ტრანსგენდერი ქალი, ლიკა ჰორმონული თერაპიისთვის კონკრეტულ კონტრაცეპტივს უკვე 1 წელზე მეტია იყენებს. გვიყვება, რომ იაზრებს, რა ზიანს შეიძლება აყენებდეს საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა იმის გამო, რომ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, შემდეგ გამოკვლევები და სპეციალური ჰორმონული მედიკამენტები მისთვის მიუწვდომელ თანხებთანაა დაკავშირებული, ურჩევნია ეს პროცესი თვითნებურად დანიშნული პრეპარატით გაიაროს.

"თვითმკურნალობა ძალიან ცუდია. ამერიკის ზოგიერთ შტატში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმ წამლის გაყიდვა, რომელსაც ვსვამ, აკრძალულია. საკმაოდ ძლიერი პრეპარატია და ბევრი ქალი ჰყავს მოკლული. ყველაფერთან ერთად, ღვიძლის ფუნქციონირებისთვის, თირკმელისთვის, მეხსიერებისთვის არის ცუდი. ორგანიზმის ტემპერატურასაც არღვევს, ზოგჯერ ზაფხულში შეიძლება ისე შეგცივდეს, რომ კვდებოდე, ზოგჯერ კი ზამთარში, სიცივეში დაგცხეს არაბუნებრივად", — ამბობს ლიკა.

ტრანსგენდერი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ჰორმონულ თერაპიას თვითნებურად იწყებენ, საჭირო ჰორმონებს მეგობრების გამოცდილებით ან საკუთარი სურვილით ირჩევენ, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს უქმნის.

ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი რომ ვიცი და მაინც ვიღებ ამ პრეპარატს, თუმცა ფინანსური მდგომარეობა არ მაქვს, ჩემი სურვილი კი იმისა, რომ ჰორმონული თერაპია გავიარო იმხელაა, რომ მიღირს ჩემი სიცოცხლე 50/50%-ზე დავაყენო

ლიკა

როგორც რესპონდენტები გვიყვებიან, ამ კონკრეტულ საშუალებას ტრანსგენდერი ქალების დიდი ნაწილი იყენებს, ვინაიდან იაფია და რეცეპტის გარეშე იყიდება. პრეპარატის შესაძლო უკუჩვენებებზე ყველა მათგანმა დაწვრილებით იცის, მეტიც მედიკამენტს აღწერაში პირდაპირ უწერია ის მძიმე შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ლიკას თქმით, ამის მიუხედავად გაჩერებას არ აპირებს.

"ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებ, არავინ ხომ არ მაძალებს ამის გაკეთებას, ვაკეთებ გააზრებულად. თავიდან ვფიქრობდი, ვიცი ასეთი პრეპარატია და საკუთარ თავს ვეკითხებოდი — რას აკეთებ? დაქალებს რომ ვუყურებდი, რომლებიც სვამდნენ, მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ. მაგალითად, ერთი ტრანსი გოგო 1 თვე სვამდა და გონებას კარგავდა ხოლმე, ცუდად იყო და კიდევ 1 თვე რეაბილიტაციას მოახმარა, თუმცა ჩემი აზრით, ის თუ საკუთარ თავს რას აჯერებ, ბევრს ნიშნავს. თავიდან ძალიან ვღელავდი და მეშინოდა", — გვიყვება ლიკა.

თავიდან, როდესაც ლიკამ ამ პრეპარატის გამოყენება დაიწყო, უფრო მგრძნობიარე გახდა. ამბობს, რომ ნერვები ხშირად ეშლებოდა, თუმცა თანდათან ამის კონტროლი ისწავლა და ახლა მხოლოდ იმის შიში აქვს, ფარულად არ მიდიოდეს რაიმე პროცესი მის სხეულში, რასაც ზედაპირულად ვერ ამჩნევს.

