რა ვიცით კონკორდატზე? — კონსტიტუციური შეთანხმება და მისი ხარვეზები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კონსტიტუციურია თუ არა კონსტიტუციური შეთანხმება?

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ასევე კონკორდატის სახელითაცაა ცნობილი, საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმდა. იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება სამართლებრივ თუ ტერმინოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას აჩენს, ის მაინც რჩება ორი გავლენიანი ინსტიტუციის, მთავრობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის, გადაკვეთის წერტილად.

სტატიაში კონკორდატის იმ მნიშვნელოვან მახასიათებლებსა და შინაარსობრივ დეტალებს განვიხილავთ, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

ფოტო: ingey Injury Law Firm / Unsplash

ზოგადად, ტერმინი კონკორდატი ეკლესიასა და მთავრობას შორის დადებულ შეთანხმებას აღნიშნავს. მსგავსი დოკუმენტი ხშირად იდებოდა კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, რომის პაპსა და ამა თუ იმ სახელმწიფოს მმართველს შორის. ამის მაგალითია 1801 წელს პიუს VII-სა ნაპოლეონს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამ გზით ეკლესიისა და ქვეყნის თავები რიგ საკითხებზე საერთო მოსაზრებებს აკანონებდნენ.

ჩვენს შემთხვევაში, მართალია, შინაარსობრივად სწორედ კონკორდატთან გვაქვს საქმე, თუმცა თავად ხელშეკრულების სახელი — საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის — გარკვეულწილად რეალობას აცდენილია. ტერმინი, კონსტიტუციური, კონსტიტუციის შესაბამისს აღნიშნავს. ქართული სამართლით კი ისედაც გათვალისწინებულია, რომ ყოველი შეთანხმება, წესით, კონსტიტუციასთან, როგორც ქვეყნის უპირველეს დოკუმენტთან, შესაბამისობაში უნდა იყოს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. ამ საკითხის გადასაწყვეტად ცალკე ინსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს.

ასე რომ, სახელწოდება, "კონსტიტუციური შეთანხმება", მაინცდამაინც ვერ ასახავს იმ შინაარსს, რისი გადმოცემაც უნდა ნდომებოდათ მის შემქმნელებს. სიტყვა კონსტიტუციის ხელშეკრულების სახელშივე მოხსენიების მიზანი მისი გამორჩეული მნიშვნელობის, გავლენის ხაზგასმა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ მხრივ, უფრო უპრიანი გრამატიკულად მართებული ტერმინის, საკონსტიტუციოს გამოყენება იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, ნათელი გახდება, რომ შეთანხმება კონსტიტუციიდან გამომდინარეობს და მაღალი სამართლებრივი სტატუსი აქვს — რისი ასახვაც მაშინდელი მთავრობისა და ეკლესიის სურვილი იყო.

რა ადგილს იკავებს კონსტიტუციური შეთანხმება კანონების იერარქიაში?

ფოტო: Tingey Injury Law Firm / Unsplash

სამართლებრივ დოკუმენტებში არსებობს იერარქიული წყობა, ერთგვარი მიმდევრობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ წყაროს აქვს უპირატესობა, როდესაც მათი შინაარსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენი, და ქვეყნების უმეტესობის, შემთხვევაში ასეთი იერარქიის სათავეში სახელმწიფოს კონსტიტუცია დგას, როგორც ყველაზე დიდი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. ხოლო მეორე ადგილს, როგორც წესი, ქვეყნის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები იკავებს. ასეთი საერთაშორისო დოკუმენტები ხშირად საყოველთაო მნიშვნელობის საკითხებზე (მაგალითად, წამების აკრძალვაზე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთაზე, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე) რამდენიმე სახელმწიფოს ერთობლივ ხედვას ასახავს.

თუმცა, კონკრეტულად საქართველოს უნიკალურ შემთხვევაში, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული შეთანხმება იერარქიულად კონსტიტუციის შემდეგ მოდის. შესაბამისად, პოტენციური შეუთავსებლობის პირობებში, კონკორდატის მოთხოვნები და იურიდიული ძალა იმაზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე, მაგალითად, საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.

აქვე ისიც უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი ადამიანის უფლებათა კუთხით კონსტიტუციური შეთანხმების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაზე მიუთითებს. თუმცა, ფაქტობრივად, პირველი მეორეზე ზემდგომი დოკუმენტი გამოდის.

კონსტიტუციური შეთანხმების ეს განსაკუთრებული ადგილი 2002 წლის საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ნების შედეგი უნდა იყოს. თუმცა სამართლებრივი კუთხით, კონკორდატის საერთაშორისო შეთანხმებებზე მაღლა დაყენება არც ისე ბრძნული ნაბიჯია და სხვა რელიგიის წარმომადგენელთა თუ ზოგადად ადამიანების უფლებების ერთგვარ დაკნინებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

რა წერია კონკორდატში?

ფოტო: Mikhail Pavstyuk / Unsplash

ამ სტატიის ფორმატში სამართლებრივი დოკუმენტის დეტალური და შედარებითი ანალიზი ვერაფრით ჩაჯდება. თუმცა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებები, რეალურად, საქართველოს მოქალაქეებს — განურჩევლად აღმსარებლობისა — ყველას გვეხება, მნიშვნელოვანია, ბაზისურ შინაარსობრივ დეტალებზე წარმოდგენა გვქონდეს.

I. პატრიარქის ხელშეუვალობა

კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში შუა საუკუნეების ეპოქაში სასულიერო პირებისთვის განსაკუთრებული იმუნიტეტის მინიჭება ხშირად ხდებოდა, თუმცა თანდათან ამგვარი ხელშეუვალობა ადამიანის უფლებების განვითარებამ და თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობამ ჩაანაცვლა.

ლოგიკურია, რომ ეკლესიის მეთაურისთვის იმუნიტეტის მინიჭება მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვის სურვილით ყოფილიყო განპირობებული. თუმცა, ეს გამორჩეული სტატუსი კანონმდებლის მხრიდან იმის დაშვებასაც მოიაზრებს, რომ უმაღლესმა სასულიერო პირმა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს — იმუნიტეტი მას სწორედ ამ შემთხვევაში დაიცავს. ამგვარი დაშვება კი, შესაძლოა, მთავრობის თავდაპირველი სურვილის საპირისპიროდ მოქმედებდეს.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი ხელშეუვალობით კიდევ მხოლოდ ერთი პირი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სარგებლობს. თუმცა იგი ქვეყნის სრული მოსახლეობის მიერ 4 წლით არჩეული პოლიტიკური ფიგურაა, ხოლო პატრიარქის ტიტულს სასულიერო პირი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს.

II. საეკლესიო საიდუმლოების მნიშვნელობა

კონკორდატის მეორე მუხლით აღიარებულია აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოება, რომლის დაცვასაც სახელმწიფო უჭერს მხარს. ზოგადად, ექიმების, ადვოკატებისა და სასულიერო პირების შემთხვევაში, კონფიდენციალურობის დაცვა სამართლებრივად აღიარებულია და ამ პროფესიის წარმომადგენლებთან გამჟღავნებული ინფორმაცია უსაფრთხოდ ინახება ხოლმე. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ექიმს ან ადვოკატს კონფიდენციალურობის დარღვევის ვალდებულება ეკისრება, ხოლო სასულიერო პირებისთვის საიდუმლოების შენახვის პრივილეგია აბსოლუტურია.

რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება აღსარებაზე გამჟღავნებული ინფორმაციის გაცემა მოითხოვოს მღვდლისგან. ზოგადად, სხვა საკანონმდებლო წყაროებში სასულიერო პირის კონკრეტულ განმარტებას არ ვხვდებით და მოიაზრება, რომ ამ უფლებით ნებისმიერი რელიგიის სასულიერო პირი სარგებლობს და საიდუმლოს მნიშვნელობა რწმენის თავისუფლების ნაწილია.

თუმცა ყურადღებას იმსახურებს ის დეტალი, რომ კონკორდატის ტექსტი აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოების, ე.ი. ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაციის, პრივილეგიას "ვალდებულებად" მოიხსენიებს. ეს სიტყვების არც ისე გამართლებული არჩევანია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან სასულიერო პირების მიმართ რაიმე ვალდებულების დაწესება სეკულარიზმის პრინციპს, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას ეწინააღმდეგება.

III. სხვადასხვა პრივილეგია

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმებით სხვადასხვა სახის პრივილეგია საკანონმდებლო დონეზე გაიწერა.

მაგალითად, მეოთხე მუხლის თანახმად, სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავისუფლება. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამართლებრივად სასულიერო პირი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს არ მოიაზრებს, თუმცა ამგვარ განსაკუთრებულ ჩანაწერს მხოლოდ კონკორდატში ვხვდებით.

გარდა ამისა, კონსტიტუციური შეთანხმების მეექვსე მუხლის თანახმად, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია, მათი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე, არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გადასახადებისგან თავისუფლდება. შეთანხმების მეათე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არა მარტო თავის ტერიტორიაზე, არამედ უცხო ქვეყნის მიწაზე არსებული ეკლესიის საკულტო-ნაგებობების და საეკლესიო ნივთების დაცვაზე, მოვლა-პატრონობასა და საკუთრებაზე.

კონკორდატით აგრეთვე აღიარებულია საეკლესიო ჯვრისწერა, მართლმადიდებლური სასულიერო განათლების ნებაყოფლობითობა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ნაწილობრივი მატერიალური ზიანის ანაზღაურება და სხვა.

წინააღმდეგობა თანასწორობის იდეასთან

ფოტო: CCE

ზემოთ მოყვანილ მაგალითებთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი უფრო ვიწრო საკანონმდებლო აქტი კონკორდატის დანაწესებს განმარტავს და სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა თანასწორობის წარმოჩენას ცდილობს. თუმცა, საკონსტიტუციო შეთანხმების მაღალი იერარქიული ადგილისა და სახელმწიფოს ზოგადი ტენდენციების ფონზე, ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული სამართლებრივი პოზიცია მაინც იკვეთება.

მართლმადიდებლური რელიგია საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ფაქტს თავად კონკორდატის ტექსტიც უსვამს ხაზს. თუმცა როდესაც სეკულარული, სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეების გამტარებელი სახელმწიფო ერთი კონკრეტული რელიგიური მრწამსის მნიშვნელობას ასე მასშტაბურად უსვამს ხაზს, ხოლო სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ იმავე ზომებს არ იღებს, თანასწორობის პრინციპის დამრღვევი ის ინსტიტუცია ხდება, რომელიც, წესით, ყველაზე მეტად უნდა იცავდეს მას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო…