ნადირობა მედიაზე
5 ივლისი, 2021 წელი. თბილისი, საქართველო — ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გავუშვი, დილაა და ჯერ დაპირისპირების მოლოდინი არ არის. ღირსების მარშის ადგილიდან გაშუქება ყველას უნდა, ამიტომ წინა საღამოს საათობრივი გეგმა ჩამოვწერე და ყველას თავისი დრო აქვს. თამთა ახალბედა ჟურნალისტია და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ დილით გავიდეს, როცა შედარებით ცოტა ხალხს ვვარაუდობ. ადგილზე მისული გვატყობინებს, რომ მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს და ეჩხუბებიან. სანამ ნიუსს ვწერთ და თამთას გადმოგზავნილ ვიდეოს ვამონტაჟებთ, ვხედავ, რომ ერთ ჟურნალისტს კეტებით მისდევენ, ცდილობენ ძალადობას სხვებზეც. ვიღებ თამთას იქიდან გამოყვანის გადაწყვეტილებას, ვიცვამ პრესის მაისურს და გავდივარ პარლამენტთან.
რესპუბლიკის მოედნიდან გზის ფეხით გაგრძელება მიწევს, პოლიცია მანქანებს არ ატარებს. სამსახურიდან მატყობინებენ, რომ ძალადობრივი ჯგუფები სირცხვილიას ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მისულს მხვდება აგრესიული ადამიანები, ისვრიან კვერცხებს, ამტვრევენ შუშებს. Facebook-ზე ლაივი გავუშვი და მაყურებელს ვუყვები, რა ხდება იქ. შეკრებილებს ჩემი საუბრის შინაარსი არ მოსწონთ. პოლიცია არასაკმარისია, ვხვდები, რომ ვერავინ დამიცავს და ვცდილობ, ძალიან ხმამაღლა არ ვილაპარაკო. უკვე დამტვრეულ კართან განლაგებულან სამართალდამცავები, აშკარად არასაკმარისი რაოდენობით. ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მემუქრებიან სიტყვიერად და ჟესტებით, ვგრძნობ საფრთხეს და მივდივარ პოლიციასთან. ვაფრთხილებ, რომ მემუქრებიან და ვუთითებ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფზე. პოლიცია მირჩევს სხვა მხარეს გადავიდე. ვუხსნი, რომ ვასრულებ პროფესიულ მოვალეობას და პოლიციამაც უნდა შეასრულოს, უნდა დამიცვას მოძალადეებისგან. უკმაყოფილოა.
პარალელურად მოძალადეები ცდილობენ ჟურნალისტების პირდაპირი ჩართვების ჩაშლას, ეჩხუბებიან და ემუქრებიან, როცა მათთვის არასასურველ წინადადებას ამბობენ.
სირცხვილიას ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამარჯვებული ყიჟინით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ლაივი გავთიშე და ჩათების შემოწმებას ვიწყებ, მაინტერესებს, როგორ არიან სხვები. ვიგებ, რომ ჟურნალისტი, რომელსაც ორი წუთის წინ ვხედავდი, ნაცემია. რუსთაველზე ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება ისმის, თან ამას სცენაზე მდგომი სასულიერო პირი ამბობს. ქალაქის მთავარი გამზირზე მოძალადეები დათარეშობენ. ვხედავ სასულიერო პირებს, მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს. ეს ის ადამიანია, რომელსაც მედიასთან ურთიერთობა ევალება და რომელთან ურთიერთობა მედიისთვის საკმაოდ რთულია. ანდრია ჯაღმაიძე პრორუსული, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას თბილად ესალმება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც უშუალოდ მორგოშიას ლიდერობით სირცხვილიას ოფისის შესასვლელი დაარბიეს და უკვე ნაცემია არაერთი ჟურნალისტი. სამაგიეროდ, შემდეგ ქაშუეთის ეკლესიისკენ მიდის, იქ პარაკლისი იმართება — თითქოს საპატრიარქო ჩაგრული ჯგუფების წინააღმდეგ მხოლოდ რელიგიური რიტუალებით იბრძვის და რამდენიმე მეტრში სასულიერო პირები არ ძალადობენ.
თბილისი პრაიდის უკვე დარბეულ ოფისთან მისული ვიგებ, რომ სცემეს ფოტოგრაფს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველზე ვნახე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიქნებოდით. მე სხვაგან წასვლა მომიწია, ვახო დარჩა და ამ დრომდე საავადმყოფოშია, მას სასტიკად გაუსწორდნენ.
დღის განმავლობაში ვხედავ კადრებს, როგორ ურტყამენ ჟურნალისტებს, ეჯახებიან მოპედით, თავს ესხმიან გადაღებიდან გამოსულებს, უმტვრევენ ტექნიკას, აგინებენ და აფურთხებენ. უკვე გვიან ვიგებ, რომ საყურის გამო ტურისტი დაჭრეს, საღამოს ვრცელდება ინფორმაცია სხვა თავდასხმების შესახებაც.
