საქართველოს, ურაკამ და მოლდოვამ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს "ასოცირებული ტრიოს" ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა.

მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასოცირებული ტრიო ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით.

მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას. ასევე, ის მიზნად ისახავს მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიების ორგანიზებას.