გრეის ბელი ბრიტანელი ქალია, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. დეკემბერში ის პირველი ბრიტანელი გახდა, რომელმაც შვილი გარდაცვლილი დონორისგან გადანერგილი საშვილოსნოთი გააჩინა.

ბელს როკიტანსკი-მაიერ-კუსტარ-ჰაუზერის სინდრომი (MRKH) აქვს. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნო და ვაგინის ზედა ნაწილი სრულად არ ვითარდება. როგორც წესი, დიაგნოზი გარდატეხის ასაკში ისმევა: როცა MRKH-ის მქონე გოგოებს მენსტრუაცია უგვიანდებათ.

არსებობს MRKH-ის სხვადასხვა ტიპი. გარდა ამისა, პრობლემები სხვა ორგანოებსაც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა პაციენტებს ფუნქციონირებადი საშვილოსნო არც ერთ შემთხვევაში არ აქვთ, შესაბამისად, დაორსულება არ შეუძლიათ, თუმცა საშვილოსნოს გადანერგვის შემთხვევაში ეს შესაძლებელი ხდება. ტრანსპლანტაცია ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთა) შემდეგაც ეფექტიანია.

გასული ათწლეულის განმავლობაში ეს პროცედურა წარმატებით რამდენჯერმე ჩატარდა. საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ პირველი მშობიარობა 2014 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს ბავშვი ბებიის საშვილოსნოდან დაიბადა (დედას სიმსივნის გამო ეს ორგანო ამოკვეთეს, ამიტომ მას საშვილოსნო ბებიამ გადაუნერგა). 2018 წელს პირველად იმშობიარა ქალმა, რომელსაც მკვდარი ქალის საშვილოსნო ჰქონდა გადანერგილი.

ბრიტანეთში გადანერგილი საშვილოსნოს მქონე ქალის მშობიარობა პირველად 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა, თუმცა ცოცხალი დონორისგან. ხოლო გარდაცვლილი დონორისგან გადანერგილი საშვილოსნოთი დაბადებული პირველი ბრიტანელი ბავშვი ბელის შვილი, პატარა ჰუგო გახდა.

ორგანოს შესაბამისად მომზადების შემდეგ გადანერგვის ოპერაციას სულ რაღაც 7 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ ბელს ინვიტრო განაყოფიერებისა (IVF) და ემბრიონის გადანერგვის პროცედურები ჩაუტარეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ფეხმძიმობის განვითარებას ექიმები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ.

გრეის ბელი თავის ქმართან, სტივ პაუელთან და შვილთან, ჰუგოსთან ერთად.

ფოტო: Womb Transplant UK

ბელს საშვილოსნო იმ კვლევითი პროგრამის ფარგლებში გადაუნერგეს, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია Womb Transplant UK აფინანსებს. ის პირველი ბენეფიციარია, თუმცა ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ 9 მსგავსი პროცედურის ჩატარება იგეგმება. პროცედურა ჯერჯერობით ექსპერიმენტული სახისაა, ამიტომ ორგანოთა დონაციის ჩვეულებრივ პროცესებში არ შედის. ამის გამო დონორთა ოჯახებისგან სპეციალური თანხმობის მიღებაა საჭირო.

გარდაცვლილი დონორის მშობლები ბედნიერები არიან, რომ თავიანთი შვილის ორგანო ამდენად სასიკეთო საქმეს მოხმარდა. თავის მხრივ, ამ შესაძლებლობისთვის ბელი და მისი ქმარიც მადლიერნი არიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.