სკოლიოზი, ანუ თუ ხერხემლის გამრუდების გამო შენც ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი გაცვია
ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, სკოლიოზი რომ არ გქონოდა. სწორედ ამ სიტყვებს ვეუბნებოდი ჩემს თავს მაშინ, როდესაც მასაჟისტებთან დაუსრულებელ რიგებში ვიდექი და ხელახალი იმედგაცრუებისთვის ვემზადებოდი. ვიღაცები იტყვიან, რომ ამაზე წუწუნი არ ღირს, რომ უფრო სერიოზული პრობლემებიც არსებობს. მართალია, არსებობს. თუმცა, მაინც, ცხოვრება სკოლიოზის გარეშე გაცილებით მარტივი იქნებოდა.
მართლაც, ვისაც ცხოვრებაში ეს გამოცდილება მიუღია, ადვილად მიხვდება, რომ გარემოებები ამ პრობლემაზე ფიქრს გამუდმებით გვაიძულებს. ჩვენ ყველაფრის მიმართ უფრო ემოციურები ვხდებით; გვგონია, რომ ადამიანების მზერა გამუდმებით ჩვენკენ არის მოპყრობილი და ოჯახის წევრებისა და, შესაძლოა, ვიღაც შორეული, გადაკარგული ნათესავებისგანაც კი დაუსრულებლად ვიღებთ რჩევებს სკოლიოზის შესახებ. რა თქმა უნდა, მსგავს სირთულეებთან არცერთ მათგანს ჰქონია პირადად შეხება, თუმცა, რატომღაც, ყურმოკრული მითების შენთვის გაცნობა ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.
ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრები ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენზე ყველაზე მეტად ღელავენ. თუმცა ხშირად რთულია, რომ შენი მდგომარეობა მათ გასაგებად აუხსნა — უთხრა, რომ მათი ზედმეტი ნერვიულობა საქმეს კი არ გიადვილებს, არამედ იმაზე ფიქრს გაიძულებს უფრო მეტად, რაც შენი სურვილისგან სრულიად დამოუკიდებლად ხდება. სკოლიოზი ტრაგედია არ არის. თუმცა, მას ჩვენს ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი კვალის დამჩნევა შეუძლია.
შეხედე სკოლიოზს პოზიტიური თვალით
ისევე, როგორც ცხოვრებაში მომხდარ სხვა მრავალ ჩახლართულ მოვლენას, სკოლიოზსაც პოზიტიური თვალით შეგიძლია შეხედო. და ეს შენი ემოციების საკუთარ თავში ჩაკვლასა და გამუდმებით მხიარული სახით სიარულს სულაც არ გულისხმობს.
პირველ რიგში, უნდა გააანალიზო, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. და აქ, ბარემ, ბევრისთვის იმ საყოველთაოდ გაცვეთილ ფრაზასაც ვიტყვი, რომ "ყველა ადამიანი ლამაზია". ფაქტია, რომ ეს სიტყვები ზოგჯერ სულაც ვერ გვაიმედებს, თუმცა მასშიც შეგვიძლია, ჭეშმარიტების მარცვალი აღმოვაჩინოთ. საზოგადოების დაწესებული სილამაზის სტანდარტები, უბრალოდ, ერთი დიდი ტყუილია, რომელიც მრავალ პირობით მიზეზსა და სოციალურ ნორმაზეა დაფუძნებული. შედეგად, ზედმეტად მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენს გარემოცვაში ვიღაც "ლამაზად" ან "უშნოდ" იწოდება. საკუთარი გარეგნობა ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ცუდი არც არაფერი არის, თუმცა მისით კმაყოფილი ვერასდროს იქნები, თუ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლი.
ამ ყველაფრის გასაანალიზებლად დიდი დრო დამჭირდა. ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების სკოლიოზთან დაკავშირება ზედმეტად რთული აღმოჩნდა. გამუდმებით ახალ-ახალ ექიმებთან და მასაჟისტებთან დამარბენინებდნენ და ჩემი თინეიჯერობის ისედაც ჩახლართულ პერიოდს კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა ემატებოდა. აფეთქების ზღვარზე მყოფი, ვერც იმას ვაღიარებდი, რამდენად დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით. უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემთვის თავი ყველას დაენებებინა. არა იმიტომ, რომ ისინი რამე ცუდს აკეთებდნენ — პირიქით, ახალი შესაძლებლობების ძიება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია — თუმცა, ექიმებისგანაც თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე ტექსტებს ვისმენდი და ეს ყველაფერი ძალიან მღლიდა.
ის, რასაც ამ ყველაფრის მერე მივხვდი, ისაა, რომ შენი თავი მხოლოდ ისეთი შეიძლება გიყვარდეს, როგორიც ხარ: იმ მახასიათებლებით, რომლებიც სხვებს აქვთ ან არ აქვთ. ამ დროს იმაზე უნდა იფიქრო, რაც გამორჩეულ ინდივიდად გაყალიბებს და უნდა გააანალიზო, რომ ყველაზე მთავარი შენი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობებია.
