აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს
ფოტო: PNAS
პალეოლითის ეპოქის არტეფაქტებზე ამოტვიფრული ათასობით ნიშანი მიუთითებს, რომ ადრეული ჰომო საპიენსები კომუნიკაციისთვის სტრუქტურირებულ სიმბოლოებს ჯერ კიდევ 40 000 წლის წინ იყენებდნენ.
სიმბოლოები აურინაკული კულტურის ხალხის მიერ არის ამოკვეთილი და ეს დაახლოებით 43 000-დან 34 000 წლის წინ მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლოები კლასიკური გაგებით დამწერლობად ვერ ჩაითვლება, რადგან ის სალაპარაკო ენას პირდაპირ არ ასახავს.
სიმბოლოები რამდენიმე ობიექტზეა ამოტვიფრული და ეს იძლევა საშუალებას შევადაროთ ისინი 5300 წლის წინანდელ უძველეს პროტოკუნეიფორმულ (ლურსმული დამწერლობის წინამორბედი) სისტემებს.
გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის ლინგვისტის, კრისტიან ბენცისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგის, ევა დუტკიევიჩის ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩენილი ნიმუშები შეიძლება დამწერლობის ადრეული წინამორბედი იყოს.
აურინაკული პერიოდის ძვლის არტეფაქტი (ზემოთ), მასზე ამოკვეთილი ნიშნების ილუსტრაცია (ქვემოთ).
ფოტო: PNAS
ეს არ ნიშნავს, რომ სიმბოლოები, პროტოკუნეიფორმის მსგავსად, რიცხვებს ან იდეებს ასახავს. მკვლევრების თქმით, ნიშნები ამტკიცებს, რომ ევროპაში გამოჩენილი პირველი მონადირე-შემგროვებლები უკვე იყენებდნენ მსგავს რთულ ნიშნებს; ეს ყველაფერი ხდებოდა დამწერლობის გაჩენამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე.
ერთ-ერთი თვისება, რაც ადამიანს გამოარჩევს, არის ჩვენი შესაძლებლობა შევქმნათ საერთო სიმბოლური სისტემები, რომლებიც ინფორმაციას ინახავს და გადასცემს — იქნება ეს დამწერლობა, ძვალზე ამოკვეთილი ნიშნები თუ მესენჯერში გამოყენებული ემოჯის სიმბოლოები.
ძვლისა და სპილოს კბილის არტეფაქტები.
ფოტო: PNAS
ამ სისტემებიდან ბევრი დროში დაიკარგა. შესაძლოა, თავად არტეფაქტები დაზიანდა, ან მათ გასაგებად საჭირო კულტურული ცოდნა გაქრა. ეს ართულებს იმის დადგენას, თუ როდის — ან როგორ — დაიწყეს ადამიანებმა ნიშნების გამოყენება ინფორმაციის გონების გარეთ შესანახად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გავშიფროთ ამ კონკრეტული სიმბოლოების მნიშვნელობა, მათი ფუნქციის გაგება ნაწილობრივ მაინც შეგვიძლია. ბენცმა და დუტკევიჩმა ყურადღება აურიკანული კულტურის 260 პორტატიულ ობიექტზე გაამახვილეს.
ობიექტებს შორისაა ძვლის, სპილოს ძვლისა და რქისგან გამოკვეთილი ფიგურები. მათი დიდი ნაწილი მორთულია წერტილებით, ხაზებით, ჯვრებით, ზიგზაგებით, ვარსკვლავებითა და სხვა ხაზებით.
არტეფაქტებში მკვლევრებმა აღრიცხეს 3000-ზე მეტი ნიშანი, დააჯგუფეს ინის სხვადასხვა კატეგორიად და ჩაინიშნეს მათი ტიპები. კვლევამ აჩვენა, რომ სიმბოლოები შემთხვევითი არ არის; ისინი განმეორებადი თანმიმდევრობით იყო და ობიექტებს განსხვავებული მახასიათებლები ჰქონდა.
მამონტის ფიგურებზე ამოტვიფრული ნიშნების სრული ნაკრები.
ფოტო: PNAS
ჩვენ ვიცით, რომ დამწერლობა დაახლოებით 5000 წლის წინ გაჩნდა. მკვლევრების თქმით, ეს არ არის სალაპარაკო ენის ჩაწერის ნიმუში, მაგრამ ეს ადამიანთა ურთიერთობის ფორმის ნიმუში უნდა იყოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები ინფორმაციის სტრუქტურირებას დამწერლობის გაჩენამდე ათი ათასობით წლით ადრე ახდენენ.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები