ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ვერ გაიგო რას ნიშნავს სიტყვა "მილი სტები" და პროკურატურის განცხადებას TV პირველის ჩანაწერების შესახებ სასაცილო და კარიკატურული უწოდა.

"ადამიანი, რომელიც ახლა პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ეს ადამიანი, მისი უშუალო უფროსების დავალებით და ზოგადად, პოლიტიკური მართმსაჯულების გავლენით, ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როდესაც ასეთ ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება ფალსიფიცირებულია, თუ არ არის ფალსიფიცირებული, ავთენტურია, თუ არა, ეს ყოველ შემთხვევაში არის იმის დადასტურება, როგორი მართმსაჯულების სიტემა გვაქვს.

ერთი ვერ გავიგე უკაცრავად, მილისტები რას ნიშნავს, ეგ ვერ გავიგე. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ეს სიტყვა სხვა არის, მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ, თუ საერთოდ რას აკეთებენ", — განაცხადა დეკანოიძემ.

TV პირველის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან 4 თვეში პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ ჩანაწერში ვერ დაინახა დანაშაულის ნიშნები ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მხრიდან. ამავდროულად, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია და არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. უწყებამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წინა ხელისუფლების დროს აღნიშნულ პირებს უკანონოდ უსმენდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ჩანაწერების შესწავლამ გამოავლინა, რომ იყო მცდელობა არამხოლოდ ფრაზების, არამედ სიტყვებისა და ბგერების ამოჭრით შექმნილიყო დიალოგი. მაგალითად, უწყება ამტკიცებს, რომ ბერა ივანიშვილი არ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს "დაურეკავენ მინისტრები", არამედ ორი სიტყვის შეერთებით მიღებულია სიტყვა "მილი სტები".