ეცადე, რომ ამ ყველაფრის ხარჯზე დამოუკიდებლობა ისწავლო
უფლება მიეცი შენს თავს, რომ საკუთარ თავთან დაკავშირებული პრობლემები თავადვე მოაგვარო. და, ასევე, უფლება მიეცი შენი ოჯახის წევრებს, რომ ამ პროცესში გაგამხნეონ. ხანდახან მათ თანადგომას არასწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ და ზედმეტ ყურადღებაზე ვღიზიანდებით, თუმცა საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღების სწავლაც.
ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც სკოლიოზმა მასწავლა, საკუთარ პრობლემებთან პირისპირ დადგომაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანია შენ გარშემო, შენს პრობლემებს მხოლოდ შენ მოაგვარებ. ეცადე, რომ სხვა ადამიანებზე დამოკიდებული ნაკლებად იყო და შესაძლებლობები თავადვე ეძიო. აღმოაჩინე ის აქტივობები, რომლებიც სკოლიოზისთვის სასარგებლოა და, ამავდროულად, შენც სიამოვნებას განიჭებს. ამ გზით, რუტინას აირიდებ თავიდან, რაც სკოლიოზის დროს, ჩემი აზრით, სიტუაციას უფრო დამღლელს ხდის.
ეძებე ადამიანები შენი მსგავსი გამოცდილებით
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პრობლემებთან გამკლავებისას ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება კომუნიკაციაა. არ აქვს მნიშვნელობა, ექსტრავერტი ხარ თუ ინტროვერტი, კომპლექსები გაქვს თუ ყველაფერს თამამად აკეთებ — საუბარს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეცადე, რომ შენი მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები იპოვო და ერთმანეთთან საკუთარი ისტორიები გაცვალოთ. პირველ რიგში, კომუნიკაცია ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს და იმას აღმოგაჩენინებს, რაც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ გიცდია.
ამით შენი მენტალური სტაბილურობისთვისაც ღირებულ საქმეს გააკეთებ. შენთვის კარგად ნაცნობი ჩავარდნებისა თუ წარმატებების შესახებ ისტორიების მოსმენა თავს ნაკლებად მარტოსულად გაგრძნობინებს და მიხვდები, რომ, სინამდვილეში, შენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს. მათი ხმა კი აქამდე შეიძლება იმიტომ არ გესმოდა, რომ ისინი ამ თემის საჯაროდ განხილვას სხვადასხვა მიზეზის გამო გვერდს უვლიან.
სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხშირად ადამიანები საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს გარკვეული სტერეოტიპების თუ სტიგმათა გამო თავს არიდებენ. არადა, ურთიერთობებით, საზიარო გამოცდილებების გაზიარებით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობა გაქვს ან იმას, თუ რამდენჯერ განიცადე მარცხი — ამ გზით სკოლიოზსაც ნაკლებად დრამატულ მოვლენად აღიქვამ.
აკეთე ის, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს
როდესაც სკოლიოზის შედარებით უფრო სერიოზულ ფორმაზე ვსაუბრობთ, ალბათ ექიმების რჩევა, "ამას ოპერაციის გარდა არაფერი უშველის", ბევრისთვის კარგად ნაცნობი იქნება. მსგავსი შემთხვევები მეც მქონია, როდესაც ექიმები ყველანაირი ახსნის გარეშე, პირდაპირ საოპერაციო მაგიდისკენ მექაჩებოდნენ. ასეთ დროს თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავ და რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერმა მენტალურ ჯანმრთელობაზეც ცუდი გავლენა მოახდინოს. აუცილებლად დარწმუნდი, რომ რასაც აკეთებ, ნამდვილად გინდა. თუ ოპერაცია გაშინებს ან გარკვეულ მიზეზთა გამო მასზე უარის თქმა გიწევს, სხვა ალტერნატივების ძიება არასდროს შეწყვიტო. ინფორმაციის აქტიური ძებნა და ადამიანების ადეკვატური რჩევების მოსმენა ყველაზე კარგი გამოსავალია.
ამ შემთხვევაში, ჩემი ყველაზე გონივრუ გადაწყვეტილება ალბათ იოგას დაწყება იყო. იმის გარდა, რომ ის ჩემი სკოლიოზის საკონტროლებლად ყველაზე კარგი გზა აღმოჩნდა, იოგამ ის მომცა, რაზეც მანამდე არც კი მიფიქრია: სიმშვიდე და შესაძლებლობა, რომ ჩემი ღირებულებები გადამეფასებინა. ასე რომ, თუ სკოლიოზი გაქვს და იოგა ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენია, დაფიქრდი, იქნებ ცდად გიღირდეს — შესაძლოა, მან შენი მდგომარეობაც შეცვალოს.
იმისთვის, რომ სკოლიოზი აკონტროლო, ძალიან ბევრი გზა არსებობს. თუმცა მიუხედავად საერთო პრობლემისა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის ისტორია და მდგომარეობა განსხვავებულია. ამიტომ, საკუთარი გამოსავლის ძიება თავადვე უნდა დაიწყო. არასდროს ენდო ბრმად შენამდე გადმოცემებით მოსულ ისტორიებს და თუ რაიმეს შეცვლა გინდა, ახალი გზების მოსინჯვის არასოდეს შეგეშინდეს. შესაძლოა, სკოლიოზი უჩვეულო რამ არის, თუმცა ის ადამიანის ნაკლი არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ, მან იმდენი რამ მასწავლა, რასაც მისი არქონის შემთხვევაში ვერასდროს ვისწავლიდი.
კომენტარები