რა იცვლება საკრებულოების გენდერულ კვოტებში — მარტივად
22 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ცვლილება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი იცვლება. კერძოდ, არსებული კანონმდებლობით 2028 წლამდე ჩასატარებელ თვითმმართველობის ყველა არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, ცვლილებების მიხედვით, იქნება ყოველი მესამე.
რა მოხდა კომიტეტის სხდომაზე
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით საკრებულოებისთვის იგივე სტანდარტი დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული. მან ინიციატივა იმით ახსნა, რომ პარტიებს სიის შედგენისას პრობლემა ექმნებათ.
"როგორც იცით, 203-ე მუხლში გვაქვს კვოტა, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიისგან არის ის პრობლემატიკა დაყენებული, რომ ეს რეალურ პრობლემას შექმნის. მათ შორის პროპორციები იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. წინადადება არის, რომ ესეც დაუახლოვდეს პარლამენტის სტანდარტს და ყოველი მესამე კანდიდატიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის, ისევე, როგორც პარლამენტშია", — განაცხადა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კომიტეტის სხდომაზე ქართულმა ოცნებამ და განხილვის მონაწილე ოპოზიციის ნაწილმა მხარი ღამის 03:56 საათზე დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩისა და მოქალაქეების წარმომადგენლები. მათ საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
უშუალოდ კენჭისყრაზე კი მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებლის ორი წევრი და პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იმყოფებოდნენ. იოსელიანს ხმის მიცემის უფლება პროცედურულად არ ჰქონდა, თუმცა ცვლილებებს მხარს უჭერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ კი ცვლილებათა პაკეტს ხმა მისცა.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომაზე კვოტებთან დაკავშირებით კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს პარტია გირჩის მიერ გამოყენებული პრაქტიკა, როცა წევრმა ქალებმა მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტში კაცები შევიდნენ. ცვლილებების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მანდატზე უარს იტყვის, მის ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის ადამიანი იკავებს, ხოლო თუ ის მანდატზე თანხმობას არ განაცხადებს, პარლამენტის წევრი გახდება მის შემდეგ მყოფი ადამიანი. თუ წარდგენილ სიაში იგივე სქესის ადამიანი არ იქნება, პარტიას მანდატი გაუუქმდება. ამ იდეას გირჩის წარმომადგენელმა სხდომაზევე არაკონსტიტუციური უწოდა, თუმცა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს ამის ჩათვლით დაუჭირა მხარი და სესიაზეც ამ ფორმით გავა.
კომიტეტის სხდომაზე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ მათ პარლამენტი კვოტების საკითხის განხილვამდე და კენჭისყრამდე დატოვეს.
როგორ აფასებენ დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო სექტორში
დღეს ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი On.ge-სთან ამბობს, რომ "კანონპროექტი ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია".
"გასულ წელს მიღებული გენდერული კვოტა, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნამდვილად იყო ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად ნაბიჯი გადაგვედგა.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საპარლამენტო არჩევნებზეც ვიხილეთ, რომ მაგალითად, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გენდერული კვოტის გვერდის ავლა სცადა და სიები ჩახსნა, რათა ქალი პარლამენტარები არ მომხვდარიყვნენ. ამის გასწორებას ვითხოვდით და უკან გადადგმული ნაბიჯი ვიხილეთ", — აცხადებს ნინო დოლიძე.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არსებული მუხლი არ შეცვალონ.
"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამას გადახედოს საქართველოს პარლამენტმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და დატოვონ ძალაში არსებული მუხლი", — აღნიშნავს ნინო დოლიძე.
ცვლილებას უარყოფითად აფასებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მოქმედი მუხლი უნდა შენარჩუნდეს.
ინიციატივას გამოეხმაურა ქალთა მოძრაობა. მათი შეფასებით, ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსის არსებულ ნორმას არსებითად აუარესებს. განცხადების მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე მუშაობისას კანონპროექტის ინიციატორებთან თანამშრომლობდა და არსებობდა შეთანხმება, რომ მიმდინარე საარჩევნო რეფორმა გენდერულ კვოტას საერთოდ არ შეეხებოდა. მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ცვლილებები მოულოდნელად აისახა კანონპროექტში პირდაპირ მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე, მაშინ, როცა პირველი მოსმენისას, პრინციპების განხილვის დროს, ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა და შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე არც განხილულა.
"საგანგაშოა, რომ ეს სიახლე კანონპროექტში დაინტერესებული საზოგადოების ყოველგვარი მონაწილეობისა და დისკუსიის გარეშე, ფაქტობრივად, კონსპირაციულად, დილის ხუთ საათზე გაჩნდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა ამ ცვლილების ინიცირების შესახებ მხოლოდ საკომიტეტო განხილვის მეორე დღეს შეიტყო", — აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
მათივე თქმით, 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საქართველომ ქალთა და კაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის, განსაკუთრებული ზომების გატარების ვალდებულება აიღო. როგორც გაეროს (CEDAW), ისე ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღნიშნულია, რომ საქართველომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 20% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13,5 %-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მაჩვენებლით, განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება ეფექტიან დროებით საკანონმდებლო ზომას წარმოადგენს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან დაბალია და მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდეს", — ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქტივისტები მოუწოდებენ პარლამენტს, ინიცირებულ ცვლილებას მხარი არ დაუჭიროს.
23 ივნისს ქალთა მოძრაობამ პარლამენტში ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართა.
უფლებადამცველ ბაია პატარაიას შეფასებით, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება და ეს არის კაცების დიქტატურა, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკიდან განდევნონ ქალები.
"როდესაც კვოტების კანონპროექტს იღებდა ქართული ოცნება და შემოგვთავაზეს 20%-იანი კვოტები, მაშინ შეგვპირდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20%-იანი კვოტა არის ძალიან დაბალი, ვინაიდან ქვეყანა ნელ-ნელა პროპორციულ სისტემაზე გადადიოდა, ამ კანონს არ შეეხებოდნენ და ნელ-ნელა გაიზრდებოდა და 30% გახდებოდა. თუმცა, დღეს, როდესაც მუნიციპალიტეტის არჩევნებში პროპორცია იზრდება, მათ შეცვალეს ეს კანონპროექტი ყველასგან დამალულად და ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთეს ქალებს. რა თქმა უნდა, ამას არ მოვითმენთ და ამას მოჰყვება დიდი პროტესტი ყველა ჯგუფის მხრიდან", — ამბობს ბაია პატარაია.
რას ამბობს ოპოზიცია
ქალთა მოძრაობასთან ერთად, განცხადება გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ტრიბუნასთან იდგნენ იმ პარტიების წევრებიც, რომელთა წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, თუმცა შეხვედრა მანამდე დატოვა, სანამ ამ საკითხის განხილვა დაიწყებოდა. სხდომაზე ბოლომდე იმყოფებოდა პარტიის წევრი, გიორგი სიორიძე.
"ეს არის ალბათ უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც ჯერ არ ამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს არის ღირებულებების საკითხი. ჩვენ ამას არ შევეგუებით", — აცხადებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
23 ივნისს, ქალთა მოძრაობასთან ერთად, კვოტირების აუცილებლობაზე ისაუბრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
"ქალთა უფლებები საქართველოში ნამდვილად დასაცავია და ამისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ. კატეგორიულად ვემიჯნები ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ ადამიანს, რომელიც ხანდახან სასაცილო, საქირქილო თემად მიიჩნევს ამ საკითხს. დიახ, კვოტირება აუცილებელია. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ რაც იყო თვითმმართველობის არჩევნებზე, შენარჩუნდეს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
On.ge დაუკავშირდა ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ცვლილებების განხილვას ესწრებოდნენ და რომელთა პარტიებიც ახლა ინიციატივას აპროტესტებენ. პაატა მანჯგალაძის თქმით, ცვლილებებს არ ეთანხმება და მისთვის არც მხარი დაუჭერია.