"საქმეს ის მიადვილებს, რომ არ ვსვამ, არ ვეწევი, ზოგადად, არანაირ ალკოჰოლს არ ვეკარები, ლუდსაც კი არ ვსვამ. ეს მიადვილებს მდგომარეობას, თორემ მე მყავს ძალიან ბევრი ტრანსი დაქალი, რომელიც ჩემნაირად გადის თვითმკურნალობას, რომლებიც ეწევიან, სვამენ და ამ დროს ეს პრეპარატი ცუდად მოქმედებს, ზუსტად მაშინ იწყებს ღვიძლის შლას, ნერვებზე მოქმედებას და სხვა გამოვლინებებს. მე წელიწადზე მეტია ვიღებ, მაგრამ ეს ჩივილები არ მაქვს. მაღალი რისკია მკერდის კიბოსი, რადგან ეს ჰორმონი მკერდს საკმაოდ ზრდის. ვსაჭიროებ მკერდის რენტგენს, რადგან თავისუფლად შეიძლება რაიმე წანაზარდი არსებობდეს და არ ვიცოდე ამის შესახებ", — ამბობს ის.

როგორც ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა On.ge-ს უყვება, ჰორმონული თერაპიის თვითნებურად დანიშნული მედიკამენტებით განხორციელება რეკომენდებული არ არის და შეიძლება მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს.

"ეს არის, ზოგადად, ჰორმონალური მედიკამენტები, რომლის მიღებაც თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ყველა მედიკამენტს აქვს გამოყენების ჩვენება, დოზირება, შესაბამისად თუ პაციენტი არასწორი ჩვენებით გამოიყენებს, ამან შეიძლება ორგანიზმში არსებული ბიოქიმიური პროცესები შეცვალოს და ბევრი გართულება გამოიწვიოს, დაწყებული ღვიძლის პრობლემებით, გულის პრობლემები, ონკოლოგიური ცვალებადობა, საკმაოდ ბევრი ცვალებადობა შეიძლება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ამ მედიკამენტების თვითნებურად მიღება, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე რეკომენდირებული არ არის. ეს ყველა მედიკამენტი არ მიეკუთვნება მარტივი მედიკამენტების ჯგუფს, მიეკუთვნება რთული მედიკამენტების ჯგუფს", — გვიყვება ენდოკრინოლოგი.

ექიმს არ აქვს სახელმძღვანელო ინსტრუმენტი კლინიკური გაიდლაინის ან პროტოკოლის სახით, როგორც არსებობს სხვა სამედიცინო პროცედურებზე

ქეთი ბახტაძე

პლასტიკური ქირურგია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც ტრანსსპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება აუცილებელია. როგორც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) იურისტი, ქეთი ბახტაძე განმარტავს, აქ პრობლემა ისაა, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შესაძლოა ხელოვნური ბარიერები იქმნებოდეს.

"პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით სერვისის მიწოდებისას, შესაძლოა, ხელოვნური ბარიერები არსებობდეს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რაზეც საუბრობენ ხოლმე ხშირად ის ტრანსი ქალები, რომლებსაც მიუმართავთ ამ ოპერაციის ჩატარებისთვის. მაგალითისთვის, თუკი დამატებით ბარიერს არ უქმნის ექიმი სისგენდერ ქალს, როდესაც ის მიმართავს ამ ოპერაციის ჩატარებისთვის, ტრანს ქალს შეიძლება მოსთხოვოს ცნობა ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზით, რომ ის ნამდვილად ტრანსი ადამიანია და ამ მიზნით იტარებს ოპერაციას", — აცხადებს იურისტი.

თემის კიდევ ერთ წევრს, ლანას სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია გაკეთებული აქვს და ამბობს, რომ პლასტიკური ქირურგის მიდგომა და პროფესიონალიზმი ამ პროცესისთვის უმნიშვნელოვაესია.

"პლასტიკური ქირურგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილის ექიმი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. ჩემთვის, მაგალითად, ყველაზე მთავარი ეს ოპერაცია იყო, ჩემი მიზანი ეს იყო და იმდენად ფართოა ის ჩამონათვალი, რის გამოც პლასტიკურ ქირურგებს მივმართავთ, რომ მნიშვნელოვანია ისინი გარკვეულნი იყვნენ ამ საკითხში", — ამბობს ის.

აქ იკვეთება ფინანსური პრობლემაც. იმის გამო, რომ პლასტიკური ქირურგია მნიშვნელოვან თანხებთანაა დაკავშირებული, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი, ვისაც ოპერაციის გაკეთების სურვილი აქვს, ექიმს უბრალოდ ვერ მიმართავს.

"თემის წევრების უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ თუნდაც ელემენტარული ჰორმონული თერაპია დაიწყოს. მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს ამის გამო ფსიქოლოგიური სტრესი, პრობლემები აქვთ და ნორმალურად ფუნქციონირებას ვერ ახერხებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს სახელმწიფომ, რომ ეს არაა პლასტიკური ოპერაცია, ესაა სასიცოცხლოდ საჭირო პროცედურა", — გვეუბნება ლანა.

ჩვენი რესპონდენტი, ლიკა სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ იკეთებს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას, თუმცა ამბობს, რომ როდესაც ფინანსურად ფეხზე მყარად დადგება, ამას აუცილებლად გააკეთებს.

მე მინდა, რომ ჩვეულებრივი სისგენდერი გოგო გავხდე

ლიკა

"ვაპირებ, უდავოდ. არის ტრანსგენდერების გარკვეული ჯგუფი, ვისაც უნდა, რომ ტრანსად დარჩეს, მაგრამ მე არ მაქვს ეგ მომენტი. იმის თქმა მინდა, რომ ვსაჭიროებ ამ ოპერაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფინანსურად ისე მყარად არ ვდგავარ ფეხზე, რომ ჩავიტარო", — ამბობს ის.

საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს პრობლემა რამდენიმე მიმართულებით ექმნებათ, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს სამედიცინო სფეროში ტრანსსპეციფიკურ საკითხებში პროტოკოლისა და ეროვნული გაიდლაინის არარსებობა.

ქეთი ბახტაძე On.ge-ს უყვება, სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე გასავლელი ეტაპი, რომელიც პაციენტის მხრიდან ინფორმირებულ თანხმობას ნიშნავს, ბუნდოვნია, რადგან არ არსებობს ეროვნული გაიდლაინი, შესაბამისი პროტოკოლი, რათა ექიმმა პაციენტს განუმარტოს შესაძლო გართულებები, რისკები, რაც სამედიცინო პროცედურას შეიძლება მოჰყვეს, ეს კი დიდი პრობლემაა.

"ეს საკითხები ერთგვარად მინდობილია ექიმისა და პაციენტის შეთანხმებაზე, თანმდევი შედეგები, გართულებები სახელმწიფოს მიხედულობის მიღმა რჩება. ანუ ვერ ერევა სახელმწიფო ამ პროცედურების ხარისხის კონტროლში იმგვარად, რომ მოქალაქეს მიეცეს გასაჩივრების საშუალება შესაბამის ინსტანციაში, განსხვავებით სხვა პროცედურებისგან", — ამბობს იურისტი.

ამ მიმართულებით ხაზი უნდა გავუსვათ სამედიცინო მუშაკების დაბალ კომპეტენციას ტრანსსპეციფიკურ საკითხებში, რაც პირდაპირ კავშირშია სამედიცინო უნივერსიტეტებში გენდერული იდენტობის საკითხებზე ნაკლები ფოკუსთან.

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რამდენ წინაღობას აწყდებიან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოსა და მსოფლიოში თვითრეალიზაციისკენ მიმავალ გზაზე, ბევრია სასაუბრო მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობებზე, თუმცა ამის უკან ბევრი ისეთი დეტალია, რაც ზედაპირზე არ ჩანს და რაც ტრანს ადამიანებს ამ გზაზე სვლას ურთულებს. ჯანდაცვის სფეროს გამართული ფუნქციონირება და მათზე მორგებული სერვისები ტრანსგენდერი ადამიანების სასიცოცხლო საჭიროებაა