ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, პარლამენტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე 79 მომხრე და 22 წინააღმდეგი ჰყავდა.

მეორე მოსმენით კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, კერძოდ, პარტია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე.

გარდა ამისა, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ასევე, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ამ კანონის ამოქმედებისთანავე აღუდგება ეს უფლება.

"ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღებდა იგი, რომ არ დაეკარგა დაფინანსების მიღების ზემოაღნიშნული უფლება", — ვკითხულობთ კანონპროექტში.

გარდა ამისა, კანონპროექტის პაკეტის ფარგლებში განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებსაც, რომლის თანახმადაც თუ პარტიას შეუწყდება დაფინანსება, დაკარგავს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლებას.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით 23 დეკემბერს დაუჭირა მხარი. 24 მარტს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნეს დასკვნა და მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ გადაეხედათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებებისთვის.

ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიებს უფასო საეთერო დრო არ ექნებათ, მათ თანასწორუფლებიანობას დაარღვევდა. ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებული იყო იმ შესწორებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.