"რომ დავსვი კითხვა, მითხრეს, რომ ეს არის ერთჯერადი ღონისძიება და ძირითად ტექსტს არ ცვლიდნენ. მე ასე ვიცოდი. ცალკე მუხლობრივად თანხმობა არ მიმიცია, მაგრამ მერე შარლ მიშელის პაკეტის ერთიან დოკუმენტში იყო, რასაც დავუჭირე მხარი, აბა რა უნდა მექნა? მე არ ვეთანხმები ცვლილებას, მაგრამ ეს არ მაძლევს საფუძველს, ამ მუხლის ჩანაწერის გამო მთელ კოდექსზე ვთქვა უარი, იმიტომ რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მაქვს ხელი მოწერილი", — ამბობს მანჯგალაძე.
პარტია ლელოს წევრი, გიორგი სიორიძე სხდომას ესწრებოდა როგორც საარჩევნო ჯგუფის ყოფილი მონაწილე. On.ge-ს კითხვაზე, თუ მისი პარტია ცვლილებას არ ეთანხმება, რატომ არ გამოხატა პროტესტი ადგილზე, პასუხობს, რომ საჯაროდ სიტყვის თქმის შესაძლებლობა არ მიეცა.
"პროტესტი და დემარში არ გამომიხატავს, თუმცა მე იქ არანაირი მხარდაჭერა ლელოს მხრიდან არ დამიფიქსირებია. ამ დროს სხვა პარტიის წარმომადგენლებიც დარბაზში არ იმყოფებოდნენ. პრაქტიკულად, ჩათვალეთ, რომ ლელო იქ არ ყოფილა. მე ვიყავი როგორც საარჩევნო ჯგუფის ყოფილი მონაწილე და ცესკოს წევრებიც იქ იყვნენ, ფრაქცია უკვე წარმოდგენილი არ იყო, იმიტომ რომ უკვე 03:30 იყო", — ამბობს სიორიძე.
მისივე თქმით, ამ საკითხზე არასდროს, არცერთ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში პირდაპირ საუბარი არ ყოფილა.
"03:30 საათზე გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ. მე საჯაროდ აღარ მომეცა სიტყვის თქმის საშუალება, შემდეგ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ფორმატში, იმიტომ, რომ თავისი პროცედურა აქვს კომიტეტს. რა თქმა უნდა, მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. მეორე დღეს უკვე ჩავაყენე საქმის კურსში ჩემი პარტიის წევრები", — აცხადებს ლელოს წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 24 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გაშალა ბანერი "მატყუარა კაცების პარლამენტი".
რას ამბობს ომბუდსმენი
გენდერული კვოტის გადახედვას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიასაც მიაჩნია, რომ ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, გადაწყვეტილებას გადახედონ.
ომბუდსმენს უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა და ლომჯარიას ჰკითხა:
"თუ ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა და რომელზეც კომიტეტზე იყო მსჯელობა, გარანტირებულად გვაძლევს 20%-იან ქალთა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და იგივე მონაწილეობა იყო გარანტირებული წინა ჩანაწერითაც, იქნება თუ არა ეს იგივე შეფასების ღირსი თქვენი მხრიდან და პირიქით, ხომ არ შეაფასებდით ამას? როგორც ქალების უფლებების კვლავ დაცვად".
სახალხო დამცველმა კი უპასუხა, რომ "რადგან არსებული საარჩევნო სისტემა ქალების ადეკვატურ და სამართლიან წარმომადგენლობას ისედაც ვერ უზრუნველყოფს", ცვლილებებით ამ მდგომარეობის გაუარესება არ უნდა მოხდეს და თუკი სისტემა უკეთესობისკენ იცვლება, ამით ქალებმაც უნდა ისარგებლონ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესის ცვლილება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. დეპუტატები ამ საკითხზე მსჯელობას პლენარულ სხდომაზე გააგრძელებენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუჭერენ თუ არა საბოლოოდ მხარს.
კომენტარები