Spirited Away — ფილმი, რომელიც მილენიალების უდიდეს შიშს ასახავს
ჰაიაო მიაძაკის ოსკაროსანი ანიმეს, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, შექმნიდან უკვე 20 წელი გავიდა. ამის აღსანიშნავად BBC ფილმის იმ მაგიით დაინტერესდა, რომელიც დღესაც გვაჯადოებს.
ჰაიაო მიაძაკის 2001 წლის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის, მოჩვენებების მიერ გატაცებულნის პირველი 15 წუთის განმავლობაში სამყარო გარდაიქმნება. მაყურებელი მოჯადოებულ სივრცეში მთავარ გმირთან, 10 წლის ჩიჰიროსთან ერთად იკარგება, რომლის მშობლებმაც ახალ სახლში გადასვლისას გზიდან გადაუხვიეს.
ფილმში აღწერილია ჩიჰიროს თავგადასავლები სამყაროში, რომელსაც შელოცვები, სულები და ჯადოქრები მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას მოხვედრისას მისი დედა და მამა მოულოდნელი გარემოთი (ხავსიანი სალოცავებით, იდუმალებით მოცული ნიშნებით, უცნაურად მიტოვებული რესტორნის ნადიმით) მოხიბლულები არიან, ჩიჰირო ინსტინქტურად შეშინებულია. შებინდებისას ჯო ჰისაიშის დაძაბული მუსიკა ისმის და მაყურებელი შეცვლილ ლანდშაფტში ექცევა — ფოლკლორულ და პასტორალურ სივრცეს ნეონისფერი ეპარება. ეს უცნაური სამყარო გვიტაცებს და ჩვენც თითქოს ვგრძნობთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია.
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი ნამდვილად არ იყო პირველი იაპონური ანიმაცია, რომელმაც გლობალური პოპულარობა დაიმსახურა. ტოკიოში მდებარე სტუდიის, Toei Animation-ის ფილმებიდან ჯადოქარი ბიჭი და თეთრი გველის ზღაპარი აშშ-ში ჯერ კიდევ 1961 წელს გავრცელდა. მსოფლიოს ბავშვთა თაობები გაიზარდნენ ისეთ მრავალჟანრულ ანიმე სერიალებზე, როგორიცაა მეცნიერი ნინძების გუნდი გატჩამანი (იგივე პლანეტების ბრძოლა) და პოკემონი. ხოლო კაცუჰირუ ოტომოს მიერ ფილმად ქცეული აკირა (1988) ანიმესადმი განახლებული მასობრივი ინტერესის მიზეზი გახდა.
თუმცა გამოსვლიდან ორი ათეული წლის შემდეგაც კი მოჩვენებების მიერ გატაცებულნი თავის გამაოგნებელ ძალას ინარჩუნებს: ის კვლავ რჩება ანიმეს სამყაროში შესაბიჯებელ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. ფილმში გარემოს დაცვის, ზებუნებრივი ძალებისა და ჰუმანიზმის საკითხებს ღრმად აქვთ გადგმული ფესვები. ეს მიაძაკისთვის მნიშვნელოვანი თემებია — მისი ანიმაციური სტუდიის სახელიც კი გარემოზე ზრუნვას ეხმიანება (Ghibli იტალიური ტერმინია, რომელიც არაბულიდან მომდინარეობს და "უდაბნოს ცხელ ქარს" ნიშნავს).
დოქტორი ჯონათან კლემენტსი მწერალი, კომენტატორი და მთარგმნელია, რომლის გამოქვეყნებულ ნამუშევრებშიც ანიმეს და იაპონური სატელევიზიო დრამების ენციკლოპედიები შედის. ის აღნიშნავს, რომ, მართალია, მიაძაკის ამ ნამუშევარს ხალხში მრავალი გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა მისთვის ოსკარის გადაცემა "გამოღვიძებასავით იყო კინობიზნესის იმ უამრავი წარმომადგენლისთვის, ვინც წლების განმავლობაში უგულებელყოფდა იაპონურ ანიმაციას". ამ გამარჯვებამ ზოგადად ანიმეს პოპულარობა გაზარდა და კინოკომპანიებმა ამ ჟანრში ფილმების გადაღებაში ფულის შოვნის შესაძლებლობა დაინახეს.
