ყოფილი სპეცრაზმელი, მილიონერი და ნაციონალისტი — ვინ არის ისრაელის ახალი პრემიერი
ისრაელის პრემიერმინისტრი მომავალი ორი წლის განმავლობაში ნაფტალი ბენეტი იქნება — მემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსი, პალესტინის სახელმწიფოს ცხარე მოწინააღმდეგე, ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერი.
მარტის საპარლამენტო არჩევნებზე 49 წლის ბენეტის პარტიამ იამინმა ქსენეთში 120-დან მხოლოდ შვიდი ადგილი მოიპოვა. თუმცა როცა ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი ჩიხში აღმოჩნდა, ბენეტის პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა.
ახალი კოალიცია ნეთანიაჰუს გარეშე
ორი წლის განმავლობაში ისრაელში მთავრობის ჩამოყალიბება ან ვერ ხერხდებოდა, ან ვერ ნარჩუნდებოდა, რის გამოც ქვეყანაში ოთხი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მარტის არჩვენების შემდეგ, ნეთანიაჰუმ კოალიციის შეკვრა კვლავ ვერ მოახერხა — პარტია ლიკუდს ქსენეთში მხოლოდ 30 ადგილი ჰქონდა, კოალიციისთვის კი 61 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ნაფტალი ბენეტს როტაციის პრინციპით პრემიერმინისტრობას სთავაზობდა როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისე ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი. ცენტრისტ ლაპიდთან იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ბენეტმა მაინც ოპოზიციის მხარე აირჩია, რითაც ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობა დაასრულა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივად — 12 წელი გაგრძელდა.
არჩევნებზე ბენეტის კამპანია მკაცრად მემარჯვენე იყო. ნაციონალურ არხზე მან ხელი მოაწერა დაპირებას, რომ ლაპიდს პრემიერმინისტრობის საშუალებას არ მისცემდა. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა — შეთანხმებისა და როტაციის პრინციპით, ორი წლის შემდეგ ბენეტი სწორედ ლაპიდს გადასცემს ქვეყნის მართვის სადავეებს.
ყოფილი პრემიერის მომხრეებმა ბენეტი მოღალატედ შერაცხეს, რადგან მან "ამომრჩეველი მოატყუა". ამ უკანასკნელმა კი თავისი გადაწყვეტილება "პრაგმატულ ნაბიჯად" შეაფასა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და აარიდებს მეხუთე საპარლამენტო არჩევნებს.
"ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მეხუთე, მეექვსე, მეათე არჩევნებითაც კი, რითაც დავანგრევთ ქვეყნის კედლებს, სანამ სახლი არ დაგვეცემა. ან შეგვიძლია, დავასრულოთ სიგიჟე და პასუხისმგებლობა ჩვენს ხელში ავიღოთ", — განაცხადა ბენეტმა.
იაირი ლაპიდის მიერ ჩამოყალიბებულ კოალიციას, რომლის პრემიერი თავდაპირველად ბენეტი იქნება, ცვლილებების ბლოკი ჰქვია და პარლამენტში მინიმალურ უმრავლესობას — 61 მანდატს ეყრდნობა.
კოალიციურ შეთანხმებას რვა პარტიამ მოაწერა ხელი:
- ეშ ატიდი;
- ბენი განცის ცენტრისტული ალიანსი ქახოლ-ლავანი;
- მემარჯვენე ძალების კავშირი ახალი მემარჯვენეები;
- სოციალ-დემოკრატიული ავოდა;
- ნაციონალისტური რუსულენოვანი ებრაელების პარტია ჩვენი სახლი — ისრაელი;
- მემარჯვენე ახალი იმედი;
- მემარცხენე სოციალ-დემოკრატები მერეცი;
- არაბული პარტია რაამი.
ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა არაბული პარტია სამთავრობო კოალიციაში მოხვდა.
ვინ არის ისრაელის ახალი პრემიერი
ბენეტი ქალაქ ხაიფაში დაიბადა. მისი მშობლები ამერიკაში მცხოვრები ებრაელები იყვნენ, რომლებიც ისრაელში ექვსდღიანი ომის შემდეგ დაბრუნდნენ. ნეთანიაჰუს მსგავსად, მანაც ელიტურ სადაზვერვო სამსახურში, სეირეტ მატკალში იმსახურა, რომლის საქმიანობა ტყვეების გათავისუფლება და მტრების დაკავება იყო.
ბენეტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც მუდმივად ატარებს კიპას, ტრადიციულ ებრაულ ქუდს. ის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთადთელ-ავივის პრესტიჟულ გარეუბანში ცხოვრობს.
სამხედრო მსახურების შემდეგ, ბენეტმა იურიდიული განათლება მიიღო. 1999 წელს ის გახდა კომპანია Cyota-ის თანადამფუძნებელი, რომელიც თაღლითობისგან დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. Cyota 2005 წელს ამერიკულმა კომპანია RSA Security-მა 145 მილიონ დოლარად შეიძინა.
როგორც ბენეტმა განაცხადა, პოლიტიკაში მოსვლა 2006 წელს, ჰეზბოლასთან ომის მწარე გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა.
ოდესღაც ის ყოფილი პრემიერის, ნეთანიაჰუს პროტეჟედ მიიჩნეოდა და 2006-2008 წლებში მისი აპარატის ხელმძღვანელიც იყო. თუმცა შემდეგ ისინი დაიშალნენ, ბენეტმა ლიკუდი დატოვა და მემარჯვენე პარტია ებრაულ სახლს შეუერთდა, რომელიც 2013 წელს პარლამენტში გაიყვანა.
ყოფილი პრემიერის კოალიციურ მთავრობაში სხვადასხვა დროს მას ეკავა განათლების, თავდაცვისა და დიასპორის მინისტრის პოზიციები. ბენეტს ხშირად აფასებენ ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსად, თუმცა საკუთარ თავს ნეთანიაჰუსგან მარჯვნივ მიიჩნევს.
ის აცხადებს, რომ ისრაელი ებრაელების ნაციონალური სახელმწიფო უნდა იყოს და ამტკიცებს, რომ ისტორიული უფლება აქვთ აღმოსავლეთ სანაპიროზე, დასავლეთ იერუსალიმსა და ოკუპირებულ სირიის გოლანის მაღლობებზე.
პოლიტიკური ხედვები
ნაფტალი ბენეტი აღმოსავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების შენარჩუნების მომხრეა. საერთაშორისო საზოგადოება ამ დასახლებებს არ აღიარებს და უკანონო ექსპანსიას უწოდებს, თუმცა ისრაელი ამ შეფასებებს არ იზიარებს.
დასახლებების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. ნეთანიაჰუ მათი დატოვების მომხრეა, თუმცა ბენეტი მიიჩნევდა, რომ პრემიერი ამ საკითხში საკმარისად მკაცრი არ იყო.
ამავე დროს, ბენეტი მხარს უჭერს ღაზას სექტორში ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმას, საიდანაც ისრაელმა მოსახლეები და ჯარი 2005 წელს გაიყვანა.
"პალესტინური სახელმწიფო ერა დასრულდა!" — განაცხადა ბენეტმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ეს უკანასკნელი ისრაელის პოლიტიკას აქტიურად უჭერდა მხარს და იერუსალიმიც მის დედაქალაქად აღიარა.
ახალი პრემიერმინისტრი უარყოფს ორი სახელმწიფოს არსებობის იდეას — მშვიდობის დამყარების ფორმულას, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს, მათ შორის აშშ და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
"ისრაელის მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობ. წერტილი", — განაცხადა ბენეტმა ამ წლის თებერვალში. მას მიაჩნია, რომ ისრაელმა იორდანიის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილი უნდა დაიბრუნოს.
კოალიციურ მთავრობაში ყოფნის გამოცდილების მიუხედავად, ის ნაკლებად ცნობილია საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ ბენეტს გამოცდილებაც არ აქვს. მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა კოალიციის შენარჩუნებაა, რადგან მისი დაშლის შემთხვევაში, შესაძლოა ისრაელი კიდევ ერთი არჩევნების წინაშე დადგეს. ამიტომაც ისრაელშიც ბევრს უჩნდება კითხვა, როგორი ლიდერი შეიძლება იყოს ის.
კომენტარები