WOH G64 ვარსკვლავია, რომელიც ჩვენთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი ზომის განსაზღვრა შეგვიძლია. როგორც ჩანს, 2013-14 წლებში მან ფერი შეიცვალა: წითელი იყო და ყვითელი გახდა. ეს ტემპერატურის მატებაზე მიუთითებს (დაახლოებით 1000°C-ით). გასულ წელს მისმა სიკაშკაშემ საგრძნობლად იკლო. ასტრონომები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილების სავარაუდო ახსნას მიაგნეს.

ზოგადად, ირმის ნახტომში ბევრი უზარმაზარი ვარსკვლავია, მაგალითად, NML Cygni და RW Cephei. მათი სიგანე ბეტელგეიზესას ორჯერ აღემატება, მზისას კი — დაახლოებით 700-ჯერ. ეს ვარსკვლავები ზეგიგანტებადაა კლასიფიცირებული, თუმცა თუ უფრო დიდ ვარსკვლავებს, ჰიპერგიგანტებს ვეძებთ, მაშინ მაგელანის დიდ ნისლეულს (LMC) უნდა "ვეწვიოთ". WOH G64-იც სწორედ ამ გალაქტიკაში მდებარეობს. LMC-ის მასა ირმის ნახტომის მეათედიც კი არაა, თუმცა მისი ქიმიური შედგენილობა (მეტალების ნაკლებობა) უფრო დიდი ვარსკვლავების წარმოქმნის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც წესი, 160 000 სინათლის წლით დაშორებული ობიექტების ზომის განსაზღვრა რთულია. WOH G64-ის რადიუსი მზისას დაახლოებით 1540-ჯერ აღემატება. ზოგადად, რაც უფრო დიდი მასა აქვს ვარსკვლავს, მით უფრო მალე იწურება მისი საწვავი. ამ ზომის ვარსკვლავები ზეახალები ხდება ან სულაც პირდაპირ შავი ხვრელები. თუ WOH G64-ის ბოლოდროინდელ გამოსახულებებს 1980-იან წლებში მიღებულს შევადარებთ დავინახავთ, რომ იგი საგრძნობლად ყვითელი გახდა, განსაკუთრებით ბოლო ხანებში.

ზოგადად, ვარსკვლავის ფერს თავისი ტემპერატურა განაპირობებს, შესაბამისად, ფერის ასეთი ცვლილებაც ტემპერატურის ზრდაზე მიანიშნებს. მეორე მხრივ, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ჰიპერგიგანტი თავიდანვე ყვითელი იყო, ე.ი. უფრო ცხელი, ვიდრე ვარსკვლავების უმეტესობაა თავიანთი სიცოცხლის ბოლო სტადიაზე. შეიძლება იგი უფრო ცივი იმიტომ ჩანს, რომ მტვრის ღრუბლებითაა გარშემორტყმული.

1980-იან წლებში WOH G64 თავისი წითელი შეფერილობის გამო ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე ცივ ზეგიგანტად მიიჩნიეს. ასევე დაადგინეს, რომ მისი სიკაშკაშე 1,5-2 მაგნიტუდამდე მერყეობდა. ეს სიცოცხლის ბოლო სტადიაზე მყოფი ვარსკვლავისთვის უჩვეულო ნამდვილად არაა, თუმცა დაკვირვებებს საგრძნობლად ართულებს. 2025 წელს სიკაშკაშემ კიდევ უფრო იკლო, თანაც იმდენად, რომ ასეთი კლება ნორმალურ ვარიაციას აღემატება.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეცნიერებმა ეს დაკვირვებები გააერთიანეს და დაასკვნეს, რომ WOH G64 ვარსკვლავთა სიმბიოზური სისტემა უნდა იყოს. ეს ვარსკვლავთა წყვილს გულისხმობს, რომელთაგან ერთი დიდი ხნის არის (გიგანტი ან ზეგიგანტი), ამიტომ მისი გარეთა ფენები შეთხელებული და გრავიტაციით ნაკლებად მჭიდროდაა შეკრული. ხოლო მეორე ვარსკვლავი უფრო პატარა და მკვრივია, ამიტომ მის გრავიტაციას გიგანტის გარე ფენებიდან აირების მიზიდვა შეუძლია. ეს მომცრო ზომის ვარსკვლავი შეიძლება თეთრი ჯუჯა ან მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი იყოს.

უცნობია, სინათლის რა ნაწილი მოდის ზეგიგანტისგან და რამდენი — მისი მეწყვილისგან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის ავტორებმა არც ის იციან, ფერის შეცვლა მხოლოდ ჰიპერგიგანტში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია თუ ორ ვარსკვლავს შორის ურთიერთქმედებამ.

მეორე შემთხვევაში ვარსკვლავების ორბიტები ჩამოშლის პროცესში იქნებოდა, რაც ყველა რამდენიმე ათწლეულში ბიძგების წარმომქმნელ ენერგიას გამოყოფდა. ისიც შესაძლებელია, რომ ჰიპერგიგანტი აფეთქდეს (როგორც ეს გიგანტ ვარსკვლავებს სჩვევია ხოლმე), რაც მის გარე ფენებს კოსმოსში გამოტყორცნიდა.

მეორე ტიპის ზეახალი ვარსკვლავები ხშირად მტვრითა და აირით არიან გარშემორტყმულნი, ალბათ იმიტომ, რომ ეს ვარსკვლავები აფეთქებამდე 1 წლით ადრე დიდი რაოდენობით მასალას აფრქვევენ. WOH G64-ის შესაძლო აფეთქებიდან 11 წელია გასული, ამიტომ ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები WOH G64-ის სისტემის დიდ ვარსკვლავს ზეახალობის კანდიდატად მიიჩნევენ, თუმცა ბევრი დეტალი ბუნდოვანია. მისი აფეთქების შემთხვევაში გარშემო არსებული აირები მნიშვნელოვან კვალს დატოვებდა: პოლუსების გარშემო უფრო თავისუფლად გავრცელდებოდა, ეკვატორის გარშემო არსებულ მკვრივ მტვერს კი შეეჯახებოდა.

ისიც შესაძლებელია, რომ მთავარი ვარსკვლავი პირდაპირ შავ ხვრელად იქცეს ან თავის მეწყვილეს შეეჯახოს.

თუ აფეთქება მართლაც მოხდება, დამკვირვებლებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება, ოღონდ მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება. ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება შეუიარაღებელი თვალით ბოლოს 1987 წლის თებერვალში ვიხილეთ. სხვათა შორის, ეს ვარსკვლავიც LMC-ში მდებარეობდა.

კვლევა გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.