქარით ლაპარაკი და თითის ქნევა არ მომწონს, მაგრამ, გულახდილად ვიტყვი იმასაც, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევაც ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია.

როდესაც რესპოდენტი მიდის და ერთ კითხვას დაუსვამ, ორ კითხვას დაუსვამ და მერე უბრალოდ უკივიხარ და უწივიხარ, რასაც ჩენ ვესწრებით ხოლმე, ეს არ მომწონს ძალიან. ვინც არ უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ქართული ოცნების წარმომადგენლებს უკივლებ, მე მიკივლებ თუ ვინმე სხვას. ცოტა ყველამ უნდა დავიცხროთ ნერვები და კონკრეტულ საკითხებში ვიყოთ პრინციპულები. მაგალითად, ის, რომ უნდა მოხდეს ჯეროვანი შესწავლა 5 ივლისს რაც ხდებოდა იმის — რატომ ვერ აიცილა შინაგან საქმეთა სამინისტომ წინასწარ დაანონსებული ძალადობა და რატომ ვერ მოახდინა ამის პრევენცია", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა TV პირველთან საუბრისას.

კახა კალაძემ, თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლა მედიისადმი მიმართვით დაიწყო. მან თქვა, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური კონტრაქციის დროს, ჟურნალისტებზე ძალადობა დასჯადი ქმედებაა და სირცხვილია, თუმცა იქვე დაამატა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა". კალაძე ამტკიცებს, რომ წლების განმავლოაბაში ტელეეთერებიდან ცილისწამებასა და ბულინგს ვისმენთ.

გაიგე მეტი: