"თუ გურიაში ჩაის წარმოება არ განვითარდა, დასაქმება არ იქნება"
მიხეილ ცინცაძე ქართული ჩაის მწარმოებელია. მისი კომპანია ქართული არომატი ოთხი ტიპის ჩაის აწარმოებს: შავი, მწვანე, წითელი და ყვითელი. მეწარმე წუხს, რომ ჩაის ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდება და არც სახელმწიფო იჩენს ინტერესს.
"ბებია იყო ჩაის მკრეფავი. მოტოციკლეტი მყავდა და ჩაის მიტანაში ვეხმარებოდი. თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩაის ბიზნესში ჩავერთვებოდი", — გვიყვება მიხეილი.
მისი საწარმო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თვეში, დაახლოებით, 60 ტონა ნედლ ჩაის ფოთოლს ამუშავებენ. საწარმოში 30 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ამას ემატება 100-მდე მკრეფავი. მიხეილი ამბობს, რომ საწარმო ისე ააშენა და ჩაის წარმოება ისე დაიწყო, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია.
"შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სექტორი არ აინტერესებთ. სახელმწიფოსგან მუდმივად მესმის, რომ აინტერესებს ღვინის სექტორი", — აღნიშნავს ცინცაძე.
საწარმო ჯერ კიდევ 1991 წელს დააფუძნა — მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად გრანულებული ჩაის ტექნოლოგია შეიმუშავა. 90-იანებში არეულობის შემდეგ კი, დანადგარები თვითონ შეისყიდა.
გრანულებული ჩაის დასამზადებლად ნედლეულს ქარხნებიდან იღებდა, თუმცა ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს, რადგან საბჭოთა ეკონომიკაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამის გამო, ფოთლოვანი ჩაის წარმოება გადაწყვიტა.
"ქართული ჩაი მაშინ ორიენტირებული იყო რაზე? ციხეებზე და საბჭოთა ჯარზე. ჩაის წარმოება უნდა გადასულიყო ხარისხოვან ჩაის წარმოებაზე და, პირველ რიგში, უნდა დაწყებულიყო ქართული ბაზრის ათვისება და შემდეგ მოხდებოდა განვითარება.
მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს მომხდარიყო, ფაბრიკები გაჩანაგდა, პლანტაციები გააჩანაგეს, დაურიგეს მოსახლეობას", — აღნიშნავს ცინცაძე.
2003 წელს, როცა დუბაიში სპეციალისტად მიიწვიეს, ანაზღაურების ნაცვლად დანადგარი — საშრობი მოითხოვა. როცა ყველაფერს თავი მოუყარა, შექმნა ჩაი არომატი. დასახელების გამო მომხმარებლებს ეგონათ, რომ პროდუქცია არომატიზატორებით იყო გაჯერებული, ამიტომაც საბოლოოდ, ბრენდად ქართული არომატი გადაწყდა.
საქმიანობაში ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ნედლეულიცაა. მიხეილ ცინცაძეს 2,5 ჰექტარი ჩაის პლანტაცია აქვს, თუმცა ვერ იყენებს, რადგან გაველურებულია და უსახსრობის გამო რეაბილიტაციას ვერ უტარებს. ამჟამად ნედლეულს ადგილობრივებისგან ყიდულობს და მომავალშიც იმავეს აპირებს.
"პლანტაციის რეაბილიტაციას ვერ ვაკეთებ, რადგან ამის ფინანსები არ გამაჩნია. სახელმწიფოს მიღებული აქვს ჩაის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაინცდამაინც 5 ჰექტარის ქონას იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს", — აღნიშნავს ცინცაძე.
მისივე თქმით, პლანტაციების შეძენაც პრობლემურია, რადგან ჯერ კიდე 90-იან წლებში დარიგებული მიწები ბევრს ამ დრომდე არ აქვს დარეგისტრირებული.
"თუ ჩაის წარმოება არ განვითარდა, გურიის რეგიონში ხო არანაირი დასაქმება არ მოხდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში, დასავლეთ საქართველოში იყო ჩაის წარმოება. ამის შემდეგ მოსახლეობა ისევ ჩაის წარმოებით ირჩენდა თავს, ოღონდ თურქეთში. თუ სხვა ალტერნატივა არსებობს, მაშინ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე? მერე კიდევ, ასე ვთქვათ, თუ ჩაის პროდუქცია არაა საჭირო, მაშინ იყიდება ქვეყანაში 1 500 ტონა შემოსული პროდუქცია და ისიც ვადაგასული".
პანდემიამ ბიზნესს ხელი შეუშალა, თუმცა როგორც მიხეილ ცინცაძე ამბობს, უკან არ დაუხევია. ამ პერიოდში ფორთოხლის ჩაის წარმოება დაიწყო და სამომავლოდ სხვა ხილის დამატებასაც აპირებს.
"ჩემთან იყვნენ მოსულნი ისრაელიდან ბიზნესმენები, სანამ სარაკეტო დაბომბვა დაიწყებოდა. რომ ნახეს ჩვენი პროდუქცია და მოეწონათ, წაიღეს და შეამოწმეს ლაბორატორიულად და დაადასტურეს, რომ ნატურალური იყო. კიდეც მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ ამ მოთხოვნის შესრულება ასე ადვილი არაა, რადგან ჩაი ისეთი რაღაცაა, სჭირდება სანედლეულო ბაზა. ამას კი დრო და ფინანსები. ამიტომაც მჭირდება სახელმწიფო და მხარდაჭერა".
მიხეილის ჩაი ახლა საქართველოს დიდ ქალაქებშიც იყიდება, თუმცა თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრის ათვისებით დაიწყო.
"ყველა მეწარმე ცდილობს, გაიტანოს თავისი პროდუქცია თბილისში, როგორც ყველაზე დიდ ბაზარზე საქართველოში. მაგრამ მე დავიწყე ჩვენი რაიონიდან. როცა შენი რაიონის მომხმარებელი მოგიწონებს, რომელმაც შეიძლება ნახოს როგორ ამზადებ, რას ამზადებ, მერე იმას ჰყავს ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები. ესენი გახდნენ ჩემზე მეტი აგიტატორები და პოპულარიზაციის გამწევები. ამან გაამართლა, სხვათა შორის", — აღნიშნავს მიხეილ ცინცაძე და დასძენს, რომ ჩაი ახლა დიდ ქალაქებშიც იყიდება.
ტურისტების მოსაზიდად, გიდების რჩევით, საწარმოს ეზოში სადეგუსტაციო სივრცეც მოაწყო. გაეროს განვითარების ფონდმა თანადაფინანსების ფარგლებში მას 3 600 ლარი გამოუყო, რითაც ფანჩატური გადახურა.
"თქვენ რომ დღეს აქ იმყოფებით, მაგიც ამათი დამსახურებაა და მაგი ყველაზე დიდი მხარდაჭერაა, რაც კი შესაძლებელია დღევანდელ პირობებში".
საქართველოს მთავრობამ 2018 წელს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა "ქართული ჩაი" დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამის მიზანი კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაა, რამაც დასაქმებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
პროგრამის ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. ამასთან, პლანტაციის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰექტარს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 1 547 ჰექტარი გაველურებული ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული.
კომენტარები