ძალადობის საფრთხე, თვითგამოხატვისა და ხილვადობის თითქმის შეუძლებლობა, დასაქმების პრობლემა, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობა, ნაკლები სოციალიზაცია, შიდა მიგრაცია — ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ლგბტქ ადამიანებს წინაშე დგას. On.ge დაინტერესდა, რით განსხვავდება ან განსხვავდება თუ არა თემის წევრების პრობლემები და გამოწვევები დედაქალაქში არსებულისგან. ამ მიზნით, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში მცხოვრებ ლგბტქ ადამიანებსა და აქტივისტებს დავუკავშირდით, რომლებმაც სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ცხოვრების სირთულეები გაგვიზიარეს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, უფლებადამცველი ორგანიზაციების ოფისების არარასებობის გამო, კომუნიკაცია გაგვიჭირდა, იქ მცხოვრები ლგბტქ ადამიანების ნაწილმა კი ინტერვიუზე უარი თქვა.

"ქალაქში როცა ცხოვრობ, საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ სოფელში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ძალიან რთულია იყო საკუთარი თავი. ყოველ დღე გიწევს სხვა ადამიანის როლი მოირგო იმისთვის, რომ რაღაც დისკომფორტი არ შეუქმნა არც საკუთარ თავს და არც სხვებს", — გვითხრა 24 წლის გეი ბიჭმა, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

გიორგი (სახელი შეცვლილია) სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდანაა, ახლა კი ზუგდიდში ცხოვრობს. იმის გაცნობიერება, რომ ბიჭები მოსწონს, 12 წლიდან დაიწყო, მაგრამ ამას სახელს ვერ არქმევდა. პირველი ქამინგაუთი 18 წლის ასაკში, მეგობართან ჰქონდა. შემდეგ სხვა მეგობრებსაც გაუმხილა და ბედნიერია, რომ მათთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებს. გიორგის ორიენტაციის შესახებ ოჯახიდან მხოლოდ დამ იცის, რომელსაც თავპირველად გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ მხარი დაუჭირა. სხვებისთვის თქმა არ სურს.

"თავიდან ჰქონდა რაღაც გაუცხოება, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მნიშვნელოვანია პიროვნება და არა მისი ორიენტაცია. ოჯახის სხვა წევრებმა არ იციან და ვფიქრობ, არც გავაკეთებ მათთან ქამინგაუთს, რადგან ეს უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე დადებითის", — ამბობს ის.

ზუგდიდშიც, მაგალითად, ძალიან ძნელია შენი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირო, ან ელემენტარულად საყურე გინდოდეს და ეგ გაიკეთო, იმიტომ რომ დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდები. მაგრამ თბილისი დიდი ქალაქია და ამ შემთხვევაში ყურადღებას არ იქცევ, შეჩვეულია თვალიც. აქ უფრო მეტად უჭირთ სიახლეების მიღება, ვიდრე დედაქალაქში

გიორგი.

"სამეგრელოში გეი ადამიანები არ არსებობენ — ამ დონეზე ვართ"

ცაბუნია ვართაგავა თანასწორობის მოძრაობის ზუგდიდის რესურსცენტრის კოორდინატორია. მისი დაკვირვებით, რეგიონში ლგბტქ თემს ნაკლები პირადი სივრცე აქვს, ვიდრე დიდ ქალაქში და აქედან მოდის მთავარი — თვითგამოხატვისა და ხილვადობის პრობლემა. ის დასაქმების კუთხითაც არსებულ გამოწვევებსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ზუგდიდში მომსახურების სფეროს ობიექტების სიმცირის გამო, თემის წევრები ხშირად თბილისში ან ბათუმში გადადიან საცხოვრებლად.

"კოვიდის დროს ვინც იქ სამსახური დაკარგა, აქეთ წამოვიდნენ და ისევ იმ სივრცეში აღმოჩნდნენ, რომელსაც გაექცნენ. რეგიონში ხილვადობის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, ერთი ადამიანიც არ არის ისეთი, ვინც საჯაროდ დაქამინგაუთებულია. სამეგრელოში გეი ადამიანები არ არსებობენ — ამ დონეზე ვართ. სექსუალურ ორიენტაციაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩაცმასაც აქცევენ ყურადღებას", — ამბობს ცაბუნია.

ცაბუნია ვართაგავა

ფოტო: Tsabunia Vartagava/Facebook

მისივე თქმით, რეგიონში ლგბტქ თემზე ძალადობის შემთხვევებიც ფიქსირდება, თუმცა ხშირად დაზარალებულებს საქმეში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და ჰომოფობიური ნიადაგის გამოკვეთაზე უარის თქმა უწევთ, რადგან დიდი შანსია ამან დამატებითი პრობლემა შეუქმნათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულ და მათ შორის, იურიდიულ მხარდაჭერას ვუცხადებდით. სამეგრელო "ყველა ყველას იცნობს" რეგიონია და ეს არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი. იმიტომ, რომ შეიძლება პოლიციაში, მაგალითად, მისი ნაცნობი დახვდეს. ამიტომ, ძალიან ხშირად იკავებენ ხოლმე თავს", — გვითხრა ცაბუნიამ.

მას ოკუპირებულ აფხაზეთში, სამეგრელოს მოსაზღვრე სოფლებში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზეც ვკითხეთ. ცაბუნიას თქმით, ყოფილა ერთეული შემთხვევები, როცა ადამიანები საოკუპაციო ხაზზე გადმოსულან და გარკვეული სერვისები მიუღიათ, მაგალითად, ჩაუტარებიათ აივ ტესტი ან აუღიათ კონდომი.

"აქ თუ შეუძლიათ თემის წევრებს ერთმანეთი მოძებნონ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილებები, აფხაზეთში ესეც ვერ ხდება. რთული ვითარებაა აივ ინფექციის გავრცელების კუთხითაც", — ამბობს ის.

"გვინდა, ადამიანებმა უფრო მეტად გაგვიგონ"

21 წლის ზურა ჯაბნიძე 4 წელია ბათუმში ცხოვრობს. მისი თქმით, საქართველოში ლგბტქ თემის ძირითადი პრობლემა მიუღებლობაა, რაც სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციაში ვლინდება. ზურა პატარა რაიონებსა და სოფლებში არსებულ რთულ გარემოზეც საუბრობს.

"როცა სოფელში ცხოვრობ, გიწევს აბსოლუტურად უარი თქვა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ზედმეტად ჰომოფობიურ გარემოში ხარ და თუ იქნები ცოტა ფემინური ან ჰეტერონორმატივებისგან განსხვავებული აზრი გექნება, შეიძლება უბრალოდ მუდმივი ბულინგის მსხვერპლი იყო და არ გყავდეს მეგობარი და არავინ, რადგან შენ განსხვავებული ხარ", — გვეუბნება ზურა, რომელიც თავადაც სოფელში გაიზარდა.

ზურა ჯაბნიძე

ფოტო: Zura Jabnidze/Facebook

ქვიარ თემი ხშირად უსახლკაროდ რჩება, როცა ოჯახი მათ მხარს არ უჭერს. სამსახურის პოვნა ჰომოფობიური მიდგომების გამოც რთულია და მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა პანდემიისას.

იდენტობის ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერის, მარიამ ქაჯაიას თქმით, ლგბტ ადამიანების ცხოვრება არც აჭარაშია ადვილი. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ მკაცრი გენდერული რწმენა-წარმოდგენებისა და ტრადიციების გამო, ოჯახები გენდერულად არაკონფორმული გამოხატვის მქონე წევრებს მუდმივად აკონტროლებენ და ზღუდავენ. ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად, ოჯახში ძალადობის საკითხიც მწვავედ დგას.

ყველაზე მეტად რასაც ვითხოვთ და გვინდა, ადამიანებმა უფრო მეტად გაგვიგონ და მიგვიღონ, როგორც ადამიანები და იფიქრონ ჩვენზე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებზე და არა როგორც უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილ არსებებზე,

— ზურა ჯაბნიძე.

"გვქონია შემთხვევები, როდესაც ოჯახი არანორმატიულ სექსუალობასთან დაკავშირებული ეჭვის ნიადაგზე ძალადობს ოჯახის წევრზე; გვქონია შემთხვევები, როდესაც პოლიციის ქმედება იყო არაეფექტური. ბევრ შემთხვევაში, თვითონ მსხვერპლები არჩევენ არ მიმართონ პოლიციას. მიზეზები სხვადასხვაგვარია და ძირითადად, რამდენიმე. ერთია ის, რომ რეგიონი პატარაა, ყველა ყველას იცნობს, როგორც აქ ხშირად ამბობენ ხოლმე", — ამბობს ის.

ქაჯაიას დაკვირვებით, ასევე, მაღალია მეორადი ვიქტიმიზაციის საფრთხეც. მისივე შეფასებით, ლგბტ ადამიანების მდგომარეობასა და მათ უფლებებზე აჭარაში პოლიციელების ინფორმირებულობის დონე კრიტიკას ვერ უძლებს.

"სამწლიანი მუშაობის შედეგადაც კი, პოლიციის რიგებიდან სენსიტიური კადრების გახსენება ძალიან გამიჭირდება. შემთხვევათა 99%-ში, როდესაც ბენეფიციარებს ვახლდი პოლიციაში ან მე თვითონ მიმიმართავს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის გამო, მუდმივად მიწევდა მეპასუხა კითხვებზე: რას ნიშნავს "ლუჭუპუტუ", "ელჭიპიტი" და ა.შ.", — აღნიშნავს მარიამი.

მარიამ ქაჯაია

ფოტო: Mariam Kajaia/Facebook

ის, ასევე, ამბობს, რომ მკაცრად გამიჯნული გენდერული წარმოდგენებისგან არც განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებია თავისუფალი.

"ჩვენი ბენეფიციარები ბათუმის შიდსის ცენტრის მიმართაც, რომლისთვისაც გეი და მსმ კაცები [მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან] ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას და სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც სანთლით უნდა ეძებოთ ექიმი, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში, სექსუალური პრაქტიკების შესახებ გამხელას შეძლებთ", — ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი.

იდენტობის ქუთაისის მუშაკი, ანანო სურმავა მთავარ პრობლემად რეგიონებში ძალიან ცოტა და დავიწროებულ სამუშაო სივრცეს ასახელებს. ამასთანავე, ის ამბობს, რომ ხშირად დასაქმებისა თუ განათლების მიუწვდომლობა გენდერული ან სექსუალური ნიშნით განპირობებული არ არის, რადგან ძირითადად, რეგიონში დასაქმება ჭირს.

ანანო სურმავა

ფოტო: Anano Surmava/Facebook

"ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით რთულია აქ დასაქმება ისეთი ლესბოსელი გოგოებისთვის, რომლებიც ნაკლებად ფემინურები არიან", — გვითხრა მან.

ანანო მეორე დიდ პრობლემად რეგიონში თემის წევრებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობას ასახელებს.

"როცა მიხვალ ექიმთან, ყველაფერს გულწრფელად ვერ გაუზიარებ, რადგან გეშინია, არ გაქვს მოლოდინი, რომ უსაფრთხო სივრცე დაგხვდება. მეორე პრობლემა არის ის, რომ ძალიან ძვირი ჯდება და შესაბამისად, არ აქვთ შესაძლებლობა, სამედიცინო საჭიროებები გადაიმოწმონ და ძალიან დაბალია მიმართვიანობა. საერთოდ არ მაქვს საუბარი ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც ადეკვატურ ჰორმონალურ თერაპიასაც ვერ იღებენ და ადამიანსაც ვერ პოულობენ, რომელიც კონსულტაციას გაუწევს. არ გვყავს ქუთაისში მსგავსი ექიმი", — ამბობს ანანო.

ის თემის კიდევ ერთი გამოწვევაზე — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მთელი წნეხი, რომელიც ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან მოდის, ამ ადამიანებზე ძალიან ცუდად აისახება.

"აქვთ უარყოფის განცდა, თავს არასასურველად გრძნობენ და მოტივაცია თავიდანვე გამქრალი აქვთ. შესაბამისად, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ამას ემატება სოციალიზაციის სივრცის არარსებობა, რადგან რეგიონში ნაკლები გასართობი სივრცეა", — აღნიშნავს ის.

ანანოს თქმით, მართალია, ლგბტქ ადამიანები ქუთაისიდან სხვა ქალაქებში დასაქმებისა და სწავლისთვისაც მიდიან, თუმცა მთავარი მიზეზი ოჯახური ძალადობა და ოჯახისგან თავის დაღწევის სურვილია.

სოფიო ბასილაძე

ფოტო: Sophie Basiladze/Facebook

იდენტობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, სოფიო ბასილაძის თქმით, ქუთაისში არსებული კიდევ უფრო მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო, ადამიანები საცხოვრებლად თბილისში გადადიან, სადაც დასაქმების მეტი შანსია, ან სეზონურ სამუშაოებზე ბათუმში მიემგზავრებიან.

"სახარბიელო მდგომარეობა იქაც არ არის, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლა იქ უფრო ესახებათ, ვიდრე ქუთაისში", — ამბობს სოფიო.

რა უნდა გაკეთდეს?

ადამიანზე მორგებულ სახელმწიფო პოლიტიკაში ხედავს გამოსავალს თანასწორობის მოძრაობის ზუგდიდის წარმომადგენელი.

"შეიძლება შაბლონურად ჟღერს, მაგრამ სამართალდამცავი სისტემა უნდა გახდეს უფრო ლოიალური. როცა შიგნიდან უყურებ, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი", — აღნიშნავს ცაბუნია ვართაგავა.

ლგბტ ადამიანების მოსმენა, მათი მძიმე ყოფის გაცნობიერება წამოუდგენია პირველ ნაბიჯად იდენტობის ბათუმის წარმომადგენელს.

"ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობები სჭირდება რეგიონებს, ამ სისტემებში ლგბტ ადამიანებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად კი პირველი ნაბიჯი მათი მოსმენა, მათი მძიმე ყოფის გაცნობიერება უნდა იყოს", — ამბობს მარიამ ქაჯაია.

ანანო სურმავას თქმით, საზოგადოება ვერ გაიზრდება, თუკი სახელმწიფო არ ზრუნავს მათი ცნობიერების ამაღლებაზე.

"დღემდე ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს არცერთ სფეროში, იქნება ეს პოლიცია, სახელმწიფო უწყებები თუ სამედიცინო სფერო.[...] დასჯაზე ორიენტირება კიდევ უფრო აბრაზებს ადამიანს და შენ მიმართ სოლიდარულსა და ემპათიურს ვერ ხდის. ანუ, ვერ გრძნობს, თუ რატომ არ უნდა მოგექცეს შენ ცუდად და ეს მცდარი პოლიტიკის შედეგია", — ამბობს ის.

2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

"პანდემიის ფონზე, ლგბტ+ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების გართულების მიუხედავად, მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა", — ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია.