არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს
ფოტო: Panama Ministry of Culture
პანამის დედაქალაქიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ელ კანოს ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 1000 წელზე ძველი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ადამიანების ნეშტი და სხვადასხვა არტეფაქტი იპოვეს.
ამ რეგიონში არქეოლოგიური გათხრები უკვე 2 ათწლეულია ტარდება, რომელთა შედეგადაც მეცნიერებს უკვე მრავალი აღმოჩენა აქვთ გაკეთებული.
ნეშტი ოქროს საგნებთან და კერამიკასთან ერთად იპოვეს, რომელიც ტრადიციული შინაარსის ნახატებით იყო მორთული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაპოვნი ნეშტი "მაღალი სტატუსის" მქონე ინდივიდების უნდა იყოს. საფლავი 800-1000 წლებშია აშენებული.
როგორც არქეოლოგი ხულია მაიო განმარტავს, ინდივიდი, რომელსაც საფლავში ოქროც ჩააყოლეს, ყველაზე მაღალი სტატუსის უნდა ყოფილიყო. ამ ნეშტთან ორი სამაჯური, ორი საყურე და გულზე ჩამოსაკიდებელი სამკაულები იპოვეს. მათზე ღამურები და ნიანგებია გამოსახული.
ელ კანოს არქეოლოგიური ძეგლი იმ საზოგადოებებთანაა დაკავშირებული, რომლებიც პანამის ცენტრალურ პროვინციებში VIII-XI საუკუნეებში ცხოვრობდნენ. როგორც მაიო ამბობს, აქამდე მსგავსი ცხრა საფლავი იყო აღმოჩენილი.
აღმოჩენა ელ კანოს არქეოლოგიურ ძეგლში, ნატას რაიონში გააკეთეს.
ფოტო: Panama Ministry of Culture
პანამის კულტურის სამინისტროს განმარტების თანახმად, ეს აღმოჩენა პანამის არქეოლოგიისა და ცენტრალური ამერიკის ყელის წინარეესპანური საზოგადოებების კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპერტების აზრით, ეს არქეოლოგიური გათხრები იმას მოწმობს, რომ ამ საზოგადოებების აღქმაში სიკვდილი არა დასასრული, არამედ "სხვა ეტაპზე გადასვლა" იყო — ფაზაში, სადაც სოციალურ სტატუსს კვლავ ექნებოდა მნიშვნელობა.
კომენტარები