დეზინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი გავლენა საქართველოში
დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენები არც კორონავირუსამდე იყო უცხო, მაგრამ ბევრმა ადამიანმა სწორედ პანდემიასთან ერთად იგრძნო, რამდენად ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს არასწორმა ინფორმაციამ. ამ პერიოდში Fake News-ების გავლენა იმდენად გაიზარდა, რომ სახელიც კი დაერქვა — ინფოდემია.
დეზინფორმაციას ნახავთ ყველგან და ყველაფერთან დაკავშირებით. გამონაკლისი არც სამედიცინო სფეროა. სწორედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დეზინფორმაცია შეისწავლა The Critical Mass-მა (TCM). ამ უკანასკნელის კვლევითი პროექტი საქართველოს, ყაზახეთსა და უკრაინას მოიცავს. ორგანიზაციამ მთავარი მიგნებები საზოგადოებას 4 ივნისს, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) ერთად ვებინარზე გააცნო.
TCM-ის პროექტი დაინტერესებულ საზოგადოებას საფრთხეების უკეთ გააზრებასა და მათთან გამკლავების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. TCM-ის ანგარიში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა, სამედიცინო სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების და მედიის მომხმარებლების მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს დეზინფორმაციული კამპანიების აღქმას იკვლევს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფოდემიაზე და კრემლის ინფორმაციულ ოპერაციებზე საქართველოში, Facebook-ის პოლიტიკაზე COVID-19-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციაზე გლობალური პანდემიის პირობებში.
TCM-მა საკვანძო სექტორების ლიდერებთან 50-ზე მეტი ინტერვიუ ჩაატარა, რათა რუსეთის დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ მათი გამოცდილება და გავლენა შეესწავლა.
ანგარიში სწავლობს, როგორ ვრცელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ დეზინფორმაცია, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული წყაროებიდან მომდინარეობს და რა გავლენა აქვს მას COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ საქართველოზე, ყაზახეთსა და უკრაინაზე.
"ძირითადი მიზანი სამედიცინო დეზინფორმაციისა არის ის, რომ სამედიცინო სფეროს მიმართ პაციენტებში ნდობა შეირყეს. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ექიმების საქმიანობას და გარდა იმისა, რომ უბრალოდ იფიქრონ იმაზე, როგორ უმკურნალონ ამ ადამიანებს, ახლა უწევთ ზრუნვა იმაზე, რომ ნდობა აღადგინონ", — განაცხადა თინათინ ჯაფარიძემ, The Critical Mass-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა.
მანვე ისაუბრა კვლევის დროს გამოვლენილ ხუთ ტენდენციაზე.
პირველი ტრენდი, რომელიც გამოვლინდა, ეხება იმას, რომ პანდემიის დაწყების დღიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დეზინფორმაციის ნეგატიური შედეგები გაძლიერდა. ამასთან, პანდემიამ ოფიციალური უწყებების მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა.
სიღრმისეული ინტერვიუების დროს გამოიკვეთა მესამე ტენდენციაც, რომ საზოგადოების ნაკლებად განათლებული ნაწილი უფრო მოწყვლადი აღმოჩნდა დეზინფორმაციის მიმართ. ამასთან, დეზინფორმაციის მსხვერპლნი ადვილად ხდებოდნენ ეთნიკური უმცირესობები, რაც ენის ბარიერთანაც არის კავშირში. სამივე ქვეყანაში კი გამოიკვეთა სირთულეები, რაც საბჭოთა განათლებითაა გამოწვეული.
რაც შეეხება მეოთხე ტენდენციას, პანდემიის პერიოდში რელიგიურმა ჯგუფებმა და ლიდერებმა მაღალი ნდობა შეინარჩუნეს. ვაქცინასთან და ვირუსთან დაკავშირებითაც მათ სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელება უკავშირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა, დეზინფორმაციის გავრცელებაში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის შესაძლო წვლილს უკავშირდება, რაც მეცნიერულად გამყარებულ წყაროებთან და ტრენინგებთან ხელმისაწვდომობის არარსებობას უკავშირდება.
სხვადასხვა აქტორის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ გზავნილებზე ისაუბრა MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა. მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია აკვირდებოდა როგორც ტრადიციულ, ასევე, ონლაინმედიას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად რუსეთთან იყო დაკავშირებული.
კვლევის შედეგად სამი ინტერესთა ჯგუფი გამოვლინდა:
- პოლიტიკური აქტორები (რუსეთის სამთავრობო მედია, ანტიდასავლური გამოცემები და FB ანგარიშები);
- ეკონომიკური ინტერესები;
- ანტილიბერალური ჯგუფები (ულტრანაციონალური დაჯგუფებები და ცალკეული სასულიერო პირები).
თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ანტივაქსერი არსებობდა იზოლირებულადაც, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში გამოჩნდა მათი კვეთა პოლიტიკურ, ანტილირებალურ და რელიგიურ ჯგუფებთან. რაც შეეხება გზავნილებს, 2020 წელს უმეტესწილად ის პანდემიის უარყოფას და კორონავირუსის ხელოვნურ წარმომავლობაზე აპელირებას შეეხებოდა.
