ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ოჯახი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სუსტია და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საპატიმროში დიდხანს დაყოვნდეს.

"ირაკლის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სუსტია, რაც მისი 9-თვიანი პატიმრობიდან გამომდინარეც დამძიმდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას აწუხებს თავისა და კუჭის ძლიერი ტკივილები. სახელმწიფო უწყებები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ გუშინ ექიმმა ინახულა ირაკლი. ექიმის მხრიდან რა დასკვნა დაიდო, ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილი არ არის და დღეს ველოდებით ამ ინფორმაციას", — ამბობს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა ფორმულასთან.

ოჯახი, ასევე, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის სამინისტროს ირაკლი ბებუას გათავისუფლების საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებს.

30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში აფხაზური ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს. ამ ფორმით მან გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.

დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 დეკემბერს მიუსაჯესა.

გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში, თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების უფლება მისცეს, ადგილობრივი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იქ არსებული ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, აფხაზურ მხარეს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.