მოჩვენებების მიერ გატაცებულნის მთლიანი ამბის განმავლობაში ბუნება არსებითად ჯადოსნურია. მასთან შედარებით, ადამიანები ხშირად უღიმღამოები, დესტრუქციულნი და დამანგრეველ მატერიალიზმს დამორჩილებულნი ჩანან. როგორც კლემენტსიც აღნიშნავს, მოჩვენებების მიერ გატაცებულნის ეკოლოგიური გზავნილი მიაძაკისა და მისი კოლეგებისთვის კარგად ნაცნობი საკითხი იყო, რომელმაც, ამასთან, ფილმის უნივერსალურ მიმზიდველობაშიც ითამაშა როლი.
"Studio Ghibli, ზოგადად, ყოველთვის იყო დაინტერესებული გარემოს დაცვის თემებით", — ამბობს კლემენტსი, — "ეს ინტერესი ნაწილობრივ გარემოზე ზრუნვის გულწრფელი სურვილით წარმოიშვა. თუმცა დიდ როლს თამაშობს ერთგვარი გეოგრაფიული ცნობიერებაც, რადგან სტუდია ტამა ჰილსში ახლადაშენებულ ქალაქშია დაფუძნებული, რომელიც ადრე სოფლის მიდამო იყო. ეს გარემოება ყველაზე ცხადად ისაო ტაკაჰატას [სტუდიის თანადამფუძნებლის] პომ პოკოში (1994) იგრძნობა, რომელშიც არსებები ქალაქს ცოტა ხნით იმ იერსახეს უბრუნებენ, როგორიც ხეების გაჩეხვამდე და გუბეების ამოშრობამდე ჰქონდა.
"ზოგიერთმა კინოკომპანიამ ეკოლოგიური თემები თავის ნამუშევრებშიც გადმოიტანა, თუმცა მიაძაკისთვის გარემოს დაცვის გარდა ბავშვებისთვის ბავშვად ყოფნის უფლების მიცემაც უმნიშვნელოვანესია. ჩემი მეზობელი ტოტორო (1988) ამის ყველაზე ცხადი მაგალითია. მისი მიზანი ქალაქის გარეუბნებში გამომწყვდეული ბავშვებისთვის სოფლის ცხოვრების ხიბლის ჩვენება იყო. ვფიქრობ, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი ამ ნარატივს კიდევ უფრო აფართოებს, რაც თანამედროვეობის მუდმივი ზეწოლისა და გაფანტულობის ალეგორიულად გადმოცემით მიიღწევა — ესაა ისტორია პატარა გოგოზე, რომელსაც უნდა, რომ უბრალოდ ნორმალური იყოს, მაგრამ უკვე აღარ იცის, რა არის ნორმალური და ხედავს, როგორ ემორჩილებიან მისი მშობლები ცდუნებასა და სიხარბეს".
მიაძაკის უამრავი ფილმის ყურებისას ჩვენ ვგრძნობთ ნოსტალგიას ბუნებრივი სამყაროს მიმართ, სულების პატივისცემას და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღელვას. თანაც ეს ყველაფერი ისეთ ნარატივებშია ჩაქსოვილი, სადაც მოზარდი გოგოები და ბიჭები უფროსებზე უფრო მამაცები და ჭკვიანები არიან. სწორედ ასეთია მიაძაკის 1978 წლის სარეჟისორო სადებიუტო სერიალიც, მომავლის ბიჭი კონანი (მასში მოქმედება პოსტაპოკალიპტურ 2008 წელს მიმდინარეობს) და მისი 1984 წლის მანგას ადაპტაცია, ნაუსიკა ქარის ხეობიდან, სადაც გაბედული პრინცესა/ეკომეომარი ტოქსიკურ საი-ფაი ჯუნგლებს კვეთს. 1997 წლის პრინცესა მონონოკეს პროტაგონისტიც ტყეების გადარჩენისთვის იბრძვის.
თავად მიაძაკი ყოველთვის იმედიანად არ საუბრობდა გარემოსდაცვით საკითხებზე. 2005 წელს The New Yorker-თან ინტერვიუში მან წამოიძახა: "ჩვენი მოსახლეობა შეიძლება მოულოდნელად ჩაიძიროს და გაქრეს! ცოტა ხნის წინ ამაზე ექსპერტს ვესაუბრე და ვთხოვე, სიმართლე ეთქვა. მან მითხრა, რომ თუ მასობრივი მოხმარება ამავე ტემპებით გაგრძელდება, 50 წელზე ნაკლები დრო გვექნება… იმედი მაქვს, კიდევ 30 წელი ვიცოცხლებ. მინდა, ვნახო ზღვა ტოკიოს თავზე და NTV-ის ცათამბჯენის კუნძულად გადაქცევა. ვნახავდი მანჰეტენს წყალქვეშ… ფული და სურვილი — ეს ყველაფერი ჩამოიშლება და სამყაროს ველური მწვანე ბალახები დაიპყრობენ".
და მაინც, როგორც მის ფილმებში ვხედავთ, პოზიტიური ტრანსფორმაციის შესაძლებლობა ყოველთვის რჩება — დამაინტრიგებლად ორაზროვანი ბოროტი პერსონაჟებისთვისაც კი. ანიმაციაში, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, ჩიჰირო იდუმალ "დრაკონ-ბიჭს" უმეგობრდება და იძულებულია, გროტესკული ჯადოქარის, იუბაბას (ვინც ჩიჰიროს ვინაობას წაართმევს და სენს დაარქმევს) კუთვნილ მდიდრულ აბანოში იმუშაოს. ერთ მნიშვნელოვან სცენაში ჩიჰირო ვალდებულია, აბანოში სტუმრად მოსულ მოუქნელ "სუნიან სულს" დაბანაში დაეხმაროს. ბინძური ქაოსის ფონზე ჩიჰირო არსებას თანაგრძნობით ეპყრობა და აღმოჩნდება, რომ ის მდინარის წმინდა სულია, რომელიც ადამიანის დაბინძურებამ დააზიანა. მიაძაკიმ განმარტა, რომ ეს სცენა საკუთარი ახალგაზრდობის გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაიღო. იგი ადგილობრივი მდინარის გასუფთავებაში მონაწილეობდა, რომლიდანაც შემთხვევითი ნარჩენები — მათ შორის, მიტოვებული ველოსიპედიც კი — ამოიღეს და საბოლოოდ მან გაწმენდილ წყლებში ველური ბუნების დაბრუნებაც იხილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კიდევ ერთი მრავლისთვის საყვარელი გამოგონილი გმირის (და Studio Ghibli-ს თილისმის), ჩახუტების მოყვარული სული ტოტოროს სახელი რეალურად არსებულმა გარემოს დაცვის ტოტორო ფონდმა დაირქვა. ფონდი იაპონიის აყვავებულ საიამა ჰილის რეგიონის ბუნების შენარჩუნებაზე ზრუნავს — სწორედ ეს ადგილი იყო მიაძაკის ანიმეს ინსპირაცია.
ბავშვის თვალით დანახული სამყარო
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი დეტალებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, სწორედ ამაშია მისი ჯადოსნურობაც. ანიმეს "ყოველდღიური" გმირი ჩიჰირო მიაძაკის ოჯახის ახალგაზრდა მეგობრების შთაგონებით შეიქმნა; ის ყველაზე ფანტასტიკურ გარემოშიც კი ყველასთვის ნაცნობი გმირია და დანარჩენი პერსონაჟების — მაგალითად, ნიღბიანი უსახურის, ან ექვსხელიანი კამაჯისადმი თანაგრძნობის გამოვლენაში გვეხმარება. მთელი ანიმაცია ჩახლართული სიმბოლოებითაა დაშიფრული — იქნება ეს ხელით დახატული კადრები, თხრობისეული გადახვევები თუ ხორციელ სიამეთა ზედმეტად მოყვარული ზრდასრულების ღორებად გადაქცევის ალეგორია. "მიაძაკის ფილმებში ადამიანები ღორებად მაშინ იქცევიან, როდესაც თავიანთ ოცნებებს კარგავენ, ყურადღება უსარგებლო რამეებზე გადააქვთ და იმაზე აღარ ფიქრობენ, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია", —განმარტავს კლემენტსი.
"ამ ანიმედან ჩემი საყვარელი სცენა ისაა, როდესაც დასაწყისში პერსონაჟები ქალაქში ხეტიალობენ — გარკვეული ტიპის აუდიტორიაში ეს წარმოუდგენელ დაძაბულობას იწვევს", — ურთავს ის, — "ინგლისურენოვანი ვერსია არ თარგმნის ჩიჰიროს ოჯახის თვალწინ არსებულ წარწერებს ქუჩაში, მაგრამ ისინი ძალიან საშიშია. მაგალითად, ერთ-ერთ მაღაზიას ოპტიკა კი არა, თვალის კაკლის მაღაზია აწერია და თანაც, ახალმიღებულ პროდუქტს უწევს რეკომენდაციას… არის კიდევ შენობები, რომელთაც, უბრალოდ, ხორცი და მოჩვენებები აწერია. თუ თქვენ იაპონელი ხართ, ეს ქალაქი-აჩრდილი იმ მომენტიდანვე შეგაშინებთ, როცა ჯერ კიდევ დღეა. ეს კადრები იაპონელი მაყურებლების ჯგუფს ვაჩვენე და ვკითხე, თუ რატომ გრძნობდნენ თავს უსიამოვნოდ მათი ყურებისას. ვერცერთმა ვერ მიპასუხა, სანამ ყველა წარწერისკენ არ მივუთითე — უცებ ისინი მიხვდნენ, რომ უკანა პლანს ქვეცნოებიერი დატვირთვა ჰქონდა. საოცარია, რომ ეს ნიშნები პირველად იმ ადამიანებისთვისაც შეუმჩნეველი რჩება, ვისთვისაც იაპონური მშობლიური ენაა.
"სცენები აქ ბავშვის თვალის დონეზეა დახატული. ჩვენ, მაყურებლებს, ზრდასრულები თავზე წამოგვდგომიან და თითქოს ხელი უნდა ჩავკიდოთ, დავეყრდნოთო მათ. კამერა თეძოს სიმაღლიდან იღებს, რაც გასაკვირად იშვიათად ხდება ანიმეში. მულტფილმებში ხშირად ბავშვები იმ სამყაროში არიან, სადაც ყველაფერი მათ სიმაღლეზეა, მაგრამ მიაძაკი კიდევ უფრო შორს წავიდა: მან იფიქრა იმაზე, თუ როგორია იყო 1.2 მეტრი სიმაღლის და ეს სამყაროს აღბეჭდვის თავის მეთოდში ჩართო".
ისინი, ვინც მოჩვენებების მიერ გატაცებულნი პირველად წლების წინ, მოზარდობისას ნახა, მისი ხელმეორედ ყურებისას მყისიერად კვლავ ინუსხებიან უჩვეულო, თვალისმომჭრელი პეიზაჟებით; თუმცა, შეიძლება, იმითაც გაოცდნენ, თუ რამდენად აანერვიულებთ ზღაპრული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა: სწორედ ისე, როგორც პატარა ჩიჰირო ღელავს, როცა ამ ურჩი სამყაროს ტყვე ხდება. ეს შეგრძნება გარკვეულწილად იმ ტექნიკიდან მოდის, რომელიც მიაძაკიმ აღწერა იაპონური სიტყვით, მა, რაც განზრახ სიცარიელეს აღნიშნავს. "თუ უწყვეტ მოქმედებას უყურებ, რომელშიც ამოსასუნთქად სივრცე არაა დატოვებული, ეს უბრალოდ დაკავებულობაა. მაგრამ თუ წამით შეისვენებ, ფილმში დაძაბულობა იმატებს და უფრო ფართო განზომილებაში გადაიზრდება", — უთხრა მიაძაკიმ ამერიკელ კინოკრიტიკოსს, როჯერ ებერტს, 2002 წლის ინტერვიუში.
საბოლოო ჯამში, მოჩვენებების მიერ გატაცებულნი ბაზისურ ღირებულებებზე გვესაუბრება. ბრიტანელი მწერლის და რეჟისორის, ჯონ კაირდის აზრით, მიაძაკისთვის მნიშვნელოვანი თემები, — "გარემოზე ზრუნვა, ბუნების პატივისცემა, კარგი სულების ძალის რწმენა და ახალგაზრდა ქალებისა და კაცების იმ მიზნით გაძლიერება, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს", — და მისი ერთდროულად ჯადოსნური და მიწიერი გზავნილები მრავალ თაობას დარჩება.
"ვფიქრობ, რომ მიაძაკის ფილმებმა მე-20 საუკუნის ბოლოს არა მარტო მაშინდელი აუდიტორიის ყურადღების ეკოლოგიურ საკითხებისთვის მიპყრობა შეძლეს, არამედ ისინი 21-ე საუკუნეში, უკვე გაზრდილი მილენიალების იმ განცდასაც ეხმიანებიან, რომ მათი სამყარო უკვე განადგურებულია. მაკოტო შინკაიმ საუკეთესოდ აჩვენა ამ საკითხის სიცხადე შენთან ერთად მოამინდების (2019) საკამათო დასასრულში. მან თქვა, რომ საკუთარ თავს უფლება ვერ მისცა, ჰყოლოდა გმირი, რომელიც სამყაროს გადარჩენას შეძლებდა მაშინ, როდესაც რეალური სამყაროს გადარჩენა უკვე გვიანია. მან თქვა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი იქნებოდა ახალგაზრდა მაყურებლების მიმართ. ვფიქრობ, მიაძაკის ნამუშევრები ოდნავ უფრო ოპტიმისტურია — ის მზადაა, სამყაროს გადარჩენაზე ზრუნვა ერთი ხის დარგვით დაიწყოს და ყველა სხვას იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს", — ამბობს კლემენტსი.
კომენტარები