"ანტივაქსერულ განწყობებში, ბილ გეიტსის ჩიპიზაციის და გლობალური კონტროლის თემასთან ერთად, საქართველოს შემთხვევაში ემატებოდა ვაქცინების ტრადიციული და არატრადიციული მეთოდით შემუშავების საკითხი. თუ ჩვენ ვნახავთ დიქოტომიას — რუსეთი დასავლეთის საპირწონედ — აქაც მკაფიოდ ჩანს, რომ ანტივაქსერებს შორისაც კი რუსული ვაქცინა არ სარგებლობდა კრიტიციზმით", — აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.
ვებინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო იმუნიზაციის საბჭოს წევრი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მათ პანდემიასთან დაკავშირებით სტრატეგიულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს.
კულუმბეგოვის თქმით, დღეისათვის პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის, ვაქცინაზე დამყოლობის პრობლემა და სკეპტიკური განწყობა.
მან ისაუბრა კორონაირუსის ვაქცინის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე სამედიცინო პერსონალს შორისაც. იმუნოლოგის თქმით, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფის განსაზღვრისას სამუშაო ჯგუფში ბევრი იმსჯელეს, დამყოლობის რა მაჩვენებელი იქნებოდა ექიმებს შორის და ორიენტირად გრიპის ვაქცინა აიღეს, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის უსასყიდლოდ კეთდება.
"თუ 2019-2020 წლის შემოდგომა ზამთრის გრიპის სეზონზე სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 30%-მა გაიკეთა ვაქცინა, 2020 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 70 პროცენტამდე გაიზარდა. მაგრამ სამწუხაროდ, როცა გაჩნდა რეალურად შესაძლებლობა ვაქცინების განაწილების, მათ შორის კოვაქსის პლატფორმით და ჩამოვიდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი სავალალო დამოკიდებულება მივიღეთ სამედიცინო პერსონალისგან.
აღარაფერს ვამბობ უმცროს სამედიცინო პერსონალზე. გვესმის და გაჟღერებული იყო TMC-ის კვლევაში, რომ სამედიცინო განათლების ხარისხის [ნაკლებობა] და ბევრი ნიუანსია, რაც კრიტიკულ განწყობას უყალიბებს, მით უმეტეს, ახალშემოთავაზებულ ვაქცინების მეთოდთან მიმართებაში. მაგრამ ექიმებს შორის ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას პერსონალურად მე, როგორც ერთი ექიმი, არ ველოდებოდი", — აღნიშნა კულუმბეგოვმა.
საზოგადოებაში ნდობის საკითხზე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციისთვის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი პოლიტიკური სისტემისადმი უნდობლობაა.
ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ მთავრობას ჰქონდა შანსი, ეპიდემიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უფრო კონსენსუსური ყოფილიყო, რაც აღსრულებას გაამარტივებდა კიდეც.
"რაც უფრო პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, მით უფრო მაღალია უნდობლობა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ და შესაბამისად, ეს აისახება პანდემიისადმი და ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებაში. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ გაყოფა ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პირდაპირ პოლიტიკური გაყოფის ხაზზე არ გადის, ეს გაცილებით უფრო რთული საკითხია", — აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ვებინარზე Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის წარმომადგენელმა, სოფი აიარსმა კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კომპანიის პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Facebook-სა და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების აღმოსაფხვრელად ფაქტჩექინგი გადამწყვეტ როლს თამაშობს. აიარსის თქმით, გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ხალხი უარს ამბობდა მკურნალობასა და ვაქცინაციაზე.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტების გადამოწმების კუთხით ჩვენი პარტნიორების გლობალური ქსელი 80 ორგანიზაციამდე გავზარდეთ, რომლებიც 60 ენაზე მუშაობენ. პანდემიის პერიოდში კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს პლატფორმებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის და 18 მილიონი კონტენტის ნაწილი წავშალეთ, რომელიც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მიერ იქნა გაქარწყლებული. მაგალითად, როგორიცაა პრევენციის ყალბი მეთოდები და თითქოს ვირუსი არ არსებობს", — განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, კოვიდთან დაკავშირებულ 167 მილიონ პოსტს შესაბამისი გაფრთხილება გაუკეთეს:
"ვიცით, რომ როდესაც ადამიანები გამაფრთხილებელ ნიშანს ხედავენ, 95 პროცენტ შემთხვევაში, ძირითად კონტენტზე აღარ გადადიან".
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბრიდან Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორი საქართველოში მითების დეტექტორიცაა.
თითქმის ორსაათიანი ვებინარის ფარგლებში მომხსენებლებმა კორონავირუსისა და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სხვადასხვა ასპექტი მიმოიხილეს. პრეზენტაციის შემდეგ კი დამსწრეების კითხვებს უპასუხეს.
კომენტარები