ერთ-ერთ ლოკაციაზე შემოვლითი გზით მივდივარ. ძალადობრივ ჯგუფებს ვხედავ და ვცდილობ მოვერიდო. მეძახიან, გგონია ვერ ვხვდებით, რომ ჟურნალისტი ხარო? რა დიდი მიხვედრა ამას უნდა, პრესის მაისური მაცვია, მაგრამ ჰგონიათ, რომ უნდა ვიმალებოდე, რადგან ჟურნალისტი ვარ. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და მშვიდად გავაგრძელო გზა. გამომდის.
მივხვდი, რომ თუ სხვა აქციების დროს წარწერა PRESS იყო ჩვენი დაცვა, რადგან ჟურნალისტი ამ დროს ხელშეუხებელია, 5 ივლისს პირიქით მოხდა. ჩემი კოლეგები პრესის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს იხსნიდნენ, მაისურებს იცვლიდნენ, რათა მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა. ამ დღეს ჩვენ მოძალადეების სამიზნე გავხდით იმით, რაც გვეგონა, რომ დაგვიცავდა — ჟურნალისტობით.
ხალხმრავალი აქციების დროს ჟურნალისტებს ყოველთვის გვაქვს მოლოდინი, რომ დავშავდებით. ყოფილა მიზანმიმართულად ჟურნალისტებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა, მაგრამ აქციებისას ჩვენი ტრავმები მეტწილად მაინც შემთხვევითია. 5 ივლისი კი იყო პირდაპირი ნადირობა ჟურნალისტებზე — მიზანმიმართული, დაგეგმილი და სისრულეში მოყვანილი. გარდა ამისა, მოძალადეებმა იცოდნენ, როგორ უნდა დაეზიანებინათ ტექნიკა ისე, რომ ვერ გვემუშავა.
ყველაფერზე, რაც 5 ივლისს მოხდა, პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ მოძალადეებს, ასევე, ეკლესიას, რომელმაც ისინი დაგეშა და დააორგანიზა, რომელიც ბოროტების სავანედ იქცა. მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელმაც არათუ ვერ, უბრალოდ არ დაგვიცვა. მჯერა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის 20-კაციანი აქციები, რომელზეც იმაზე მეტი პოლიციელია მობილიზებული, ვიდრე გუშინ ჯამში; ამის თქმის საფუძველს მაძლევს 2019 წლის ზაფხული და შემოდგომა, როცა სპეცრაზმი არაერთხელ გამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ფიზიკური ძალადობა არ ხდებოდა; ამის თქმის საფუძველს მაძლევს აქციის დაშლა ცესკოსთან, სადაც იმაზე ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე გუშინ, თან ბარიკადებს მიღმა და არც ძალადობას ჰქონია ადგილი. ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასე აგებინეს პასუხი პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც მარშის გაუქმებაზე ვერ დაითანხმეს — აჩვენეს, რომ თუ გამოვლენ, სახელმწიფო მათ უბრალოდ არ დაიცავს. წინასწარ მობილიზებული, დაგეშილი ჯგუფი კი ჟურნალისტებს დაერია, რადგან მათ შორის მოკავშირე ვერ იპოვა. ამ ფონზე კი მეორე დღეა ვხედავთ მმართველი პარტიის ლიდერების ნიანგის ცრემლებს, თითქოს ძალადობას ემიჯნებიან და წუხან.
როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, ჰომოფობია ყველა ქვეყანაშია, განსხვავება კი ისაა, რას აკეთებს ხელისუფლება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება ჰომოფობებს და ძალადობრივ ჯგუფებს აძლიერებს და აქეზებს. ეს არ არის დასავლური კურსი, ეს არის პუტინის დღის წესრიგი და მე, როგორც ერთი ჟურნალისტი, პირობას ვდებ, რომ არასდროს დავხუჭავ თვალს ამაზე.
ჟურნალისტებს უკვე გვქონდა ჩვენი 7 ნოემბერი, ჩვენი 26 მაისი, ჩვენი 20 ივნისი და დაგვემატა 5 ივლისიც. ყველა ამ დღეზე გვაქვს მოსაყოლი და მოვყვებით თამამად. არ გავჩერდებით და არ შევშინდებით, მიუხედავად იმისა, რომ გვცემენ აქციებზე და გვემუქრებიან Facebook-ზე, რადგან ზუსტად ვიცით, რომ მათაც ეს უნდა — ჩვენი დუმილი.
და ბოლოს, მთავარი კითხვა, ალბათ უფრო რიტორიკული, არის ის, რის მიღწევას ცდილობდა 5 ივლისს ხელისუფლება — იმის ხომ არა, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, საით მივექანებით? რომ ამ ქვეყანაში "უმრავლესობას" მისგან განსხვავებული ადამიანები არ მოსწონს და ამას არ დაუშვებს? ხომ გვითხრა კიდეც ეს წინასწარ დაანონსებული ძალადობის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერმინისტრმა? რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, რა იყოს ეს, თუ არა მოძალადეების წაქეზება?
კომენტარები